კორტნულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორტნულა, სეურაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

თავდაპირველად გავრცელებული იყო მდინარე სეურას ნაპირებთან (თერჯოლის მუნიციპალიტეტი), საიდანაც მიღებული აქვს სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან კვერცხისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალო, ძლიერ დანაკვთული ან იშვიათად სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან პატარა ზომისაა, მუქი წითელი. კანი საშუალო სისქის აქვს, მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — მომჟავო-მოტკბო.

კორტნულა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 162 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 120-130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი დაახლოებით 7.5-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-7.3 გ/ლ-ს.

კორტნულას ყურძნისგან მზადდება ევროპული ტიპის სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 196