ჩერგვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩერგვალიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ვაზის სახელწოდება „თეთრ მრგვალს“ ნიშნავს.

ჩერგვალი სხვა ადგილობრივ ჯიშებთან ერთად მაღლარების სახით იყო გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა სოფლებში (ფოცხო, უშაფათი, თამაკონი, სალხინო, წალენჯიხა). მოსახლეობა ძირითადად სასუფრე ყურძნად იყენებდა და ზოგჯერ ღვინოსაც ამზადებდა. ამჟამად ერთეული ძირებია შემორჩენილი აღნიშნულ სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. ფრთა თითქმის მტევნის სიგრძის ნახევარზე მეტია. მარცვალი საკმაოდ მსხვილია, მომრგვალო და ღია მწვანე. კანი სქელი და მვვრივი აქვს ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანია ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი.

ჩერგვალი საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 198 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.8-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.1 გ/ლ-ს.

ჩერგვალი ხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. მისთვის დამახასიათებელია ლამაზი აღნაგობის მტევნები და მსხვილი, ხორციანი, ლამაზი შეფერილობის მარცვლები. ვაზზე დატოვებული ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს. დაკრეფილი კარგად ინახება და ადვილად უძლებს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 424