კუმსი შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუმსი შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი კუმსი მტევნების გამო.

კუმსი შავი ძველად ფართოდ იყო გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური ფორმისკენ ოდნავ გადახრილი, ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია. იგი შედგება საშუალო სისქის აბლაბუდისებრი და სქელი ჯაგრისებრი შებუსვისგან. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ან პატარა ზომისაა. მტევნის ფორმა ძალიან იცვლება, ხშირად მოკლე კონუსურია, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ძალზე იშვიათად კი ცილინდრული ფორმის. კუმსია ან ძლიერ კუმსი, რის გამოც ზოგჯერ მარცვლები ფორმას კარგავს. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, გემო სასიამოვნო და ჰარმონიული, წვენი ღია ვარდისფერია.

კუმსი შავი საშუალოზე მცირე ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 138-146 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 165 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

კუმსი შავი გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. აქვს სუსტი შეფერვა, მცირე სხეული, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატი და სასიამოვნო, ჰარმონიული გემო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 204