კურკენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კურკენა, კურკიანიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს მარცვალში წიპწების (კურკების) სიმრავლის გამო. მისი გავრცელების მცირე არეალი კახეთის რეგიონით შემოიფარგლება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია. აბლაბუდის ქვეშ მოფენილია ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომის და კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, იშვიათად ვხვდებით დატოტვილ, განიერ კონუსისებრ მტევნებსაც. მტევანი ძირითადად საშუალო სიმკვრივისაა, გვხვდება მეჩხერიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, მომწვანო-მოყვითალო, ოდნავ მონაცრისფრო იერით. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანი და წყალწყალაა, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. მარცვალში 3-დან 6-მდე წიპწაა.

კურკენა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 137-დან 164 დღემდე მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 120-250 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა დაახლოებით 6.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, მჟავიანობა — 7.3-8.0 გ/ლ-ს.

კურკენას ყურძენი ძირითადად სუფრის ღვინოს იძლევა. ახასიათებს საშუალო სხეული, დაბალი ალკოპოლურობა, საკმაოდ განვითარებული ჯიშური არომატი და ხალისიანი სიმჟავე. გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 201-202
  • ვაზის ჯიშები // „ჩვენი სოფელი“ : გაზეთი, თბილისი, სექტემბერი, 2021, № 66, გვ. 9.