ვანის ჩხავერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვანის ჩხავერი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ეს ჯიში უძველესი დროიდან ყოფილა მაღლარების სახით გავრცელებული, მაგრამ ფილო-ქსერას გავრცელების შემდეგ ნელ-ნელა გადაშენდა. მხოლოდ ერთეული ძირები შემორჩა ვანის მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის მომრგვალო, სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ცილინდრული ან კონუსური ფორმის, გვხვდება ფრთიანიც. საშუალო სიკუმსის ან თხელია. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო, მუქი-ვარდისფერი, მოშავო ელფერით. თხელკანიანია. რბილობი წვნიანია, წვენი ოდნავაა შეფერილი. გამოირჩევა ტკბილი გემოთი და საგრძნობი ჯიშური არომატით.

ვანის ჩხავერი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 170 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.3 გ/ლ-ს.

მიიღება საკმაოდ კარგი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოები. გამოიყენება სასუფრე ყურძნად. ყურძენი გამოირჩევა შენახვის კარგი უნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 122