მცვივანი პატალანთეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მცვივანი.

მცვივანი პატალანთეულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

აღმოჩენილია ერთადერთი ძირი 1939 წელს ვაზისუბნის საკოლექციო ვენახში. პატალანთეულის (პატელაანთეულის) ნაკვეთზე. ამჟამად გამრავლებულია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელი აბლაბუდისებურია, რასაც ერთვის საშუალო სიხშირის ჯაგრისებური შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანია, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მორუხო-მოყვითალო ელფერის, სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, რბილობი — წვნიანი და წყალწყალა. სიმწიფისას ვაზს შერხევის დროსაც კი სცვივა მარცვლები.

მცვივანი პატალანთეული საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა საშუალოდ 160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო. გამოიყენება საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 260-261