ჭვიტილური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭვიტილური, ჭვიტილოური, ჭყვიტილურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

წარსულში ჭვიტილური მასობრივად ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა რაიონებში: წალენჯიხაში, კორცხელში, ნაკიფუში, ჩხოროწყუში, საჩინოში, ფოცხოში, უშაფათში. მუხურში, მარტვილში, კიწიაში, თამაკონში, სალხინოში და სხვაგან. ჭვიტილური მაღლარად უხვ მოსავალს იძლეოდა, შესანიშნავად იტანდა ტრანსპორტირებას და მთელ დასავლეთ საქართველოში განთქმულ ღვინოს იძლეოდა. ამჟამად მცირე რაოდენობითაა აღდგენილი აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში და საკოლექციო ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი მონაცრისფრო ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ახასიათებს მხარიც, რომელიც მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, საკმაოდ კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო ქარვისფერ-საკმაოდ სქელი და მკვრივკანიანი, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჭვიტილური საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 205 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 90-132 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-21.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.9 გ/ლ-ს.

ჭვიტილური მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო ხასიათდება გამჭვირვალე შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობით და საუკეთესო გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 494