ჩიტისთვალა თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიტისთვალა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად ოვალური, მაგრამ ოდნავ განიერი, ვიდრე მთლად ოვალური, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი. მხრების სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, უფრო იშვიათად კონუსური ფორმის მტევნებიც გვხვდება, საშუალო სიკუმსის ან კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალოზე მცირეა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი და გამჭვირვალეა. უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მარცვალს მორუხო ფერს აძლევს. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ადვილად არ დნება, არც წიპწები ეცლება ადვილად. წვენი ტკბილია, გემო ნაზი აქვს, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშურ-არომატით.

ჩიტისთვალა თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 129 დღიდან 157 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 120-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.3-22.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-8 გ/ლ-ს.

ძირითადად გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ღია ჩალისფერია, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ნაზი, ჰარმონიული გემოთი. მოსავლის აღების შესაბამისად, შეიძლება დამზადდეს ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინო. მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა კახური წესით დაყენების დროს, რომელიც ევროპულზე უფრო მეტი სხეულითა და არომატულობით ხასიათდება. უახლოვდება იყალთო-რუისპირის კახური ტიპის ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 434