საფენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფენა, დედალი ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

საფენა ძალიან წააგავს კახურ მწვანეს. სწორედ ამ მსგავსების გამო საუკუნის ბოლოს კახურ მწვანეს ზოგი „მჭკნარას“ ეძახდა, ზოგიც „საფენას“. სინამდვილეში საფენა კახური მწვანესგან საგრძნობლად განსხვავდება და მისგან დამოუკიდებელი ჯიშია.

საფენა ფართოდ ყოფილა გავრცელებული ალაზნის მარცხენა მხარის სოფლებში: ფშაველში, ართანაში, სანიორეში, ნაფარეულში, ენისელში, შილდაში და სხვაგან. ამჟამად ერთეული ძირების სახითაა სხვა ჯიშის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო აბლაბუდისებრია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის, განივკონუსური, დატოტვილი, ზოგჯერ მხრიანი. მხრის სიგრძე მტევნის ნახევრამდე აღწევს. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ მეჩხერიც. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად ასიმეტრიული. ყვიიიელია და მოვარდისფრო იერი დაპკრავს. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. ჯიშისთვის დამახასიათებელია წვრილმარცვლიანობა.

საფენა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 133-დან 158 დღემდეა. მტევნის წონა 80-დან 400 გრამამდეა. საჰექტარო მოსავლიანობა ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.3-22.7%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.7-7 გ/ლ-ს.

საფენასგან იშვიათად ამზადებენ ჯიშურ ღვინოს. მისი ღვინო არის რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. ძირითადად გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურთან და რქაწითელთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 333