ახარდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახარდანი (აფხ. Аҳардан [აჰარდან] — „სამეფო“), ხარდანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელო-აფხაზეთიდან.

საკმაოდ ჰგავს იმერულ ჯიშს სამჭაჭას, რის გამოც ზოგიერთ სოფელში მას „სამჭაჭას“ ეძახიან. აფხაზეთში კი ეს ჯიში სამეგრელოდანაა შეტანილი და „ახარდანის“ სახელითაა ცნობილი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო სიდიდისაა, კონუსური ან ცილინდრული, ფრთიანი, კუმსი ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი შეფერილობის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული, სასიამოვნო გემოთი.

ახარდანი ძლიერი ზრდა-განვითარებისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დრეა. მტევნის საშუალო წონა 150-160 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 8.0-9.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მიიღება საშუალოდ ექსრაქტული, კარგი ფერის, სასიამოვნო გემოს სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 59-60

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]