კუმსი თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუმსი თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს ჯიშისთვის დამახასიათებელი კუმსი მტევნების მიხედვით. კუმსი თეთრი უძველესი დროიდან კახეთის რეგიონში იყო გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, ხუთ, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეზე მთავარი ძარღვები შებუსულია თხელ აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად დატოტვილი. კუმსია ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, ღია-მოყვითალო ფერის, კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, დაფარულია ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვენი უფერულია და ტკბილი.

კუმსი თეთრი საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 156 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 85-დან 220 გრამამდე მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-დან 7.0 ტონამდეა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის ღვინო, რომელიც ღია ჩალისფერია, ხასიათდება მცირე ალკოპოლითა და სხეულით, აქვს სასიამოვნო გემო და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 201-202