ჩეჭიფეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეჭიფეშიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ჩეჭიფეში ნიშნავს „თეთრი წვრილისა“ (მეორე ვერსიით „თეთრი მწიფე“).

მაღლარების სახით ჩეჭიფეში ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოს სოფლებში. ადგილობრივი მოსახლეობა მას ყურძნადაც მიირთმევდა და ღვინოსაც ამზადებდა. ჩეჭიფეშის ღვინო ხასიათდებოდა ალკოჰოლის საკმაო შემცველობით და ჰარმონიულობით, მაგრამ მას სხვა საგვიანო ჯიშების რთველის დროს მაჭრობის პერიოდშივე მოიხმარდნენ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული მონაცრისფრო შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ან საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი საშუალოზე მცირე ზომისაა, ოვალური და ღია-ქარვისფერი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჩეჭიფეში საშუალო ზრდისა და საშუალოზე დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 181 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. სამეგრელოში გავრცელებული ვაზის ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ჩეჭიფეში თითქმის ერთი თვით ადრე მწიფდება. მტევნის წონა 75-105 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.5-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად. ღვინოს ახასიათებს ალკოჰოლის საკმაო შემცველობა და ჰარმონიულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 427