შავი ამლახუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამლახუ.

შავი ამლახუ (აფხ. Амлахә[1] [ამლახჿ]), იგივე ამლახუჟ (აფხ. Амлахәжь [ამლახჿჟ] — „ამილახვრის ყურძენი“), აჩკიკ, აჩკირკქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული საბუთების მიხედვით ამლახუს ვაზის ჯიში აფხაზეთში შემოტანილი იყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. ამ ვაზის ნარგავები პირველად გაშენდა ახლანდელ სოფელ აკვასქემწაში, სადაც ის იძლეოდა მოტკბილო შუშხუნა (ცქრიალა) სუფრის ღვინოს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ვაზი გადატანილი ზღვისპირა რაიონებში, არ იძლეოდა შესაფერი ხარისხის ღვინოს. ამიტომ მისი გავრცელების არე ისაზღვრებოდა ზემოაღნიშნული სოფლითა და მის დასავლეთით მდებარე ზეგნებით.

ცნობილი ნატურალისტი ჩერნიავსკი, რომელმაც პირველად მოგვცა აფხაზური ვაზის ჯიშების დახასიათება წარსული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, არ აღნიშნავს „ამლახუს“ არსებობას სოხუმისა და სხვა რაიონებში, გუდაუთის რაიონის ზემოხსენებულ ადგილებს გარდა. მის შემდეგ (80-იან წლებში) მაჭავარიანის ცნობებიცა და აგრონომ ტიმოფეევის ცნობაც სრულიად ემთხვევა ჩერნიავსკის ცნობას.

ამ ჯიშის პირველი ამპელიგრაფიული აღწერა, სამეურნეო დახასიათებით მოგვცა 1928 წელს ფ. კვარაცხელიამ, რომელმაც აღმოაჩინა „ამლახუს“ ვაზის რამდენიმე ეგზემპლარი გუდაუთის რაიონის რამდენიმე სოფელში.

ნამდვილ „ამლახუს“ ჯიშის ვაზის დასადგენად მეცნიერებმა მიმართეს ისტორიულ წყაროებს, რითად დადგინდა მისი გენეზისი. ვაზის წარმოშობის წყაროები მიგვითითებენ „ამლახუს“ ამლახუს გავრცელების პირველ ადგილზე, სახელდობრ სოფელ აკვასკემწაზე. აქ სოფლის ტყეში აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ძირი, თითქმის გადაშენების პირას მყოფი ვაზი. სწორედ ანიშნული ვაზის ჯიში გახდა ამლახუს ხელეხალია ღდგენის წყარო.

სხვა ვერსიით ჯიშის სახელწოდება ქართულად „მშიერის კერძს“ ნიშნავს. შესაძლებელია ვაზის ასეთი სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ ადგილობრივები ამლახუს დიდი და ტკბილი მტევნით ხშირად იკლავდნენ შიმშილს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. იშვიათად გვხვდება დაუნაკვთავი ან ხუთნაკვეთიანი ფოთლები. ზოგჯერ ამონაკვთები სულ არ აქვს გამოსახული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი თხელი და საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვევილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, ვიწრო კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიმკუსის ან კუმსი. ზოგჯერ ახასიათებს ფრთა, რომლის სიგრძეც მტევნის სიგრძის ერთ მესამედს აღწევს. მტევანში ხშირად გვხვდება პატარა ზომის დაუსრულებელი მარცვლები. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ან ოდნავ მოგრძო ფორმის. მარცვლების შეფერვა ჭრელი და არათანაბარია, ერთსა და იმავე მტევანში გვხვდება როგორც ღია ვარდისფერი, ისე მუქი ვარდისფერი. განუვითარებელი მარცვლები მწვანეა. დამწიფების შემდეგ ჭარბობს მუქი ვარდისფერი. მარცვლის კანი თხელი და მკვრივია. რბილობი საკმაოდ ხორციანია, კნატუნა და ნაკლებ წვნიანია სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო გემოთი და სუსტად გამოხატული არომატით.

ამლახუ ძლიერი ზრდით ხასიათდება. სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი 180-200 დღეა. მტევნის წონა 150-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 10.0-20.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.6-9.8 გ/ლ-ს.

ამლახუს ღვინო მაღალხარისხიანი, მოოქროსფერო-ვარდისფერი, ცქრიალა, ენერგიული, არომატული და სრულია. ამ ჯიშისაგან დამზადებული ღვინო კავკასიის ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოდ ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 32
  • იობიძე ა., „ამლახუ“ // გაზ. საბჭოთა აფხაზეთი, №170 (2855), 28 აგვისტო, 1947

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015