აჟკვაკვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჟკვაკვა, აჟშკვაკვა (აფხ. Ажьшкәакәа[1] — „თეთრი ყურძენი“) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მრგვალი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა. კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი, ზოგჯერ მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზის მხარეს ყავისფერი ლაქებით დაფარული. სქელი კანი ადვილად შორდება რბილობს. ცვილისებრი ფიფქით ზომიერადაა დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, სასიამოვნო გემოთი.

აჟკვაკვა ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 200-220 დღე გრძელდება, ხოლო სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 15.0-20.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 11.4 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 41

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015