ყვითელი ჩინური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ყვითელი ჩინური, ჩინური ყვითელმარცვალაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჩინურის ერთ-ერთი ვარიაციაა.

შერეული სახით არის წედისის მევენახეობის ზონაში. ჩინურისგან ძირითადად განსხვავდება უფრო ძლიერი ზრდით, მსხვილი, ბარაქიანი მტევნებით და მომსხო, მოყვითალო ლამაზი ხორციანი მარცვლებით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე, ძარღვების გასწვრივ, დაფარულია მოკლე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური, ყვითელი. ქარვისფერი ელფერით. წვრილი მუქი წითელი წინწკლებით. რბილობი ხორციანი და კნატუნაა.

ყვითელი ჩინური სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

გარეგნობითა და გემური თვისებებით ყვითელი ჩინური ხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშს მიეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 403-404