ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია

ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია — გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში შემავალი ტერიტორია, რომელიც ინდოეთის ოკეანეშია განლაგებული აფრიკასა და ინდონეზიას შორის. ტერიტორია ჩაგოსის არქიპელაგის შვიდი ატოლისგან შედგება და 1000 კუნძულამდე მოიცავს, რომელთაგან ბევრი ძალიან პატარაა. ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს 60 კმ²-ს[1], მათ შორის უდიდესია ატოლი დიეგო-გარსია ფართობით 27 კმ², სადაც განლაგებულია გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ერთობლივი სამხედრო ობიექტი.[2]
ტერიტორიაზე ერთადერთი მაცხოვრებლები არიან ბრიტანელი და ამერიკელი სამხედროები, ასევე მათთან დაკავშირებული კონტრაქტორები, რომელთა საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 3000 ადამიანს (2018 წ.)[1] არქიპელაგიდან ჩაგოსელების იძულებითი გასახლება განხორციელდა 1968-1973 წლების პერიოდში. ჩაგოსელები, რომელთა რაოდენობა მაშინ დაახლოებით 2000 ადამიანს შეადგენდა, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ გადაასახლა მავრიკიზე და სეიშელის კუნძულებზე, ასევე დიეგო-გარსიის სამხედრო ბაზიდან დაშორებულ კუნძულებზეც კი. დღეისათვის ჩაგოსელები კვლავ ცდილობენ თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნებას, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა მათ ამაზე უარი, მიუხედავად მრავალრიცხოვანი უფლებადამცველი ორგანიზაციების მოწოდებებისა.[3][4] არქიპელაგი ჩაკეტილია ჩაგოსელებისთვის, ტურისტებისათვის და მასმედიისთვის.
1980-იანი წლებიდან მავრიკის ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს კონტროლი ჩაგოსის არქიპელაგზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ 1965 წელს გამოყო მაშინდელი მავრიკის კოლონიის ტერიტორიიდან. 2019 წლის თებერვლის საერთაშორისო სასამართლოს კონსულტატიურმა დასკვნამ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა არქიპელაგი გადაეცა მავრიკისათვის. ამის შემდეგ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ და საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალმა მიიღეს ანალოგიური გადაწყვეტილება. გაერთიანებული სამეფოსა და მავრიკის ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო 2022 წლის ნოემბერში და დამთავრდა 2024 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გაერთიანებული სამეფო მავრიკის დაუთმობს ტერიტორიას იძულებით გადასახლებული ადამიანების შესაძლო დაბრუნებისთვის, მაგრამ ამასთან ერთად ატოლ დიეგო გარსიაზე შეინარჩუნებს აშშ-სთან ერთად არსებულ ერთობლვ სამხედრო ბაზას.[5] მაგრამ ახლახანს არჩეულმა მავრიკის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნავინჩანდრა რამგულამიმ უარყო წარმოდგენილი შეთანხმება და 2024 წლის დეკემბერში ითხოვა მოლაპარაკებების განახლება.[6]
გაერთიანებულ სამეფოსა და მავრიკის შორის არქიპელაგის გადაცემაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის 22 მაისს იმ პირობით, რომ ატოლი დიეგო-გარსია იჯარით გადაეცემა გაერთიანებულ სამეფოს როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში.[7]
ამ შეთანხმების პირობების საფუძველზე მავრიკის სუვერენიტეტი ვრცელდება არქიპელაგ ჩაგოსის მთელ ტერიტორიაზე ატოლ დიეგო-გარსიის ჩათვლით. ატოლ დიეგო-გარსიაზე გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა ადმინისტრაციული უფლებები, ატოლის გარშემო 12 მილიანი ზონის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია საკუთარი სამხედრო ბაზების შესანახად ატოლზე როგორც მინიმუმ 99 წლის განმავლობაში. გაერთიანებულ სამეფო პასუხს აგებს ატოლის თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე. გაერთიანებული სამეფო ფლობს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო იურისდიქციას ატოლზე არსებულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. მავრიკი ფლობს იურისდიქციას საკუთარი მოქალაქეებისა და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი სამხედრო ბაზებთან. გაერთიანებულ სამეფოს არა აქვს უფლება ატოლზე გამოუშვას მონეტები ან საფოსტო მარკები, ასევე დაარეგისტრიროს ბავშვების დაბადება, სამხედრო ბაზებთან კავშირის არმქონე პიროვნებების გარდაცვალება ან ქორწინება. არქიპელაგის ბუნებრივი და საზღვაო რესურსები ეკუთვნის მავრიკის, რომელიც ასევე ფლობს პასუხისმგებლობას გარემო პირობების შენარჩუნებაში და მართვაში. 1966–1973 წლებში გადასახლებულ ჩაგოსელებს და მათ შთამომავლებს არა აქვთ უფლება დაბრუნდნენ დიეგო-გარსიის ატოლზე.[8]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტერიტორია წარმოადგენს 58 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგს, რომლის ფართობია 56 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია დიეგო-გარსია, რომლის ფართობი შეადგენს 32,5 კმ²-ს, რაც შეადგენს ტერიტორიის მთლიანი ფართობის დაახლოებით ნახევარს. დანარჩენი კუნძულები საგრძნობლად პატარებია, ხოლო სიდიდით მეორე კუნძული — 3,1 კმ²-ზე ოდნავ მეტია.[9] რელიეფი სწორი და დაბალია, საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 1,33 მეტრია.[10] 2010 წელს კუნძულების ირგვლივ არსებული ოკეანის 545 000 კმ² ტერიტორია გამოცხადდა საზღვაო ნაკრძალად.[11]
2004 წლის ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიის ბრძანებულებაში იგი განისაზღვრება, როგორც ტერიტორია რომელიც მოიცავს შემდეგ კუნძულებს და კუნძულების ჯგუფებს:
- დიეგო გარსია
- სამი ძმის კუნძულები
- ეგმონტის კუნძულები
- ნელსონის კუნძული
- ატოლი პეროს ბანიოსი
- არწივის კუნძულები
- სალომონის კუნძულები
- დანგერის კუნძული
ეს კუნძულები და მასთან დაკავშირებული მარჯნის რიფები მდებარეობენ 4°44 და 7°41 სამხრეთ განედსა და 70°47 და 72°47 აღმოსავლეთ გრძედს შორის.[12]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- The Chagos Conservation Trust - A non-political charity whose aims are to promote conservation, scientific and historical research, and to advance education concerning the archipelago.
- Diego Garcia Online: Information for the Diego Garcia, BIOT population. დაარქივებული 2019-07-14 საიტზე Wayback Machine.
- UK Foreign Office- profile
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 British Indian Ocean Territory. World Factbook. Central Intelligence Agency (27 March 2013). ციტირების თარიღი: 16 June 2020
- ↑ Chirayu Thakkar. (12 July 2021) Overcoming the Diego Garcia stalemate.
- ↑ Mauritius profile. BBC News (2011). ციტირების თარიღი: 4 April 2012
- ↑ Historical background – what happened to the Chagos Archipelago?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 4 April 2012
- ↑ UK-Mauritius deal to protect national security – safeguarding the operation of strategic military base (3 October 2024). ციტირების თარიღი: 3 October 2024
- ↑ Blow for Starmer as Mauritius PM rejects Chagos deal and demands talks reopen. The Independent (17 December 2024).
- ↑ UK signs deal to hand Chagos Islands to Mauritius. ციტირების თარიღი: 22 May 2025
- ↑ https://www.gov.uk/government/publications/ukmauritius-agreement-concerning-the-chagos-archipelago-including-diego-garcia-cs-mauritius-no12025
- ↑ Dennis Hardy (August 2023). „Chagos and the British Indian Ocean Territory: A Colonial Anachronism in the Post-Colonial Era“ (PDF). Seychelles Research Journal. 5 (2).
- ↑ Peter H. Sand (2018). „The British Indian Ocean Territory: International Legal Black Hole?“ (PDF). QIL, Zoom-out. 55: 35–59.
- ↑ „UK sets up Chagos Islands marine reserve“. BBC News. 1 April 2010. ციტირების თარიღი: 25 November 2011.
- ↑ C. R. Grainger (October 1985). „A Retrospective Estimate of Some Vital Statistics for British Indian Ocean Territory 1965–1973“. Journal of the Royal Society of Health. 105 (5): 178–180. doi:10.1177/146642408510500508. PMID 3934379.
|
- სტატიების ესკიზები ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორიის შესახებ
- ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია
- ჩაგოსი
- დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები
- დამოკიდებული ტერიტორიები აზიაში
- სადავო კუნძულები
- აზიის სადავო ტერიტორიები
- გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიალური დავები
- 1965 წელს დაარსებული ქვეყნები და ტერიტორიები
- ინგლისურენოვანი ქვეყნები
- აზიის ქვეყნები