შინაარსზე გადასვლა

ბუდიზმი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დჰარმაჩაკრა — ბუდიზმის სიმბოლო.

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი ან გაღვიძებულის კანონი) — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. წარმოიშვა ძველ ინდოეთის სუბკონტინენტზე, დაახ. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი ბუდისტია და ბუდიზმი ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება.[1][2] მიმდევართა რაოდენობით მეოთხეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამისა და ინდუიზმის შემდეგ.[3] ბუდიზმს შემოქმედი ღმერთის ცნება არ გააჩნია, ის არც მონოთეისტურია, არც პოლითეისტური და არც პანთეისტური. ბუდიზმის თანახმად, არსებობს მრავალი ღვთაებრივი არსება, მაგრამ არცერთი არ არის სამყაროს შემოქმედი ან მარადიული.[4][5]

ბუდა შაკიამუნის ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუდას ქანდაკება ჰონგ-კონგში.

სიდჰარტა გაუტამა ბუდას ბიოგრაფია თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა და მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ მისი მიმდევრების მიერ იქნა ჩაწერილი. მისი ცხოვრების ყველაზე ცნობილი ეპიზოდები თავმოყრილია კრებულში ჯატაკა, რომელიც პალიზეა შედგენილი (ერთ-ერთი უძველესი ინდური ენა) ძვ. წ. II საუკუნეში. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ ბიოგრაფიის ძირითადი შტრიხები ასეთია:

სიდჰარტა (რაც ნიშნავს: „მიზანს მიღწეული“) გაუტამა ძვ. წ. 558 წელს (სხვა ვერსიით 567 წ.) დაიბადა ქალაქ კაპილავასტუში, რომელიც ჰიმალაის მთის ძირში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთში მდებარეობს. მისი მამა შუდჰოდანა, გაუტამას საგვარეულოს შაკიების ცნობილი კლანის წარმომადგენელი იყო და მეფე-მეომრების უმაღლეს კასტას მიეკუთვნებოდა. ცნობილია მისი დედის სახელიც - მაიადევა („მაია“ სანსკრიტზე ნიშნავს წუთისოფელს, მოჩვენებით სამყაროს). სიდჰარტას შობიდან შვიდი დღის თავზე დედა გარდაიცვალა. ჩვილის გაზრდა დეიდამ, მაჰარპრაიაპატიმ, იკისრა. იგი მეფემ ცოლად შეირთო და მან დის, მაიას, ადგილი დაიკავა.

16 ან 19 წლის ასაკში სიდჰარტამ ორი ცოლი მოიყვანა გოპა და იაშოდჰარი, რომლისგანაც ეყოლა ვაჟიშვილი რაჰულა. გადმოცემის მიხედვით, ერთმა წინასწარმეტყველმა მეფე შუდჰოდანას ამცნო, რომ მისი ვაჟი ოთხ საგანს იხილავდა, რაც უფლისწულის ცხოვრებას სრულიად შეცვლიდა - ისიც მეფე გახდებოდა, ოღონდ არა ამ ქვეყნისა. ამის გამო მამამ ვაჟიშვილი გარესამყაროსაგან სრულ იზოლაციაში მოაქცია, ცდილობდა მემკვიდრეს არ ეხილა ცხოვრების სიმძიმე და ტრაგიზმი, არ დაენახა მათხოვრები, სნეულები, ხეიბრები და ბებრები, არ განეცადა ადამიანის სიკვდილით მოგვრილი ტკივილი. უფლისწული სასახლიდან გაუსვლელად, სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, მაგრამ მან მალევე იგრძნო ამგვარი ყოფის ამაოება.

29 წლის გაუტამამ მსახურთან ერთად სასახლის გალავანს გადააბიჯა. გარეთ მან ოთხი „სიახლე“ იხილა, რამაც შეძრა იგი და მისი ცხოვრება შეცვალა. „ოთხი წამიერი ხილვის“ ამბავში გადმოცემულია თუ, მამის მცდელობის მიუხედავად, დაეცვა შვილი გარესამყაროსაგან, როგორ შეიტყო სიდჰარტამ, რომ ადამიანთა ცხოვრება ტანჯვითაა აღსავსე. მან ნახა სიბერე (დაუძლურებული მოხუცი), ავადმყოფობა (დასნეულებული ადამიანი), სიკვდილი (მკვდარი სხეული) და ბოლოს სრული სიმშვიდე (მოხეტიალე თავგადაპარსული გლახაკი ბერისა). ნანახისა და განცდილის სიმძაფრემ გაუტამას საბოლოოდ გადააწყვეტინა განდგომისა და შინაგანი სრულყოფის გზაზე სიარული.

უფლისწულმა დატოვა სახლი და შეუდგა „დიად გზას“ ხსნის საძებნელად. პირველად იგი შეუერთდა ინდუისტ ასკეტ ბერებს, იმ იმედით, რომ სხეულის დათრგუნვა სიმშვიდეს მოუტანდა და ტანჯვას დააძლევინებდა. ექვსწლიანი უკიდურესად ასკეტური ცხოვრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ თავის მიზანს ვერ მიაღწია. გაუტამამ „ოქროს შუალედის“, ანუ „შუა გზის“ პრინციპი ჩამოაყალიბა. მან უარი თქვა როგორც სრულ ასკეტიზმზე, ასევე „მიშვებულ“ ცხოვრებაზე და ღრმა მედიტაციას მიეცა.

ერთხელ სიდჰარტა გაუტამა, რომელიც უკვე 35 წლისა იყო, მდინარე საიას ნაპირას, აშვატჰას (ლეღვის) ხის ძირას დაჯდა და დადო აღთქმა, რომ ადგილს არ მოიცვლიდა, სანამ განსხივოსნებას არ მიაღწევდა. ორმოცდამეცხრე დღეს ოთხი ჭეშმარიტება გამოეცხადა და ამის შემდეგ დაერქვა ბუდჰა, რაც: „გასხივოსნებულს“, „გამოღვიძებულს“ ნიშნავს, ხოლო ხეს, რომლის ქვეშაც ის იჯდა, ეწოდა ბოდჰი (სიბრძნის ხე). ბუდას პირველი ზრახვა იყო ხალხისათვის გაეცხადებინა ეს ჭეშმარიტებანი, როგორც ტანჯვისგან დახსნის გზა, მაგრამ სიკვდილის დემონი, მარა, შეუჩნდა მას და ოთხი თუ შვიდი კვირის განმავლობაში ცდილობდა აეძულებინა იგი (ბუდა), ამ მისიაზე უარი ეთქვა. ამის მიუხედავად ბუდამ დაძლია შიში, ცდუნება და თავისი მოძღვრების ქადაგებას შეუდგა.[6]

ბუდამ პირველი ქადაგება ბენარესის მახლობლად, ცხოველთა ბაღში წარმოთქვა. გადმოცემის თანახმად, მისი პირველი მსმენელები ხუთი ადამიანი და ორი ირემი იყვნენ. ქადაგება ასე დაიწყო: „ბჭენი ხსნისა დაე, გაცხადდეს ყველასათვის! ადამიანებო, განიხვენით ყურნი თქვენი და მისმინეთ მე: გზა ხსნისა ნაპოვნია! მე გმოძღვრავთ თქვენ და, თუ ჩემი სწავლის თანახმად იცხოვრებთ, მიიღებთ იმას, რისი გულისთვისაც კეთილშობილნი ჭაბუკნი ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხო ქვეყნებში გასანათლებლად. თქვენ იხილავთ ჭეშმარიტებას“. ამის შემდეგ, მომდევნო 45 წლის განმავლობაში, ბუდამ თითქმის მთელი ინდოეთი მოიარა, მრავალი მიმდევარი შეიძინა, დაარსა ბუდისტთა საკრებულოები და მამათა მონასტრები. ბუდა ღრმად მოხუცებული, 80 თუ 85 წლისა, გარდაიცვალა. ბუდას მოძღვრება მისმა მოწაფეებმა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთში გაავრცელეს.

ბუდიზმის გავრცელების რუკა.

ბუდას მისია მისმა მოწაფეებმა გააღრმავეს. ისინი, ძირითადად, აღმოსავლეთის ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, რის შედეგადაც ნეპალის, ტიბეტის, ვიეტნამის, ჩინეთის, კორეის, იაპონიის, შრი-ლანკის, მიანმარის, ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის დიდი ნაწილი ბუდას მოძღვრებას ეზიარა.

იმის გამო, რომ ბუდიზმში დოგმათა და წეს-განგებათა სისტემა არ არსებობს, ეს რელიგია მრავალ მიმდინარეობად და ტრადიციად დაიყო. ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ადგილობრივ (დამხვდურ) რელიგიებთან და კულტურებთან ბუდიზმის შემგუებლობას. აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ბუდიზმის შემდეგი ფორმები: ძენი (ჩინეთი), ჩანი (იაპონია), ამიტაბჰა (სამხრეთაღმოსავლეთი აზია), ვარაიანა (ტიბეტი, ბუტანი, ნეპალი, მონღოლეთი). ბუდიზმის ელემენტებმა სხვა რელიგიურ სისტემებშიც შეაღწიეს და მათ წიაღში ახალ ტრადიციებს დაუდეს სათავე, ესენია: ბიონი, შინტო, შინბესტუ, შიუგო და სხვ.

მთავარი იდეალის, ნირვანას შესახებ კამათის შედეგად ა.წ. III საუკუნეში ბუდისტები ორ ნაწილად გაიყვნენ და ორი მიმართულება წარმოიშვა:

  • მაჰაიანა, ანუ „ხსნის ფართო გზა“ - „დიდი ეტლი“ და
  • თერავადა, ანუ „ხსნის ვიწრო გზა“ - „პატარა ეტლი“.

პირველი მიმართულება უფრო ნეპალსა და ჩრდილოეთის ქვეყნებშია გავრცელებული, მეორე - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მეტი მიმდევარი მაჰაიანას ჰყავს (60%). ისინი თვლიან, რომ ნირვანაში შესვლა, პოტენციურად, ყველასთვისაა შესაძლებელი. მათ შორის არიან გასხივოსნებული ადამიანები - ბოდჰისატვები, რომლებიც ნებაყოფლობით გადადებენ ნირვანაში შესვლას, რათა სხვებს ტანჯვის შემსუბუქებაში, კარმის გაუმჯობესებასა და სამსარისაგან თავის დაღწევაში დაეხმარონ. თერავადას მიმდევრები ამბობენ, რომ ნირვანას მხოლოდ რჩეულები მიაღწევენ და ისინი მეტწილად ბერები არიან, რომლებიც მკაცრი ასკეტიზმით გამოირჩევიან.

ბუდიზმის ქადაგება ჩინეთში ადრიდანვე დაიწყო, მაგრამ ამ მისიამ წარმატებას VI საუკუნეში მიაღწია, როდესაც იქ ინდოელი ბერი ბოდჰიდრამა ჩავიდა. ბუდისტებს სწამთ, რომ ის ბუდას ინკარნაცია იყო. ახალ წელს, როდესაც იგი კედლის წინ მედიტაციის წესს ასრულებდა, მისი ფეხები გახმა და სული ნირვანაში შევიდა. ამ ქვეყანაში ბუდიზმის ის სახეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ძენის სახელითაა ცნობილი („ძენი“ მედიტაციას, ლოცვას ნიშნავს). მისი დამაარსებელია ჰუინენგი (673-713), რომლის მოძღვრება XII-XIII საუკუნეებში გადაამუშავეს იაპონელმა ბერებმა აიზიამ და დოგენმა. ასე შეიქმნა ჩანი, ანუ ჩინური ძენის იაპონური ვარიანტი. ძენ-ჩანისათვის დამახასიათებელია ხაზგასმა „საკუთარი ბუნების ხილვასა და შეცნობაზე“ და ჩინურ-იაპონურ ხალხურ რელიგიებთან სინთეზი. მთავარი კითხვა, რომელსაც ძენჩანის მიმდევრები საკუთარი თავის წინაშე სვამენ, ასეთია: „რა იყო შენი ჭეშმარიტი სახე, ვიდრე შენ დედა და მამა გაგაჩენდნენ?“.

გვიან შუა საუკუნეებში ბუდიზმის ყველაზე მძლავრი კერა ტიბეტში ჩამოყალიბდა. მოძღვარმა ტონგჯაჰიმ იქ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, ე.წ. ყვითელქუდიანთა სკოლა დააარსა, რომელიც მკაცრი დისციპლინით და ჰუმანური პრინციპების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მათ, ყვითელქუდიანებმა, შექმნეს თეოკრატიული სახელმწიფო, რომლის უმაღლესი ხელისუფალი დალაი ლამა გახდა. ამის გამო ტიბეტურ ბუდიზმს ლამაიზმს უწოდებენ. სიტყვა მონღოლურია და ნიშნავს: ოკეანის დარი მოძღვარი („დალაი“ - ოკეანე, „ლამა“ - მოძღვარი). ეს ტიტული, რომელიც ბუდისტთა პირველ მოძღვარსა და მსოფლიო ავტორიტეტს ნიშნავს, მონღოლთა მთავარმა ალთან ქანმა 1578 წელს დააწესა და ამ პატივით პირველად ტიბეტელი ლამა სონამ გიტსო მოიხსენია. ლამაიზმი XVII-XVIII საუკუნეებში რუსეთშიც, ძირითადად, ყალმუხებს, ბურიატებსა და ტუველებს შორის გავრცელდა.

არსებობს დალაი ლამას გამორჩევის რწმენა და წესი. ეს ადამიანები ბოდჰისატვები არიან და, ამავე დროს, მეორე პირველის რეინკარნაციას წარმოადგენს. მათი არსება ერთია, რომელიც წუთისოფელში სხვადასხვა ადამიანის (ნირმანაკაიას) სახით შემოდის. მათი საერთო სახელი არის „თანაგრძნობის ბოდჰისატვა“. გარდაცვლილი დალაი ლამას ინკარნაციის (ხელახალი განსხეულების) მოძიების, აღმოჩენისა და მოხმობის პროცესს ტიბეტურად ტულკუ ეწოდება. მას ბერების საგანგებო კომისია წარმართავს. დადიან ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია, ეძებენ ბავშვებს, რომლებსაც გამორჩეული ნიშნები აქვთ (მშობლების უჩვეულო სიზმარი, უჩვეულო უნარი, ცისარტყელა). ასეთ ბავშვებს ერთად შეკრებენ და რამდენიმე დავალებას მისცემენ, რათა გაარკვიონ, მათგან რომელია ხელახლა დაბადებული დალაი ლამა. მთავარი დავალება რამდენიმე რიტუალურ საგანს შორის გარდაცვლილი დალაი ლამას პირადი საგნის ამოცნობაა. ბავშვი, რომელიც ამ გამოცდას ჩააბარებს, ოფიციალურად და საზეიმოდ წინამავალი დალაი ლამას რეინკარნაციად გამოცხადდება. მას მონასტერში გადაიყვანენ და მის აღზრდა-განათლებას შეუდგებიან. სანამ ის სრულწლოვანი გახდება, სახელმწიფოს რეგენტი მართავს.

ამჟამინდელი დალაი ლამა, რომლის სახელია ტენზინ გიაცო, მე-14 ასეთი ლამაა. 1959 წელს, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები ტიბეტში შევიდნენ და იქ კომუნისტური რეჟიმი დაამყარეს, იგი ემიგრაციაში წავიდა და სამშობლოში დაბრუნების უფლება დღემდე ვერ მოიპოვა.

ტრადიციული ტიბეტური მხატვრობა (თანგკა), გამოსახულია ბჰავაჩაკრა და სამსარას სამეფოები.

ბუდას მოძღვრების საერთო სახელია დჰამასაკატავატანასუტა, ანუ, მარტივად, დჰამას ბორბალი. ითვლება, რომ ეს ბორბალი ბენარესში ამოქმედდა, როდესაც ბუდამ პირველი ქადაგება წარმოთქვა. ეს და სხვა ქადაგებები რამდენიმე წლის შემდეგ, ბუდას გარდაცვალებამდე, ჩაიწერეს, რითაც ბუდას მოძღვრების წიგნის ფორმით გადმოცემას ჩაეყარა საფუძველი.

ბუდას მოძღვრება არ იცნობს ყოვლისშემძლე და ყოვლისშემოქმედ ღმერთს და არც მსოფლიო სულს. მისთვის უცხოა როგორც მონოთეიზმი, ისე პოლითეიზმი. ამის მიუხედავად, ბუდიზმში ბევრი ღვთაებრივი არსებაა, როგორიცაა დევაები, ასურები და იაკშები. ისინი სხვა სამყაროებში ცხოვრობენ და გააჩნიათ ზებუნებრივი ძალები, მაგრამ არ არიან ყოვლისშემძლეები და არც უკვდავები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდხანს ცხოვრობენ. ამიტომაც ისინი ხშირად ტრადიციული გაგებით ღმერთებად არ ითვლებიან.[7]

ბუდიზმის ანთროპოსოფია, ნატურ-რელიგია და მისტიკა, ძირითადად, ინდუიზმს ეფუძნება, მაგრამ უარყოფილია როგორც ტრიმურტი, ისე ღვთაებათა კულტი და კასტათა (ვარნათა) სისტემა, შენარჩუნებულია რწმენა მეტემფსიქოზის, რეინკარნაციის, კარმის, სამსარისა და დჰარმისა. ამდენად, ბუდას მოძღვრება არ არის თეოლოგია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ესაა მოძღვრება მორალის, მედიტაციისა და ჭეშმარიტების შესახებ. ავტორმა იგი არა ღვთაებრივი გამოცხადების, არამედ მედიტაციის მეშვეობით შეითვისა. მისი გასხივოსნება საკუთარი სულის აქტივობის საფუძველზე მოხდა.

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

  1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
  2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
  3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
  4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

  1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
  2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
  3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
  4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს — არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
  5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
  6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
  7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
  8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

ბუდისტების რელიგიური იდეალი არის ნირვანა. ესაა სრული სიმშვიდე: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ - თავისებური ყოფნა, უფრო - ზეყოფნა, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული.

ბუდისტური ტაძარი.

მოკვდავთაგან პირველი, ვინც ნირვანას მიაღწია, იყო ბუდა, რომელიც ისე არ მომკვდარა, როგორც მოკვდავნი კვდებიან. არსებობს ძველი გადმოცემა, რომელიც გვაუწყებს, რომ თავისი მომავალი რეინკარნაციის წრებრუნვიდან გასვლის შესახებ ბუდამ თვითონვე იწინასწარმეტყველა. როდესაც იგი დაიბადა, შვიდი ნაბიჯი გადადგა და წარმოთქვა: „მე მსოფლიოს თავი ვარ, ეს ჩემი უკანასკნელი დაბადებაა. ამიერიდან მეტი არსებობა მე აღარ მომეცემა“. და მართლაც, ბუდისტებს სწამთ, რომ ორმოცი წლის ხეტიალისა და ჭეშმარიტებათა ქადაგების შემდეგ, ოთხმოცდახუთი წლის ასაკში, ბუდა ნირვანაში წავიდა, რასაც ისინი ასე სახელდებენ: მაჰაპარინირვანა („დიდი გადასვლა ნირვანაში“). გადმოცემით, ბუდას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „ახლა კი, ბერებო, მეტს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ყოველი ქმნილება დასაღუპად არის განწირული. მთელი ძალით ესწრაფეთ ხსნას“.

ხსნა სწორედ ნირვანაშია. იქ წყვეტს მოქმედებას კარმისა და სამსარას კანონი. ამ სფეროში ბუდისტების რწმენა ვედურ ტრადიციას ეფუძნება, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რას აკეთებდა პიროვნება მოცემულ ცხოვრებაში, განისაზღვრება მომავალი. ზნეობრივი ცხოვრების ხარისხი განაპირობებს ხელახალი დაბადების სახეს. ჩვენ, წინარე ცხოვრებაში მოპოვებული მადლის კვალდაკვალ, შეიძლება დავიბადოთ მცენარედ, ცხოველად, ასეთ ან ისეთ ადამიანად. იდეალი კი დაბადება-სიკვდილთა ციკლიდან გასვლა და ნირვანას მიღწევა, ე.ი. ბუდად გარდასახვაა.

ბუდიზმი პასუხს არ სცემს კითხვას, თუ როგორ წარმოიშვა სამყარო. ყველაფერი, რაც არსებობს, მუდამ არსებობდა, ყველაფერი მუდმივ ცვალებადობაშია. სამყარო მხოლოდ ილუზიაა. ამიტომ ბუდისტები არ სვამენ კითხვას, როდის და როგორ წარმოიშვა სამყარო. ერთადერთი რეალური, ჭეშმარიტი არსებობა აქვს ნირვანას, რისკენაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი. ამისათვის, პირველ რიგში, კარმის გაუმჯობესებაა საჭირო, რათა წუთისოფელს მომავალში უფრო და უფრო მაღალი რეგისტრის არსებად მოევლინო, დაძლიო სამსარა და ნირვანას ეზიარო. ნირვანას გზა სიმშვიდისა და ნეტარების მდგომარეობას გულისხმობს. ბუდა ამბობს: „მწუხარების სამეფოში ნირვანა არ არსებობს, ნირვანა მწუხარების უარყოფაა. მე, სიდჰარტა გაუტამა, ზნეობის თვითგაუმჯობესებას ვწირავ ჩემს თავს, რათა უმაღლეს ზნეობრივ სიმშვიდეს, ნირვანას მივაღწიო“.

ბუდიზმი კატეგორიულად უარყოფს ბოროტების წინააღმდეგ ძალისმიერ ბრძოლას და უმაღლეს ზნეობრივ პრინციპად მტრის სიყვარულს მიიჩნევს. ბუდა ამბობს: „ვაი მას, ვინც ძალადობას ძალადობით ებრძვის!... მტრობა არასდროს მოსპობილა მტრობით. ნუ გძულს, ვისაც ეზიზღები. მოიკალი გულში მტრობის გრძნობა... განრისხება სიკეთით დაამარცხე, ბოროტება - სიქველით“. ასევე: „მან გამლანძღა, მან მტანჯა!... ვინც ასე გოდებს, მტრობის გრძნობა დაიხშოს გულში, რადგან მტრობა მტრობითვე ვერ მოისპობა. მისი დაძლევა არამტრობით თუ მოხერხდება. ამგვარი წესია უკუნისიდან“. თუ რა გზით შეიძლება წუთისოფლის დაძლევა, ამაზე პასუხს ერთ ბუდისტურ იგავში ვპოულობთ: ახალგაზრდა და მდიდარ ქალს, კასაგოტამის, მოულოდნელად მხოლოდშობილი ძე გარდაეცვალა. დედამ ფიქრადაც არ გაიკარა ჩვილის სიკვდილი. მკერდზე მიიკონა იგი და კარდაკარ სიარულს შეუდგა: ავადაა ბავშვი და წამალი შემაწიეთო. - მხოლოდ ბუდა თუ გიშველისო... კარგიო, - უთხრა ბუდამ, მხოლოდ მდოგვის მარცვალი მომიტანე იმ ოჯახიდან, სადაც არავინ მომკვდარა. კასაგოტამი დავალების შესრულებას შეუდგა, მაგრამ ამაოდ, რადგან ყველა ოჯახს ჰყავდა მკვდარი: ზოგი შვილს მისტიროდა, ზოგი - დედ-მამას, ზოგი - მეგობარს. პასუხიც ასეთი იყო: ცოცხლები ცოტანი არიან, მკვდრები ბევრიო. მაშინ განათდა მშობლის გონება და მან მოიწმინდა ცრემლი, რადგან დარწმუნდა, რომ მისი ვაჟი მოკვდა. გოდება ამის გამო უქმი იყო, მწუხარება - უგუნურება. ბუდამაც უთხრა: უგუნურებაა გიყვარდეს ის, რაც წარმავალია, რაც ჩვენს ხელთ არ არის და, რაც საპნის ბუშტივით იკარგება.

ცხოვრების წესი და მსახურება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სხვადასხვა ტრადიციის ბუდისტები ერთად.

ბუდისტი მლოცველის საბოლოო მიზანი გასხივოსნება, ანუ სატარის მიღწევაა, რისთვისაც მედიტაციას მიმართავენ. ამ დროს ისინი, მეტწილად, ლოტოსის ფორმას იღებენ: ფეხებს გადაიჯვარედინებენ, დასხდებიან და სიჩუმეში ჩაიძირებიან. ბუდისტები გაერთიანებული არიან სანგებში (მორწმუნეთა თემი). არსებობს საკრებულო ტაძრებიც და მონასტრებიც. ფართოდაა გავრცელებული ბერობის ის სახე, რომელსაც მწირ-მონაზვნობა ჰქვია. იგულისხმება, რომ ბერებმა ამქვეყნიური ცდუნებანი დაამარცხეს, ისინი არა მარტო ზემოთ ჩამოთვლილ მცნებებს იცავენ, არამედ უფრო ღრმა ასკეტიზმსაც, როგორიცაა:

არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვით, ბუდა ექსტრემისტულ (უკიდურეს) ასკეტიზმს ეწინააღმდეგებოდა. მან, ერთხელ თურმე ბრაჰმანების მაგალითით შთაგონებულმა, ისე იმარხულა, რომ ნეკნები ამოუვარდა და ვეღარ აზროვნებდა. ამის გამო დარწმუნდა, რომ ასეთი მძაფრი მარხვა ის გზა არაა, რომელიც გასხივოსნებამდე მიგიყვანს. ბუდისტები, ჩვეულებრივ, მათი პირველი მცნების შესაბამისად ვეგეტარიანელები არიან. დღესასწაულები, ძირითადად, ბუდას ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს უკავშირდება. მრავალრიცხოვანი საპილიგრიმო მსვლელობები იმართება იქ, სადაც ბუდას ფეხი დაუდგამს და კვალი დაუტოვებია. ესენია: კაპილავასტუ - ბუდას მშობლიური ქალაქი, ბოდჰიგია, სადაც ის გასხივოსნდა, ბენარესი, სადაც მან პირველად იქადაგა და კუსანარა, სადაც გარდაიცვალა. ტაძრებში ბუდას უზარმაზარი ქანდაკებები დგას, რომელთა ფეხის მტევნებთან მლოცველები განირთხმებიან და ტკბილ ჩაის შესწირავენ. იქვეა ლოცვის წისქვილები, რომელთა დახმარებით მლოცველებს შეუძლიათ გაიგონ, რამდენი მანტრა წარმოთქვეს. ბუდიზმს სხვა სტილის აზროვნებისა და რწმენათა სისტემის მიმართ ტოლერანტობის მაღალი კულტურა ახასიათებს. ამ ნიშნით მაურიების იმპერია გამოირჩეოდა. მისი დამაარსებელი აშოკა, ბევრი დაპყრობითი ომისა და სისასტიკის გამოჩენის შემდეგ ბუდას მოძღვრებას ეზიარა და დაიწყო ზრუნვა, რათა ქვეყანაში ომის ყიჟინა დჰარმის სადიდებელ ჰანგებს შეეცვალა. იმის მიუხედავად, რომ იგი ღრმად მორწმუნე ბუდისტი გახდა და სიცოცხლე ამ რელიგიის ინდოეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას მიუძღვნა, სხვა რელიგიების განვითარებასაც უწყობდა ხელს. ცნობილია მისი ქვაზე ამოტვიფრული ედიქტი, რომელშიც ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„იმპერატორი პატივს სცემს ყველა თემის წევრსა თუ ასკეტს. აღავსებს მათ საჩუქრებითა და პატივით. მაგრამ მისთვის თემებზე მუდმივი ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჩუქრები და პატივი. ყოველი თემი განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აქვთ საერთო საფუძველი, რაც ყველას უნდა ახსოვდეს. უჯეროა მხოლოდ საკუთარი თემის პატივგება ან უპირობოდ სხვისი თემის შებღალვა. ვინც პატივს სცემს თავის თემს, ხოლო სხვებს საკუთარი თემის ერთგულებისა თუ თავისი თავის განდიდების ჟინით შეურაცხყოფს, უდიდეს ზიანს აყენებს საკუთარ თემს. თანხმობა იარსებებს მაშინ, როდესაც ერთმანეთს მოუსმენენ და პატივს მიაგებენ ერთმანეთის მოძღვრებებს. მეფეს სურს, რომ ყველა თემის წევრი საფუძვლიანად ერკვეოდეს თავის რწმენაში და ქადაგებდეს წესრიგს.“

ბუდისტური კანონი და მისი კოდიფიკაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუდას ქანდაკება, ტოკიოს ეროვნული მუზეუმიდან, თარიღდება I-II საუკუნით.

ქრისტეს მსგავსად არც ბუდას დაუტოვებია ჩვენთვის რაიმე წერილობითი წყარო, თუმცა ძნელია იმის დაშვება, რომ იგი უწიგნური ყოფილიყო. იგი ასწავლიდა ზეპირი სიტყვით და ამგვარადვე გადაიცემოდა მისი სიტყვა ხალხშიც. მაგრამ ბუდას გარდაცვალების შემდეგ მისი მოწაფეების წინაშე მოძღვრების დადგენის საჭიროება გაჩნდა. სწორედ ამ მიზნით იქნა მოწვეული პირველი ბუდისტური კრება. ძვ.წ. დაახლოებით 480 წელს გამოქვაბულში ქალაქ რაჯაგრიჰას მახლობლად შეიკრიბნენ ბუდას უშუალო მოწაფეები. ითვლება, რომ ამ კრებაზე, რომელსაც კაშიაპა ხელმძღვანელობდა, ანანდას, ბუდას უსაყვარლესი მოწაფის, დახმარებით დადგინდა სუტა-პიტაკასა და აბჰიდჰამა-პიტაკას ტექსტები. მაგრამ მოძღვრება კვლავ ზეპირი გადმოცემით ვრცელდებოდა და საბოლოოდ ბუდისტური კანონი მხოლოდ IV ბუდისტურ კრებაზე ჩაიწერა, კუნძულ შრი-ლანკაზე. კრების ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია. პირველი ბუდისტური ტრადიცია მას ძვ.წ. 29 წელს მიაკუთვნებს, ხოლო მეორე დიდი ბუდისტური მიმართულება, მაჰაიანა — ახ.წ. I ს.-ს. უცნობია იყო თუ არა იქამდე ბუდისტური კანონი სრულად ან ნაწილობრივ დაფიქსირებული წერილობითი სახით, ერთადერთი უძველესი წყარო, რომელიც გაგვაჩნია არის შრი-ლანკაზე ჩაწერილი ტექსტი. მას ტიპიტაკა ეწოდება. თჰერავადას ბერებმა ის პალმის ფოთლებზე ჩაწერეს. ტექსტი პალიზე (ძველ ინდურ სალაპარაკო ენაზე) დაიწერა, ამიტომ მას ხშირად პალის კანონის სახელითაც მოიხსენიებენ. სიტყვასიტყვით ტიპიტაკა ნიშნავს სამ კალათს და შეესაბამება ტექსტის დაყოფას სამ ძირითად ნაწილად:

  • ვინაია-პიტაკა, რომელშიც შესულია მითითებები ბერებისა და მონაზვნებისთვის, მონასტრული ცხოვრების მომაწესრიგებელი ნორმები და სხვა.
  • სუტა-პიტაკა გადმოგვცემს ბუდისტურ მოძღვრებას საერთოდ, ხოლო
  • აბჰიდჰამა-პიტაკა ამ მოძღვრების ფილოსოფიურ დამუშავებას წარმოადგენს.

სუტა-პიტაკაში დამატების სახით ასევე შესულია ორი კრებული: დჰამაპადა — აფორიზმებისა და ბრძნული გამონათქვამების შემცველი ტექსტი და ჯატაკა - მონათხრობები ბუდას წარსული დაბადებების შესახებ.

ითვლება, რომ გასხივოსნებასთან ერთად ბუდამ მიიღო ჭეშმარიტი ცოდნა და შეიცნო სამყარო წარსულსა, აწმყოსა და მომავალში. შესაბამისად, მან შეიძინა ცოდნა თავისი წარსული და სხვათა წარსული თუ მომავალი დაბადებების შესახებ. მოწაფეებთან საუბრის დროს იგი ხშირად ყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს წარსული დაბადებებიდან და მათ მაგალითზე ხსნიდა ეთიკურ ნორმებს ან რაიმე სხვა საკითხებს. ორივე ეს კრებული, დჰამაპადა და ჯატაკა, ბუდისტური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნებს წარმოადგენენ. ხოლო სუტა-პიტაკას ძირითად ნაწილში გადმოცემულია ბუდისტური მოძღვრების ბირთვი: ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება და რვასაფეხურიანი გზა.

ბუდიზმის მიმდინარეობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუდისტი ბერი.

თერავადა ბუდიზმის ორთოდოქსულ მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ადრეული ბუდიზმის დოგმატიკასთან, თუმცა ამ მიმართულების სწავლებაც იცვლებოდა და ღრმავდებოდა დროთა განმავლობაში. მას ზოგჯერ სამხრეთულ ბუდიზმზსაც უწოდებენ (გავრცელებულია შრი-ლანკაში, მიანმარში, ტაილანდში და სხვ.). თერავადას სწავლების მიხედვით, ბუდამ ამ სამყაროში გასხივოსნებას სხვადასხვა დროს განხორციელებული ხუთასზე მეტი რეინკარნაციის შემდეგ მიაღწია. იგი მეოთხე ბუდად ითვლება მიმდინარე (ამჟამინდელ) სანსარაში. მის გარდა, კიდევ 20 ბუდა არსებობდა წინა სანსარებში. ბუდა მაშინ ევლინება სამყაროს, როდესაც კაცობრიობა სულიერ-ზნეობრივ უფსკრულს უახლოვდება. მათი ფუნქციაა კაცობრიობას სიბნელიდან და ცდომილებიდან ამოსასვლელი გზა მიუთითონ. შორეულ მომავალში, როდესაც სამყარო დაივიწყებს დჰარმას, გამოჩნდება ახალი ბუდა, სახელად მაიტრეა, რომლის სწავლებები გაუტამა ბუდას სწავლებების მსგავსი იქნება.[8] იგი უკანასკნელი ბუდა იქნება მიმდინარე სანსარაში. თერავადას სწავლებით, დანარჩენ ადამიანებს შეუძლიათ ნირვანის მიღწევა, მაგრამ ყველას არ ძალუძს გახდეს ბუდა. ნირვანაში გადასულ ადამიანებს არჰატებს უწოდებენ. არჰატობა მხოლოდ მათთვის არის შესაძლებელი, ვინც ყოვლითურთ და სავსებით შეაქცია ზურგი ამ წარმავალ სამყაროს.

მაჰაიანას სხვაგვარად ბუდიზმის ჩრდილოეთ სკოლასაც უწოდებენ (გავრცელებულია ტიბეტში, მონღოლეთში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში). ჰინაიანასგან განსხვავებით მაჰაიანა სულის ხსნის/განთავისუფლების უნივერსალურ ხასიათზე მიუთითებს. ბუდას მდგომარეობის მიღწევა ყველა ადამიანს შეუძლია, რამდენადაც თითოეულ ადამიანში დაბადებიდანვე ჩადებულია ბუდას პოტენცია. მაჰაიანასთვის სულიერი ხსნა მიიღწევა არა მხოლოდ განდეგილობაში, არამედ ერში ცხოვრების პირობებშიც. მაჰიანაში აგრეთვე აქცენტი კეთდება სამქადაგებლო საქმიანობაზე, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაზე. მაჰაიანას სწავლება უფრო მეტად ადამიანის ინტუიციისკენ არის მიმართული, ვიდრე გონებისკენ. ეს მიმდინარეობა ბუდისტური სწავლების იმგვარი განმარტებისკენ მიისწრაფვის, რომ შესაძლებელი იყოს განსხვავებული ინტელექტუალური ყაიდისა და სულიერი განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ადამიანის მოზიდვა. მაჰაიანას მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ბუდები ერთგვარი კოსმიური ცნობიერების მატერიალიზაციის (განსხეულების) შედეგად იბადებიან. ისინი მისტიური ბუდები არიან, რომლებიც მარადიულად არსებობენ დროისა და სივრცის მიუხედავად. ეს მსოფლიო ბუდა ყოველივეს განჭოლავს და ყოველ ადამიანში არსებობს, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ამ კოსმიური ცნობიერების საკუთარ თავში გამოვლენა და გასხივოსნების მიღწევა. მაჰაიანაში ბუდების რიცხვი ძალიან ბევრია. ბუდიზმის ამ მიმდინარეობის ზოგიერთ მონასტერში 1000-მდე ბუდის გამოსახულებაა.

ვაჯრაიანას მიმდინარეობის სწავლების თანახმად, ბუდას მდგომარეობის მიღწევა რეინკარნაციათა ხანგრძლივი ჯაჭვის გარეშეც შესაძლებელია. ვაჯრაიანას სწავლებით, ეს მიღწევადია მაგიისა და იოგის ვარჯიშების საშუალებით გურუს ხელმძღვანელობით. გარდა მედიტაციისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე იდამის ჭვრეტას, მანტრების კითხვას და სხვა მაგიური წესების აღსრულებას (მათ შორის ეროტიკული ხასიათისაც). ვაჯრაიანასთვის დამახასიათებელია მისტიკური სწავლება, რომელიც ადამიანსა და სამყაროს ერთმანეთთან აიგივებს. ყველა გარეგნული პროცესი და მოვლენა დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან და მის ფსიქიკასთან. ამიტომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ცვლის, ის ამით სამყაროსაც ცვლის.

ბუდისტური ტექსტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XI საუკუნის კორეული ტრიპიტაკა.

ტრიპიტაკა ბუდისტური სწავლების ძირითადი დებულებები გადმოცემულია ე. წ. კანონიკურ ლიტერატურაში. მათში დაფიქსირებულია თავად ბუდას ქადაგებები და გამოცხადებები, რომელიც შემდგომში მისი მოწაფეების მიერ ჩაიწერა. მასშივეა განთავსებული ბუდისტური დოგმების, წესჩვეულებებისა და მორალური პრინციპების ახსნა-განმარტებები. ეს ლიტერატურა ცნობილია სახელწოდებით „ტრიპიტაკა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სამმაგ კალათას“, უფრო ხშირად კი ითარგმნება როგორც „კანონთა სამი კალათა. გადმოცემის მიხედვით, ბუდას გარდაცვალების შემდეგ, მისი მიმდევარი ბერები ერთად შეიკრიბნენ და ბუდას უახლოესი მოწაფეების მოწმობები მოისმინეს იმასთან დაკავშირებით თუ როგორი იყო ბუდას სწავლების ძირითადი პრინციპები. ერთმა ბუდას მიერ გამოთქმული ის პრინციპები გადმოსცა, რომლებიც ბერთა ცხოვრების წესგანგებას ეხება. მეორემ საკუთრივ რელიგიური მოძღვრება, რომელიც ბუდას მიერ საუბრებისა და იგავების ფორმით იყო გადმოცემული. მესამემ კი მასწავლებლის ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობები გაიხსენა. სწორედ ამ მიზეზით დაიყო მისი სწავლება სამ ნაწილად:

  1. „კალათა წესდებისა“, რომელშიც ჩაწერილია დისციპლინარული წესები ბერებისთვის.
  2. „კალათა სწავლა-მოძღვრებისა“, რომელშიც ჩაწერილია ბუდას ქადაგებები და გამონათქვამები.
  3. „კალათა კომენტარებისა“, რომელიც შეიცავს ახსნა-განმარტებებს ბუდისტური ფილოსოფიური დებულებებისა და ზოგადად დოქტრინისა.

ტრიპიტაკაში შემავალი სწავლება საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა ფორმირებას, სანამ იგი საბოლოო სახით ჩამოყალიბდებოდა. იგი თავდაპირველად ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ეს სწავლება პირველად ჩაწერილ იქნა პალის ენაზე ძვ. წ. I საუკუნეში ცეილონის კუნძულზე (შრი-ლანკა). მოგვიანებით კი სხვადასხვა ბუდისტურმა სკოლამ და მიმდინარეობამ ტრიპიტაკის ბევრი ადგილი შეცვალა და გადააკეთა. ამიტომ 1871 წელს მანდალაში (ბირმა) მოიწვიეს საერთო ბუდისტური კრება, სადაც 2,400-მა ბუდისტმა ბერმა სხვადასხვა ხელნაწერისა და თარგმანის შეჯერებით ერთიანი, უნიფიცირებული ტრიპიტაკის ტექსტი ჩამოაყალიბა. ეს ტექსტი ამოკვეთეს 729 მარმარილოს ფილაზე, რომელთაგან თითოეული მოათავსეს ცალკეულ მინიატურულ ტაძარში. ამრიგად შეიქმნა პატარა ქალაქ-ბიბლიოთეკა სახელწოდებით კუტოდო. მას შემდეგ ეს ქალაქი ბუდისტების სათაყვანებელი ადგილია.

გარდა ტრიპიტაკისა, არსებობს სხვა ბუდისტური ტექსტებიც. მათი კრებითი სახელია „სუტრების“ კალათა“, რომელიც ხუთ ნაწილად იყოფა. თითოეულ ამ ნაწილში სხვადასხვა ზომის ტექსტები შედის და ისინი აუცილებლად შემდეგი სიტყვებით იწყება: „ასე მოვისმინე მე...“. ამ ფრაზას მიაწერენ ანანდას, ბუდას საყვარელ მოწაფეს, რომელმაც ბუდას ნირვანაში გადასვლის შემდგომ მოძღვრის ქადაგებები პირველად ჩატარებულ ბუდისტურ კრებაზე გაიხსენა. ზოგიერთმა სუტრამ დიდი პოპულარობა მოიხვეჭა და შესაბამისად მათზე მრავალი განმარტება დაიწერა. ასეთია, მაგალითად, „ალმასის სუტრა“, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბუდისტებზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს სუტრა მოწმობს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი არის მაია, ანუ ილუზორულია და არარეალური. ამის გაცნობიერებით კი შესაძლებელია „სიცარიელის, განდგომილებისა და სიმშვიდის“ შენარჩუნება. ჩინეთსა და იაპონიაში პოპულარულია „უზენაესი კანონის ლოტოსის სუტრა“. მასში საუბარია ბუდას ტრანსცენდენტურობის (მიღმურობის) შესახებ, რადგან იგი წარმოდგენილია არა როგორც ისტორიული პიროვნება, არამედ მთლიანად სამყაროს არსად. ამ სუტრას ბუდიზმის ამ ქვეყნებში გავრცელებული მიმდინარების მაჰაიანას სახელმძღვანელოსაც უწოდებენ. ამ სუტრაში ასევე წინა პლანზეა წამოწეული რწმენა საყოველთაო (ყველა ადამიანის) გადარჩენის შესაძლებლობის შესახებ. იაპონური ბუდიზმისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს „ოქროსფერი სინათლის სუტრას“. მასში აღნიშნულია, რომ ბუდა ყველაში და ყველაფერში (მათ შორის ნივთებშიც) იმყოფება და რომ იგი თანაუგრძნობს ყველა ცოცხალ არსებას.

ბუდიზმი და საქართველო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საქართველოში ბუდისტთა თემის არსებობა არ დასტურდება და არც ქართული კულტურის ბუდისტურ სამყაროსთან ცოცხალი კონტაქტებია სავარაუდებელი. ამასთანავე, ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების ელიტარულ ნაწილს ადრეულ შუა საკუნეებში ამა თუ იმ გზით და ამა თუ იმ ფორმით ბუდას ცხოვრებასა და სამქადაგებლო პრაქტიკაზე წარმოდგენა ჰქონდა. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, მათ შორის, იაკობ ხუცესისშუშანიკის წამება“ (476-483). არსებობს თვალსაზრისი, რომ იქ ნახსენები ეთნონიმი ჰონები („მე ბრძოლად წარვალ ჰონთა ზედა“) ინდოეთის მკვიდრ ხალხს „თეთრ ჰუნებს“ გულისხმობს. V საუკუნის II ნახევარში ინდოეთამდე მეფე ვახტანგ გორგასალმაც ჩააღწია და, სავარაუდოა, რომ მან ბუდას და ბუდისტების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. ბუდიზმთან გარკვეულ კავშირს ხედავენ იმ ასკეტურ და მისტიკურ მიმართულებაში, რომელსაც გიმნოსოფისტობა, ანუ შიშველმართალობა ეწოდება და, რაც ქართულ სასულიერო მწერლობაშიც ცნობილია.

ქართული კულტურის ბუდიზმთან კონტაქტის მაგალითია შუა საუკუნეების ქრისტიანულ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნის - „ვარლაამისა და იოასაფის“ ისტორია. ესაა ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსია, რომელშიც მოთხრობილია ინდოეთის გაქრისტიანების ამბავი. მეცნიერებაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა, თუ სად და რომელ ენაზე შეიქმნა ეს თხზულება. მკვლევარები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის ქართულ ვარიანტს, რომელსაც „სიბრძნე ბალავარისი“ ან „ბალავარიანი“ ეწოდება. ეს ძეგლი (რედაქცია) საქართველოში არაბობის დროს, VII-X საუკუნეებში, ჩამოყალიბდა და, როგორც გიორგი მთაწმინდელი გვაუწყებს, X-XI საუკუნეებში ექვთიმე ათონელმა ბერძნულ ენაზე თარგმნა, ბერძნულიდან კი ლათინურად ითარგმნა და მთელ კულტურულ მსოფლიოში გავრცელდა.

ქართველები ინდუიზმითა და ბუდიზმით დაინტერესებული იყვნენ აღორძინების ხანაშიც და მომდევნო საუკუნეებშიც. ამას ადასტურებს XVII-XVIII საუკუნეების ანონიმი საზღაპრო მოთხრობა „დაფნის ქალაქის ამბავი“ და ის ლიტერატურული წყაროები, რაც სულხან საბა-ორბელიანის იგავ-არაკთა კრებულსა და აღნიშნული ეპოქის სხვა სამოძღვრო-დიდაქტიკურ ნაწარმოებებს უდევს საფუძვლად. ბუდისტურ ლიტერატურაზე, ცხოვრების წესსა და ფილოსოფიაზე ბევრს წერდნენ და მის მიმართ სიმპათიებსაც გამოხატავდნენ XIX-XX საუკუნეების ცნობილი ქართველი მოაზროვნეები და პუბლიცისტები: არჩილ ჯორჯაძე, ივანე გომართელი და ივანე როსტომაშვილი. დღეს საქართველოში, თბილისში, ბუდისტების მცირე ჯგუფი არსებობს.

  • ონიკაშვილი დ., ჯაში მ., მსოფლიო რელიგიები, თბილისი: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2011. — გვ. 247-285.
  • Hayes, Richard P. (2013), „The Internet as Window onto American Buddhism“, American Buddhism: Methods and Findings in Recent Scholarship, Routledge
  • Henderson, Carol E. (2002), Culture and Customs of India, Greenwood Publishing Group
  • Hill, John E. (2009), Through the Jade Gate to Rome: A Study of the Silk Routes during the Later Han Dynasty, 1st to 2nd Centuries CE, Charleston, South Carolina: BookSurge, ISBN 978-1-4392-2134-1
  • Lamb, Christopher (2001), „Cosmology, myth and symbolism“, Harvey, Peter, Buddhism, Bloomsbury Publishing
  • Matthews, Bruce (1986), „Post-Classical Developments In The Concepts of Karma and Rebirth in Theravada Buddhism“, Ronald W. Neufeldt, Karma and rebirth: Post-classical developments, SUNY
  • McFarlane, Stewart (2001), „Making Moral Decisions“, Peter Harvey, Buddhism, Continuum, ISBN 978-0-8264-5350-1
  • Mitchell, Donald W. (2002), Buddhism: introducing the Buddhist experience, Oxford University Press, ISBN 978-0-19-513951-8
  • Nattier, Jan (2003), A Few Good Men: The Bodhisattva Path according to The Inquiry of Ugra (Ugrapariprccha), University of Hawai'i Press, ISBN 978-0-8248-2607-9

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Buddhists. Global Religious Landscape. Pew Research Center (18 December 2012). ციტირების თარიღი: 13 March 2015
  2. „Christianity 2015: Religious Diversity and Personal“
  3. Lopez, Donald S. Jr. (2001), The Story of Buddhism, HarperCollins, p. 239.
  4. Harvey, Peter (2019). „Buddhism and Monotheism“, p. 1. Cambridge University Press.
  5. Kapstein, Matthew T. The Buddhist Refusal of Theism, Diogenes 2005; 52; 61.
  6. Vogel, Jean Philippe; Barnouw, Adriaan Jacob (1936) Buddhist Art in India, Ceylon, and Java. Asian Educational Services, გვ. 70–71. 
  7. Buswell, Robert E; Lopez, Donald S. The Princeton Dictionary of Buddhism, pp. 230-233. Princeton University Press, Nov 24, 2013.
  8. Horner (1975), The minor anthologies of the Pali canon, p. 97. Regarding Metteyya, Bv XXVII, 19: „I [Gautama Buddha] at the present time am the Self-Awakened One, and there will be Metteyya....“