ჰავაის კუნძულები
მშობ. სახელი: Hawaiian Islands | |
---|---|
ჰავაის კუნძულები და აშშ-ის კონტინენტური ნაწილი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 20°54′ ჩ. გ. 156°36′ დ. გ. / 20.900° ჩ. გ. 156.600° დ. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 24 (ძირითადი) |
მთავარი კუნძული | ჰავაი |
ფართობი | 16 600 კმ² |
სიგრძე | 5000 კმ |
უმაღლესი წერტილი |
4205 მ მაუნა-კეა |
აშშ | |
შტატი | ჰავაის შტატი |
დედაქალაქი | ჰონოლულუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 1,4 მილიონი (2022) |
ჰავაის კუნძულები (ინგლ. Hawaiian Islands), სენდვიჩის კუნძულები — არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში (ჩ.გ. 18°50′– 28°15 და ა.გ. 154°40′ – 178°15′), პოლინეზიაში უდიდესი; წარმოადგენს აშშ-ის შტატს — ჰავაის. შედგება 24 ვულკანური და მარჯნის კუნძულისაგან, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული 5000 კმ-ზე მეტ სიგრძეზე. საერთო ფართობი 16,6 კმ²-ია. ყველაზე მსხვილი კუნძულებია: ჰავაი, მაუი, მოლოკაი, ოაჰუ, კაუაი, შედარებით წვრილები — კაჰოოლავე, ლანაი და ნიიჰაუ. ადმინისტრაციული ცენტრი — ჰონოლულუ (კუნძ. ოაჰუ);[1] მოსახლეობა — 1,4 მილიონი კაცი (2022).[2]
ნაპირების გასწვრივ, რომლებიც ძირითადად ლავებითაა დაფარული, გადაჭიმულია მარჯნის რიფები. წყალქვეშ გაქვავებულ ლავებში არის მღვიმეები, ეხები, გვირაბები. კუნძულ ოლოკაიზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი კლიფი, რომლის სიმაღლე 990 მეტრია.[1]
რელიეფი და გეოლოგიური აგებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავაის კუნძულები წარმოადგენს ოკეანის ფსკერიდან 8000–11000 მეტრზე ამაღლებული ჰავაის ვულკანური ქედის წყალზედა ნაწილს. მსხვილი კუნძულების რელიეფი მთიანია. უდიდესი კუნძულის, ჰავაის (ფართობი 10,4 ათ. კმ²) ზედაპირი წარმოქმნილია მოქმედი ვულკანების — მაუნა-კეა (4205 მ — ჰავაის კუნძულების უმაღლესი წერტილი), მაუნა-ლოა (4169 მ), ჰუალალაი (2521 მ), კილაუეა (1243 მ) — და ჩამქრალი ვულკანის — კოჰალა (1678) — შეზრდილი ბაზალტური ფარებით. ვულკანების ფერდები შედარებით დამრეცია. ნაპირთან ახლოს გავრცელებულია ლავური აბრაზიული ტერასები მარჯნის კირქვებით. სიდიდით მეორე კუნძული მაუი (ფართობი 1,9 ათ. კმ²) წარმოქმნილია ორი ვულკანით, მ.შ. ჰალეაკალათი (2500 მ). მსხვილი კუნძულების ასაკი 5–28 მილიონი წელია. ყველაზე ძველი წყალქვეშა ვულკანი კურე მდებარეობს არქიპელაგის ჩრდილო-დასავლეთში. კუნძულ ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთით წყნარი ოკეანის ფსკერზე ბოლოს გაჩნდა და სწრაფად გაიზარდა ვულკანი ლოიჰი (ბოლო ამოფრქვევა 1996 წელს მოხდა). ჰავაის კუნძულები წარმოიქმნა ცხელი წერტილის ზემოთ (რომელიც ახლა კუნძულ ჰავაის ქვეშ მდებარეობს) წყნარი ოკეანის ლითოსფეროს ფილის წელიწადში 5–10 სმ-ით ჩრდილო-დასავლეთისკენ გადაადგილების გამო.[1]
კლიმატი, შიდა წყლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი ტროპიკული პასატურია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა კუნძულ ჰავაიზე 23–31 °С-ია, კუნძულ კაუაიზე — 18–28 °С, თებერვლისა შესაბამისად 18–27 და 15–24 °С. ქარპირა კალთებზე წელიწადში მოდის 3500–4000 მმ ნალექი (კუნძულ კაუაიზე 12 500 მმ-ს აღწევს); ქარზურგაზე — დაახლ 200 მმ. ნალექები ხანმოკლეა, შემოდგომაზე ხშირია გრიგალი. ყველაზე მაღალი ვულკანების მწვერვალებზე ზამთარში თოვლი მოდის. ლავაში ნალექების ფილტრაციის გამო, ზედაპირული ჩამონადენი სუსტადაა განვითარებული; მდინარეთა ქსელი მხოლოდ მსხვილ კუნძულებზეა.[1]
ნიადაგები, ცხოველთა სამყარო და მცენარეული საფარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავაის კუნძულებზე განვითარებულია მუქი წითელი ფერალიტური და ვულკანური ნიადაგები. ნოტიო ტროპიკული ტყეებით დაფარულია ვულკანების ქარპირა ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთები, ქარზურგა კალთებზე სავანები და მეჩხერი ტყეებია, ადგილ-ადგილ — უდაბნოები. მწვერვალებზე — სუბალპური და ალპური მდელოები. გვხვდება ე.წ. კიპუკები — ტროპიკული ტყეების მონაკვეთები, რომლებიც ლავური ნაკადებითაა გარშემორტყმული. დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მაღალი ენდემიზმი. ცნობილია 1700-ზე მეტი სახეობის უმაღლესი მცენარე (ადამიანის მიერ შეტანილების ჩათვლით). გავრცელებულია პალმები, მ.შ. ქოქოსის, ხისებრი გვიმრები, კამანი (Calophyllum inophyllum), ჰაუ (Hibiscadelphus), ლუმბანგი ანუ სანთლის ხე (Aleurites moluccanus, ჰავაიურად — კუკუი), აკაკი, ყვავილოვანი ბუჩქები (ჰიბისკუსის 5 ათასი სახესხვაობა), აკაცია კოა, ჯადვარები, ხისებრი ლობელიები (ბრაიამია, ციანეა). სანაპირო ზონებში გვხვდება პანდანუსი, სცევოლა, ტურნეფორცია. მთის კალთების ქვედა ნაწილები უკავია შაქრის ლერწმის, ანანასისა და ყავის პლანტაციებს.[1]
ბევრია თუთიყუში, დიდფეხა ქათამი, გუგული, მტრედი, მერცხალი, თვალთეთრა, მემატლია. ზოგიერთი სახეობის ფრინველი გადაშენების საფრთხის წინაშე დგას, მ.შ. ჰავაიური ღერღეტი, ჰავაიური ბუ, ჰავაის მეყვავილეების მრავალი სახეობა. ზღვის ფრინველთა შორის აღსანიშნავია რეგვენები, ფრეგატები, ქარიშხალები, ალბატროსები. აქატინელასებრთა ოჯახის 300 სახეობაზე მეტი მოლუსკი ჰავაის კუნძულების ენდემია. სანაპირო წყლებში გავრცელებულია ჰავაიური სელაპი, კუზა ვეშაპი, მწვანე კუ, 600-ზე მეტი სახეობის ტროპიკული თევზი.[1]
კუნძულ ჰავაიზე ვულკანების მაუნა-ლოისა და კილაუეის კალთებზე მდებარეობს ჰავაის ვულკანების ეროვნული პარკი, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული, კუნძულ მაუიზე — ჰალეაკალის ეროვნული პარკი; ჰავაის კუნძულების აკვატორიაში — კუზა ვეშაპების ეროვნული საზღვაო ნაკრძალი. ჰავაის კუნძულები ცნობილი კლიმატური კურორტია. მის აკვატორიაში პოპულარულია დაივინგი და სერფინგი. ჰონოლულუ წყნარი ოკეანის საზღვაო და საჰაერო გზების მნიშვნელოვანი კვანძია.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავაის კუნძულებზე პოლინეზიელების დასახლება ა.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში დაიწყო. 1778 წელს კუნძულები აღმოაჩინა ბრიტანელმა მეზღვაურმა ჯეიმზ კუკმა, რომელმაც მას სენდვიჩის კუნძულები უწოდა საადმირალოს პირველი ლორდის პატივსაცემად. აღმოჩენის მომენტში კუნძულებზე არსებობდა რამდენიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელთა საერთო მოსახლეობა დაახლოებით 300 ათასი იყო. XIX საუკუნის დასაწყისში ისინი გააერთიანა მეფე კამეჰამეჰა I-მა. ივანე კრუზენშტერნისა და იური ლისიანსკის ექსპედიციის შემდეგ (1803–1806) გაჩნდა ჰავაის კუნძულებზე კოლონიის შექმნისა და მისი რუსეთის იმპერიაში შესვლის გეგმა. 1815–1817 წლებში ამის შესახებ მოლაპარაკებები წარმოებდა კამეჰამეჰა I-თან. 1820 წელს აქ აშშ-დან ჩავიდნენ მისიონერები. მათი რელიგიური მოღვაწეობის შედეგად, წარმართული სარწმუნოება თანდათანობით ჩაანაცვლა ქრისტიანობამ. XIX საუკუნის შუა ხანებისათვის ამერიკული ვეშაპსარეწის მთავარი ბაზა გახდა; ამერიკულმა ფირმებმა დაიწყეს აქედან სანდალოზის ხის (Santalum haleakalae) გატანა, გავლენა მოახდინეს სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. 1887 წელს ჰავაის კუნძულებზე დაარსდა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა პერლ-ჰარბორი. 1893 წელს ამერიკელი პლანტატორების ჩარევით დაამხვეს ჰავაის დედოფალი ლილიუოკალანი და 1894 წლის 4 ივლისს გამოაცხადეს ჰავაის რესპუბლიკა. XIX საუკუნის ბოლოსთვის კუნძულებზე მკვიდრი მოსახლეობიდან დაახლოებით 30 ათასი ადამიანიღა დარჩა. ესპანეთ-ამერიკის ომის დროს, 1898 წლის 7 ივლისს, კუნძულები აშშ-მა დაიპყრო. 1900 წლის 14 ივლისს მიენიჭა „ტერიტორიის“ სტატუსი.[1] 1908 წლიდან ამერიკის სამხედრო ბაზაა წყნარ ოკეანეში. 1959 წელს გახდა ამერიკის 50-ე შტატი — ჰავაი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Кондратьева Т. И., Шашина Е. Б. Гавайские острова // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 225-226.
- ↑ Hawaii Population 2022 (Demographics, Maps, Graphs). worldpopulationreview.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-24. ციტირების თარიღი: 30 ივნისი, 2022.