ივანე ჯავახიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „ივანე ჯავახიშვილი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ივანე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ივანე ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი 23 აპრილი/11 აპრილი, 1876
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1940 (64 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პროფესია ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
მეუღლე(ები) ანასტასია ჯავახიშვილი
მშობლები მამა: ალექსანდრე ჯავახიშვილი
დედა: სოფიო ვახვახიშვილი
ხელმოწერა
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო მარკა. 2016. ავტ: გ. ქართველიშვილი

ივანე ჯავახიშვილი (დ. 23 აპრილი [ძვ. სტ. 11 აპრილი], 1876, თბილისი — გ. 18 ნოემბერი, 1940, იქვე) — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) თანადამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბავშვობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 აპრილს, ქალაქ თბილისში. მამამისი ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი იყო სამოქალაქო მრჩეველი, რომელიც სხვადასხვა დროს მსახურობდა თელავში მასწავლებლად, სიღნაღის, თბილისისა და გორის მაზრებში პედაგოგ-ინსპექტორად. დედა, სოფიო ათანასეს ასული ვახვახიშვილი, „მაღალი, ტანადი, ნაზი და დარბაისელი მანდილოსანი იყო. მის ჭკვიან და ალერსიან თვალებში - რომელთაც ხადახან სევდა გადაჰკრავს ოდნავადაც და რომელნიც თითქოს თქვენ სულში იცქირებიანო - დიდი სითბოა და მიმზიდველობა“.[1]

პატრიოტი ალექსანდრე ჯავახიშვილი შვილებს ქართულ წესსა და რიგზე ზრდიდა, სამშობლოს წარსულისადმი ინტერესს უღვიძებდა და ქართული ენის სიყვარულს უნერგავდა. იგი ყველა ქართულ ჟურნალ-გაზეთს ღებულობდა. ივანე ჯავახიშვილის მოგონებებიდან ჩანს, რომ მათ ბიბლიოთეკაში „ყველა წიგნი მოიპოვებოდა, რაც კი კავკასიაში და საქართველოში იყო გამოცემული“. ძმები ცდილობდნენ გიმნაზიის გაკვეთილების შესწავლამდე ადრე შინ მიტანილი ქართული ჟურნალ-გაზეთები წაეკითხათ.

1885 წელს ივანე ჯავახიშვილი თბილისის პროგიმნაზიაში შევიდა, ხოლო 1888 წელს გიმნაზიის მეორე კლასში მიიღეს, სადაც ის 1895 წლამდე სწავლობდა. ივანესთვის გიმნაზიის რეჟიმი აუტანელი გამოდგა. მისი სიყრმის მეგობარი, ივანე თევდორეს ძე ნიჟარაძე წერდა: „გიმნაზია ვანოს არ მოსწონდა, სწავლობდა კი კარგად. გარუსების ტენდენცია და ქართული კულტურის დევნა სულს უხუთავდა ქართველ შეგნებულ მოწაფეობას“.

ივანე ჯავახიშვილი ქართული კულტურისა და ისტორიის შესწავლას გიმნაზიის გარეთ ახერხებდა. ივანე ნიჟარაძე წერდა: „შეგნებული ქართველი ახალგაზრდობა დამოუკიდებლივ სწავლობდა თავის ენასა და კულტურას. მათ შორის საუკეთესო წარმომადგენელი იყო ვანო. მას უკვე გიმნაზიაში ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე შევიდოდა. ვანო ძალიან ნაკითხი იყო...“

გიმნაზიაში ივანე ჯავახიშვილს ყველაზე მეტად ისტორია იტაცებდა. ფ. გონდოევის სიტყვით: „განსაკუთრებით უყვარდა ვანოს ისტორია. თვით ისტორიის მასწავლებელსაც უყვარდა მოსმენა ვანოს პასუხებისა, რომლებიც არასდროს არ იყო გაზეპირებული და ტრაფარეტული; ეს პასუხები ყოველთვის ამომწურავად გადმოგვცემდნენ იმ ეპოქის სულს, რომლებზედაც მოგვითხრობდა ვანო“.[2]

ივანე ჯავახიშვილი იმდენად იყო გატაცებული ისტორიით, რომ ჯერ კიდევ სიყრმეში წაიკითხა მოხსენება „ანდრია მოციქულის მოგზაურობა საქართველოში“. გიმნაზიაში სწავლის დროსვე შეითვისა ის, რომ ისტორიული წყაროები და ფაქტები არც უკრიტიკოდ უნდა მიეღო, არც ხელაღებით უარეყო.

მას შემდეგ, რაც ხალხოსანთა მიზანსწრაფვა ამაო აღმოჩნდა და მათი ჯგუფები დაიშალა, დაპატიმრებას გადარჩენილები თუ პატიმრობიდან დაბრუნებულები ქართველი ხალხის ეროვნული სულისკვეთების გამოღვიძებას კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობით ცდილობდნენ. ფართოდ გათვითცნობიერებული ივანე ჯავახიშვილი, რომელიც დიდ დროს უთმობდა გარეშე ლიტერატურისა და ჟურნალ-გაზეთების კითხვას, მოწინავეთა გულისნადებს ადვილად ხვდებოდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილი სოფელ ხოვლეში გაემგზავრა და უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწყო.

გიმნაზიის დირექცია ივანე ჯავახიშვილს ახასიათებდა, როგორც პატიოსან, ზრდილობიან და შრომისმოყვარე ახალგაზრდას. „...იგი არის მშვიდი, თავაზიანი, რის გამო ყველას უყვარს. ჯავახიშვილი დაჯილდოებულია ბუნებრივი ნიჭით, მასთან ძლიერ შრომისმოყვარე და მუყათია... ბევრს კითხულობს და ფრიად ნაკითხია. კარგად უკრავს ვიოლინოს და გატაცებულია ამითი. ის საუკეთესო და მეტად თავაზიანი ახალგაზრდაა არა მარტო უფროსების, არამედ ტოლებისა და უმცროსების მიმართაც“.

რუსეთში ყოფნისას[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეტერბურგის უნივერსიტეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ჯავახიშვილი 1906 წელს.

1895 წელს ივანე ჯავახიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა. იმავე წლის 27 ივლისს მან თხოვნით მიმართა პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორს, რომ ჩაერიცხათ აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-სპარსულ განყოფილებაზე. იმ პერიოდში რუსეთში არსებულ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდები არ ტარდებოდა, უნივერსიტეტებში ირიცხებდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც დასრულებული ჰქონდათ გიმნაზიის სრული კურსი. აგვისტოში იგი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე შევიდა. სპეციალურ საგნად საქართველოსა და სომხეთის ისტორია აირჩია. ის და ი. ნიჟარაძე ერთად გაემგზავრნენ სანქტ-პეტერბურგში და ყაზანის ქუჩაძე, 15 ნომერში ოთახი ერთად იქირავეს. ი. ჯავახიშვილი ისტორიულ-ფილოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტების ლექციებსაც ესწრებოდა. უნივერსიტეტში ყოფნისას ივანე ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების: ნიკო მარის (სომხური ენა და ლიტერატურა), ალექსანდრე ცაგარელის (ქართული ენა და ლიტერატურა), ჟუკოვსკის (სპარსული ენა დალიტერატურა), ვესელოვსკის (აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ზოგადი კურსი) და სხვათა ლექციებს. ალ. ცაგარელის, ვ. როზენისა და პ. კოკოვცევის ხელმძღანელობით სპეციალურ სემინარებშიც მონაწილეობდა.

თავისი ცოდნითა და განათლებით ივ. ჯავახიშვილმა თავიდანვე მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება. მის შესახებ ნიკო მარი წერდა: „უნივერსიტეტში შემოსვლისთანავე ჯავახიშვილი ამჟღავნებდა ქართული ლიტერატურის გამოცემული ძეგლების გარკვეულ ცოდნას, რაც ჩემს მიერ შემჩნეული იყო პირველ ლექციებზევე. შემდგომმა მუშაობამ ამ მიმართულებით მას საგრძნობი მიღწევები მოუპოვა. მისი ამ მიღწევების შესახებ მეცნიერულ ქართველოლოგიაში მე ვმსჯელობ საკუთარი დაკვირვების საფუძველზე“.

ივანე ჯავახიშვილი ერთიან ინტერესს იჩენდა, როგორც ქართული, ისე სომხური ენისა და ლიტერატურის ისტორიისადმი. 1898 წელს ივანე ჯავახიშვილმა წარადგინა სადიპლომო ნაშრომი -„ანდრია მოციქულისა და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“, რომელიც უნივერსიტეტის საბჭომ მოიწონა და ავტორი ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1899 წელს წარმატებით ჩააბარა გამოცდები და 20 აგვისტოს მიიღო I ხარისხის დიპლომი.

შრომისადმი სიყვარულისა და სწავლით გატაცების გამო ნიკო მარმა სტუდენტი ივანე ჯავახიშვილი დაიახლოვა და არა მარტო საუნივერსიტეტო ლექციებსა და სემინარებში ამეცადინებდა, არამედ ბინაზეც იწვევდა და დამატებით საათებს უტარებდა. ამიტომაც 1899 წლის 22 მაისს საპროფესოროდ მოსამზადებლად უნივერსიტეტში მისი დატოვება მოითხოვა.

ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით პეტერბურგში მყოფ ამიერკავკასიის და განსაკუთრებით, სამხრეთიდან მოსულ სტუდენტებთან კავშირი დამყარდა და „ამიერკავკასიის სათვისტომო“ დაარსდა. მისივე ინიციატივით იმართებოდა „ქართული საღამოები“, რომელთა პროგრამებიც უმთავრესად ქართული ცეკვა-სიმღერებისაგან შედგებოდა, დიდძალ მაყურებელს იზიდავდა და მთელი ფულადი შემოსავალი ღარიბ სტუდენტებს ხმარდებოდა.

სამაგისტრო გამოცდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წლის 21 მაისის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის დადგენილებით ივანე ჯავახიშვილი საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვეს. პროფესორთა საბჭომ დადგენილება დაამტკიცა და 1899 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა. ივ. ჯავახიშვილის საპროფესოროდ მოსამზადებელი ვადა 2 წელი იყო. განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ივ. ჯავახიშვილს 1900 წლის პირველი იანვრიდან თვეში 50 მანეთის ოდენობით სტიპენდია დაუნიშნა.

ივ. ჯავახიშვილი უნივერსიტეტის დამთავრებისას თავისუფლად იყენებდა ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სპარსულ და სირიულ წყაროებს და მომავალში სომხური ფილოლოგიის სპეციალისტი უნდა გამხდარიყო.

ნ. მარის დახასიათებით, ივანემ ზედმიწევნით ზუსტად იცოდა რუსული და ევროპული ენები (უნივერსიტეტში ყოფნის დროს გერმანულ ენაში კერძოდ ემზადებოდა, 1898 წელს კი, სრულყოფის მიზნნით, საზაფხულო არდადეგების დროს, ქ. კენიგსბერგში იმყოფებოდა).

1901 წლის 27 იანვარს ივანე ჯავახიშვილი სამაგისტრო გამოცდებზე გავიდა, სადაც მას „ქართლის ცხოვრებიდან“ ტექსტის წაკითხვა, გადათარგმნა და გარჩევა, „დასტურლამალიდან“ ასევე, წაკითხვა, გადათარგმნა და გრამატიკულად გარჩევა დაევალა. ქართულ სიტყვიერებაში სტუდენტს ამ უკანასკნელი ძეგლის, როგორც სიტყვიერების ძეგლის განხილვა მოსთხოვეს, საქართველოს ისტორიიდან კი 2 საკითხი შეხვდა: „1. როდის მოვიდნენ პირველად საქართველოში ოსმალო თურქები, როგორც დამპყრობნი? როდის აიღეს ქუთაისი, თბილისი? 2. ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა“. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა „ქართული სიტყვიერების მაგისტრის ხარისხი“ მოიპოვა.[3]

მივლინება და მოგზაურობა სინას მთაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ივანე გავახიშილი საზღვარგარეთ, ბერლინის უნივერსიტეტში მიავლინეს.

გერმანიის დედაქალაქში ყოფნისას ქართულ ისტორიულ ძეგლებს თარგმნიდა, გამოკვლევებს წერდა და ქართველი ხალხის კულტურულ მიღწევებს ევროპელ მეცნიერთათვის ხელმისაწვდომს ხდიდა. მან გერმანულად თარგმნა და გამოკვლევა დაურთო „ევსტატე მცხეთელის მარტვილობას“ და კ. შულცთან ერთად გერმანულადვე გადათარგმნა და გამოკვლევა დაურთო იოანე საბანისძის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს - „აბო თბილელის წამება“.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, 1902 წლის აპრილში ივანე ჯავახიშვილი ნიკო მართან ერთად ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით არაბეთში სინას მთაზე გაემგზავრა. 1902 წლის 7 მაისს ნიკო მარი წერდა: „...ჯავახიშვილი მუშაობაში ძალიან ბეჯითი და ამტანი აღმოჩნდა...“ [4]

სინას მთაზე მუშაობისას არა ერთი ფასდაუდებელი ძეგლი გამოავლინეს. განსაკუთრებით ძვირფასია ივ. ჯავახიშვილის მიერ გადაწერილი იოანე-ზოსიმეს „კრებაი თთუეთაი წელიწადისათაი“ და სხვა ძეგლები.

პედაგოგიური მოღვაწეობა პეტერბურგის უნივერსიტეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინას მთიდან დაბრუნების შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტს განცხადებით მიმართა ლექციების კითხვის უფლების მიცემის შესახებ. იგი სომხურ-ქართული სიტყვიერების კათედრაზე პრივატ-დოცენტის თანამდებობას თხოულობდა. არსებული წესის თანახმად მას ჯერ სანიმუშო საჯარო ლექციები უნდა წაეკითხა. ჯავახიშვილმა ორი სანიმუშო ლექცია წაიკითხა: პირველი 1902 წლის 1 ნოემბერს მის მიერ არჩეულ თემაზე - ქართული ეკლესიის რეფორმა მეთერთმეტე საუკუნეში“, მეორე კი იმავე წლის 18 ნოემბერს ფაკულტეტის მიერ მიცემულ თემაზე: „სტეფანოს ორბელიანის ისტორია. როგორც წყარო ადგილობრივი ისტორიისათვის“. ორივე ლექციის მოწონების შემდეგ ფაკულტეტმა ივანე ჯავახიშვილს დაავალა, წერილობით წარედგინა თუ რა კურსებს წაიკითხავდა. 1902 წლის 17 დეკემბერს ფაკულტეტმა მის მიერ წარდგენილი კურსების სია დაამტკიცა: 1. ეკლესიის ნაციონალიზაციის ისტორია საქართველოში (V-VII სს.), სათანადო ჰაგიოგრაფიული ძეგლების შესწავლით (კვირაში 3 საათი). 2) საზოგადოებრივი წყობლება სომხეთში ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში, სათანადო ადგილების კითხვით ლაზარე ფარპელისა და ფავსტოს ბიზანტიელის ისტორიებიდან (კვირაში 2 საათი).

სპეციალურ კურსებთან ერთად ივანე ჯავახიშვილი ზოგად კურსებსაც კითხულობდა, მათ შორის: საზოგადოებრივი წყობილება ძველ საქართველოსა და სომხეთში, საქართველოსა და სომხეთის საეკლესიო ისტორია და სხვა.

ივანე ჯავახიშვილმა ლექციების კითხვა 1903 წლიდან დაიწყო და ამავე წელს, 1 იანვარს იქნა არჩეული პრივატ-დოცენტად. ამ თანამდებობაზე 14 წლის განმავლობაში მუშაობდა. თვიურ ხელფასად დაენიშნა 100 მანეთი. 1904-1905 წლებში ივანე ჯავახიშვილმა სალექციო კურსები უფრო გააფართოვა. მისი სალექციო კურსები იყო: საქართველოს ისტორია, საქართველოს სამართლის ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქალაქ ანისის ისტორია, ქართული ენა, ქართველოლოგიის შესავალი, ქართული ეპიგრაფიკა, ქართული პალეოგრაფია და სხვა. იგი ლექციებს არა მარტო რუსულად, არამედ ქართულადაც კითხულბდა და მის ლექციებს არა მარტო მისი უშუალო სტუდენტები, არამედ სხვა ფაკულტეტებისა და ინსტიტუტების სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

1906 წელს ჯავახიშვილმა ჯვარი დაიწერა წარჩინებული ქართული ოჯახის წარმომადგენელზე, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანზე (1884-1968). 1907 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილმა წარმატებით დაიცვა სადისერტაციო თემა: „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“. აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭომ დისერტანტს ქართული სიტყვიერების მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.

ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1903 წელს, როდესაც ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო, საქართველოს ისტორიის შემსწავლელი სექცია ჩამოაყალიბა, რომელიც შემდეგში გაფართოვდა და 1907 წლის მიწურულს ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრის ცალკე ჩამოყალიბების შესახებ საკითხი დაისვა. უნივერსიტეტის საბჭომ სამეცნიერო წრის წესდება დაამტკიცა 1908 წლის 3 მარტს. წესდებაში განსაზღვრული იყოს წრის მიზანი: XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა, რეალურ მიზანს კი წარმოადგენდა მზადება ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის.

სამეცნიერო წრის წევრებმა ექვსი წლის განმავლობაში ერთობლივი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგად XIX საუკუნისა XX საუკუნის პირველი ათწლეულის ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები აღრიცხეს და წესრიგში მოიყვანეს. ასევე, წრის წევრები სამეცნიერო გამოკვლევებსაც წერდნენ, რომელთა თემებსაც ივანე ჯავახიშვილი ურჩევდა. 1915 წელს სამეცნიერო წრემ გამოსცა კრებული, რომელშიც წრის წევრთა საგულისხმო გამოკვლევები იყო დაბეჭდილი.

ივანე ჯავახიშვილი იმედოვნებდა, რომ სტუდენტთა სამეცნიერო წრე ქართველოლოგიაში მეცნიერული მუშაობის ცენტრის პეტერბურგიდან თბილისში გადმოსატანად სათანადო პირობებს შექმნიდა.

1911-1912 წლებში ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრემ სააღრიცხვო ანკეტები შეავსო, რათა გამოერკვიათ თუ რამდენი ქართველი სტუდენტი სწავლობდა რუსეთში და საზღვარგარეთ და ამა თუ იმ უნივერსიტეტში რამდენი და რა სპეციალობის ქართველი სწავლული მოღვაწეობდა. ეს ანკეტები ოდესაში, ვარშავაში, ყაზანში, ხარკოვში, ბრიუსელში, ბერლინსა და სხვა ქალაქებში დაიგზავნა, რომლებიც შემდეგ სამეცნიერო წრეს დაუბრუნდა. ანკეტების მეშვეობით გაირკვა, რომ „... არ იყო თითქმის არც ერთი დარგი მეცნიერებისა, ხელოვნებისა და ტექნიკისა, რომ მას არ დასწაფებოდეს ქართველი სტუდენტი“.

საჯარო ლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ჯავახიშვილის ძეგლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში.

ყველა პროგრესული ძალის დარაზმვის, ქართული კულტურის აღდგენა-აღორძინების ამოცანის განხორციელებისათვის სამეცნიერო წრეს მუშაობის ერთ-ერთ სახედ საქართველოს კულტურულ-ისტორიული წარსულის შესახებ საჯარო ლექციების კითხვა მიაჩნდა. ამ საქმესაც სათავეში ივანე ჯავახიშვილი ჩაუდგა. ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს დიდი მეცნიერი საქართველოსკენ მოეშურებოდა და მოხსენებებით გამოდიოდა. მისი ლექციები დიდ შთაბეჭდილებას ახდენნდა მსმენელზე. ჯერ კიდევ პრივანტ-დოცენტად პეტერბურგის უნივერსიტეტში ყოფნის დროს ივ. ჯავახიშვილი საქართველოს წარსულის კვლევა-ძიებით არ კმაყოფილდებოდა. თავის კაბინეტშიც არ იყო ჩაკეტილი, თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში საჯარო ლექციების კითხვით ხალხის კულტურული თვითშეგნების ამაღლებას ცდილობდა.

იმდროინდელი ქართული პრესა ივანე ჯავახიშვილის ლექციებს ეხმაურებოდა, აღნიშნული ლექციების შინაარსს ბეჭდავდა და ამ გზით გაზეთებიც ქართული კულტურის ერთგვარ პროპაგანდას ეწეოდნენ ხალხში. მაგ: გაზეთის „ისარი“ 1907 წლის 27 და 28 ივნისის ნომრებში მოთავსებული კორესპონდენციები (რომლებიც ივ. ჯავახიშვილის მიერ წაკითხულ საჯარო ლექციებს ეხებოდა) არაერთ მოწოდებას შეიცავდა: „... უცხოელებთან შეტაკებამ ქართველების ეროვნული გრძნობა გამოაღვიძა, მჭიდროდ შეაერთა და თვითშემეცნება უმაღლეს წერტილამდე აიყვანა“; [5] „... ქართველებმა მიაღწიეს მიზანს და ბერძნებს არაფერში ჩამორჩნენ, თუ არ გადააჭარბეს კიდეც. ამ ხანში საქართველოს ყველა კუთხის მკვიდრნი ისე მჭიდროდ იყვენ შეკავშირებულნი, ისე იყვნენ გამსჭვალულნი საერთოდ საქართველოს გადიდების სურვილით, რომ ხსენება არც-კი იყო არავითარ იმერლობა-ამერლობისა და სხვა ამის მსგავს რისმე, რომელიც ჩვენდა საამრცხვინოდ დღესაც სავსებით არ გამქრალა...“.[6]

ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული ერთ-ერთი ლექციისშესახებ ალ. ფრონელი წერდა: „...ახალგაზრდა მეცნიერმა ჯავახიშვილმა წარსულ კვირას წაიკითხა საჯარო ლექცია; „ეკონომიური ისტორია საქართველოსი უძველეს დროიდან მეცამეტე საუკუნემდე ქრისტესშობის შემდეგ“. ფრონელი ყურადღებას ამახვილებდა, რომ საგანი ძნელი იყო, მასალები მცირე დამიუხედავად ამისა, „სიმცირეს მასალისას არ შეუშინდა ლექტორი, რაც გამოქვეყნებულია, იმას თავი მოუყარა და შედარებით სავსე სურათი დაგვიხატა ჩვენის საქართველოს წარსულის ეკონომიური ვითარებისა“. ივანე ჯავახიშვილი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა ლექციებში ქართველთა სათანადო დამსახურებას და ამას თიგი სრული შეგნებით აკეთებდა.

1908 წლის 14 ივლისს ივანე ჯავახიშვილმა დეპუტატთა საკრებულო დარბაზში, ქარული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების სხდომაზე წაიკითხა ლექცია თემაზე: „საქართველოს ისტორიკოსთა ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური შეხედულების განვითარება VIII-XII საუკუნეთა განმავლობაში.[7]

1910 წლის იანვარში ივანე ჯავახიშვილი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა და საჯარო ლექციები წაიკითხა ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ისტორიიდან. წაკითხული 4 ლექციის შესახებ „საქართველოს მოამბე“ წერდა: „ლექციების მთავარი ღირსება იყო სიუხვე ცნობათა და მათი კრიტიკა, მერმე კიდევ მოხერხებული კონცენტრაცია აუარებელ მასალისა, რითაც ბ-ნი ივ, ჯავახივილი მართლაც განირჩევა ჩვეულებრივ პროფესორთაგან...“.[8]

ასეთ ლექციებში განვითარებული დებულებები ივანე ჯავახიშვილმა გააფართოვა და ბოლოს ცალკე წიგნად („ძველი ქართული საისტორიო მწერლობა“) გამოსცა.

1913 წლის ზამთარში ივ. ჯავახიშვილი ჩვეულებრივ ეწვია საქართველოს და თბილისელებს ახალი მეცნიერული ნააზრევი გააცნო. მეცნიერი ძველი ქართული ხელოვნების შესახებ მოხსენებით გამოვიდა. ივანე ჯავახიშვილის ლექციები ქართველ ხალხს რწმენას უმტკიცებდა, სამშობლოს აყვარებდა და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის აუცილებლობას უნერგავდა.

ივანე ჯავახიშვილმა პირველმა ახსნა, რომ ქართული ტაძრების სიდიადე მოთხოვნილებით იყო განპირობებული, ე.ი. ქართველი ხალხის კულტურული დონე იმდენად მაღალი იყო, რომ უბრალოდ ნაგები შენობა მათ გემოვნებას ვერ დააკმაყოფილებდაო. „ქართული ტაძრების ნაშთები ამტკიცებენ, რომ, ნამდვილი მოთხოვნილება იყო მშვენიერების, ბუნებისა და ხელოვნებისა, ხუროთმოძღვრებისა“.[9]

1906 წელს გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის ნაშრომი - „პოლიტიკური და სოციალური მოძრაობა საქართველოში XIX საუკუნეში“. წინასიტყვაობაში ივ. ჯავახიშვილი ნაშრომის დანიშნულებას განმარტავდა და აღნიშნავდა, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც რუსეთის საზოგადოებრივ აზრს იზიდავს საქართველოში არსებული მძლავრი სოციალური და პოლიტიკური მოძრაობები. ამ წიგნში მეცნიერმა თვითმპყრობელობის ნაციონალური პოლიტიკის ნამდვილი არსი დამაჯერებელი ფაქტებით გამოააშკარავა.

ამ ნაშრომის გამოცემის გამო პოლიციამ ივანე ჯავახიშვილი სამართალში მისცა. სასამართლოს დადგენილებით ივანე ჯავახიშვილის ეს შრომა მავნე წიგნად აღიარეს და აკრძალეს. განადგურების შესახებ დადგენილებამ მაინც ვერ უშველა, ცალკეული ცალები გადარჩა და მკითხველამდე მაინც მიაღწია.

აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია აღიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილი სარბიელზე გამოვიდა, როგორც საზოგადოებრივი მებრძოლი, რომლისთვისაც მეცნიერული მუშაობა მარტოოდენ საზოგადოებრივი აქტიურობის ერთი ფორმათაგანი იყო.

ივანე ჯავახიშვილი საგანგებოდ უკვირდებოდა ძველი საქართელოს სოციალური მოძრაობისა და კლასთა ბრძოლის ისტორიის საკითხებს. ამ პრობლემათა სერიიდან მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „სოციალური ბრძოლის ისტორია საქართველოში IX-XIII საუკუნეებში“.[10] ივანე ჯავახიშვილმა პირველმა აღნიშნა, რომ, კლასთა ბრძოლის ყველა ნიშანი საქართველოსთვისაც ისევე იყო დამახასიათებელი, როგორც სხვა ყველა განვითარებული ქვეყნისთვის.

პირველი მსოფლიო ომის დროს ჯავახიშვილმა კონფიდენციალური ურთიერთობა დაამყარა გერმანიის იმპერიის ხელისუფლებასთან. ის 1916 წელს ჩავიდა იმ დროისთვის ნეიტრალური სახელმწიფოს, შვედეთის სამეფოს დედაქალაქ სტოკჰოლმში, სადაც საიდუმლოდ შეხვდა იქ აკრედიტებულ გერმანიის იმპერიის ელჩს. 1917 წელს, როდესაც რუსეთში ცარიზმი დაემხო, ივანე ჯავახიშვილმა თავის ბინაზე მოიწვია ქართველ პატრიოტთა მცირე ჯგუფი და თათბირი გამართა. მაშინ ქ. თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნა გადაწყვიტეს. 1917 წლის აპრილში ჯავახიშვილი საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლის იანვარში ივანე ჯავახიშვილის საქმიანობა თბილისის უნივერსიტეტის დაარსებით დაგვირგვინდა.

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი ხოვლეში.
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ივ. ჯავახიშვილი დაიბადა თბილისში, ალექსანდრე ჯავახიშვილისა და სოფიო ვახვახიშვილის ოჯახში. მამამისი, თავადი ალექსანდრე ჯავახიშვილი გიმნაზიის მასწავლებელი იყო. 1895 წელს ივანე ჯავახიშვილმა დაასრულა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, 1899 წელს კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანული განყოფილება. 1899-1901 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი. 1901-1902 წლებში იგი მიწვეულ იქნა ბერლინის უნივერსიტეტში (გერმანია). 1902 წელს ის ნიკო მართან ერთად გაემგზავრა სინას მთაზე ქართული ხელნაწერების აღსაწერად. ამან მისცა საშუალება, გავარჯიშებულიყო ძველი ქართული ხელნაწერების კითხვაში. 1903 წელს მან დაიწყო ლექციების კითხვა პეტერბურგის უნივერსიტეტში, აღმოსავლური ფაკულტეტის ქართული და სომხური ფილოლოგიის კათედრაზე, როგორც პრივატ-დოცენტმა. 1907 წლის 13 მაისს ნაშრომისათვის „ძველი საქართველოსა და ძველი სომხეთის სახელმწიფოებრივი წყობილება“ მას მიენიჭა მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი. ჯავახიშვილისგან ელოდნენ სადოქტორო დისერტაციის მომზადებას, თუმცა მას ეს არ აინტერესებდა. მისი ინტერესი საქართველოში დაბრუნება და ქართულ ენაზე მეცნიერების განვითარება იყო. 1907-1917 წლებში იგი ხელმძღვანელობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. ჯავახიშვილს წერილით მიმართა ექვთიმე თაყაიშვილმა და შესთავაზა მის მიერ დაფუძნებულ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ჩადგომოდა სათავეში, რომლის წევრი ჯავახიშვილი 1907 წლიდან იყო. ჯავახიშვილმა თავმჯდომარეობაზე უარი თქვა, თუმცა ექვთიმე თაყაიშვილის ემიგრაციის შემდეგ, 1921-27 წლებში უძღვებოდა ამ საზოგადოებას. 1918 წელს მას მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

1917 წელს ცარიზმის დამარცხებამ და თებერვლის რევოლუციამ შესაძლებელი გახადა რუსეთის იმპერიაში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. მან პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. 1918-1919 წლებში ჯავახიშვილი იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი, 1919-1926 წლებში ამავე უნივერსიტეტის რექტორი. 1918–1938 წლებში ის თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრას ხელმძღვანელობდა, 1936-1940 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საქართველოს ისტორიის განყოფილებას ედგა სათავეში. იმავდროულად იგი იყო კავკასიისმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-კონსულტანტი, 1937 წლიდან რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი. 1939 წელს არჩეულ იქნა სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

ივანე ჯავახიშვილის მეცნიერული მოღვაწეობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა საქართველოსა და კავკასიის ისტორია და ისტორიოგრაფია, ქართული ეკონომიკისა და სამართლის ისტორია, კავკასიის ეთნოლოგია, საქართველოს ეთნოგრაფია, კავკასიური ენები, საქართველოს საისტორიო გეოგრაფია, ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორია. ითვლებოდა ისტორიული წყაროთმცოდნეობის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებლად. იყო 170-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 20-ზე მეტი მონოგრაფიის ავტორი.

ჯავახიშვილმა ღრმა კვალი დატოვა მეცნიერულ ქართველოლოგიაში. მას ფუძემდებლური ნაშრომები აქვს დატოვებული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა დარგში. როგორც მეცნიერმა, ჯავახიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან მიიქცია ყურადღება. ნაშრომისათვის „ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში“ პეტერბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ოქროს მედლით დააჯილდოვა (1898). ქართული ხელნაწერების შესწავლა-აღწერის მიზნით ჯავახიშვილმა ნიკო მართან ერთად იმოგზაურა სინის მთაზე (1902) და არაერთი მაღალი ღირსების ძეგლი გამოავლინა.

სამეცნიერო შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯავახიშვილმა დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის უმდიდრესი წყაროთმცოდნეობითი ბაზის ღრმა მეცნიერულ კვლევას. განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ძველი ქართული ჟამთააღმწერლობითი თხზულებების კრებულის — „ქართლის ცხოვრების“ შესწავლის საქმეში. მანვე აღმოაჩინა აღნიშნული კრებულის უძველესი ნუსხა, რომელიც ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ სახელითაა ცნობილი. ჯავახიშვილმა შექმნა ქართული წყაროთმცოდნეობის ფუძემდებლური ნაშრომი „ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა“, რომელიც გამოიცა ოთხ წიგნად:

1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V—XVIII სს.), (გამოსცა 1916, 1921, 1945, 1977);

2. ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია (1925);

3. ქართული დამწერლობათამცოდნეობა ანუ პალეოგრაფია (1926, 1949);

4. ქართული სიგელთამცოდნეობა ანუ დიპლომატიკა (1925).

ჯავახიშვილმა შეისწავლა ძველი სომხური საისტორიო მწერლობა (I წიგნი გამოიცა 1935) და სომხურ ისტორიოგრაფიასაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო.

ჯავახიშვილს ეკუთვნის კაპიტალური შრომა „ქართველი ერის ისტორია“ (5 წიგნად), რომელშიც სრულიად ახლებურადაა შესწავლილი საქართველოს პოლიტიკური ისტორია, სოციალური ურთიერთობის ფორმები, ქართველი ხალხის ვინაობისა და მიგრაციის საკითხები, სახელმწიფოებრივი წყობილების ფორმები, მატერიალური კულტურა, იდეოლოგია, სარწმუნოება, კულტურა. ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიის გეოგრაფიის პრობლემების ფართო მასშტაბით კვლევა. ისტორიის გეოგრაფიულ საკითხებს საჭიროებისამებრ იგი სხვადასხვა ნაშრომში ეხება, საგანგებოდ კი ამ პრობლემას უძღვნა მონოგრაფია „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ (1919).

ივ. ჯავახიშვილი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას. მის სახელთან არის დაკავშირებული 1930-იანი წლების შუა ხანებში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების დაწყება მცხეთასა და არმაზში.

ჯავახიშვილმა საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ეკონომიკის ისტორია. დღესაც ამ დარგის მეცნიერთა სამაგიდო წიგნს წარმოადგენს მისი 2 ტომიანი ფუნდამენტური მონოგრაფია „საქართველოს ეკონომიური ისტორია“.

ჯავახიშვილმა დიდი ამაგი დასდო ქართული სამართლის ისტორიის შესწავლასაც. შექმნა კაპიტალური ნაშრომი „ქართული სამართლის ისტორია“ (I წიგნი გამოქვეყნდა 1919, 1928; II წიგნის I ნაკვეთი — 1928; II წიგნის II ნაკვეთი — 1929, უკანასკნელი გამოცემა „თხზულებანი“, ტ. 6-7, 1982—1984).

ჯავახიშვილმა საფუძვლიანად გამოიკვლია მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში. შექმნა ფუძემდებლური მონოგრაფია ქართული მუსიკის ისტორიის საკითხებზე. 1943 ჯავახიშვილის თანაავტორობით გამოქვეყნდა საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო, რომელსაც 1947 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია.

ჯავახიშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა ქართული ენის უძველესი აგებულებისა და ნათესაობის საკითხების კვლევას. მან პირველმა დაასაბუთა ქართველური ენების მთის იბერიულ-კავკასიურ ენებთან ნათესაობა ძირითადი გრამატიკული კატეგორიებისა და ლექსიკის მიხედვით, რითიც მყარი ნიადაგი მოამზადა იბერიულ-კავკასიურ ენათმეცნიერების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის.

ჯავახიშვილის სახელთანაა დაკავშირებული უძველეს პალიმფსესტურ ხელნაწერებში V—VII საუკუნეებში ხანმეტი ტექსტების აღმოჩენა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ენის წერილობითი ისტორიის პერიოდიზაციისათვის.

ჯავახიშვილი აქტიურად იღვწოდა ქართული ხელოსნობისა და შინამრეწველობის ისტორიის შესასწავლად. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით იქნა შეკრებილი ქართული შინამრეწველობის უმდიდრესი მასალა (გამოიცა 3 ტომად 1976—1986 წლებში).

ჯავახიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო ვეფხისტყაოსნის 750 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში. თბილისში არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა. ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ქ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და სხვ.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე

საინტერესო ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ი. ჯავახიშვილი 5-ლარიან ბანკნოტზე
  • ივანე ჯავახიშვილი გამოსახულია ლარის 5-ნომინალის ბანკნოტზე.
  • 1958 წელს ივანე ჯავახიშვილის პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ინსტიტუტს (ახლანდელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) გადაეცა.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი, ი. (1928). საქართველოს ეკონომიური ისტორია: წიგნი პირველი დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. . მეორე, ახლად დაწერილი გამოცემა. ტფილისი: ქართული წიგნი, 428 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1935). საქართველოს ეკონომიური ისტორია: წიგნი მეორე. მეორე, ახლად დაწერილი გამოცემა. ტფილისი: ფედერაცია. 708 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1928). ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი. მესამე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა. ტფილისი: გამომცემელი: სილ. თავართქილაძე. 375 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1948). ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე. [რედ. სიმონ ყაუხჩიშვილი, ალ. ჯავახიშვლი]. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 418 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1948). ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე. [რედ. სიმონ ყაუხჩიშვილი, ალ. ჯავახიშვლი]. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 418 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1949). ქართველი ერის ისტორია, წიგნი მესამე. XIII-XIV საუკუნეები. [რედ. სიმონ ყაუხჩიშვილი, ალ. ჯავახიშვლი]. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 360 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1948). ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეოთხე. XV-XVI საუკუნეები. [რედ. სიმონ ყაუციშვილი, ალ. ჯავახიშვლი]. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 372 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1953). ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეხუთე.]დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. [რედ. სიმონ ყაუციშვილი, ალ. ჯავახიშვლი]. თბილისი: სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 263 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1935). ძველი სომხური საისტორიო მწერლობა. წიგნი პირველი. [რედ. გ. იმედაშვილი]. თბილისი: სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 216 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1990). ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები.. [რედ. მანან კორძაია]. თბილისი: ხელოვნება. 335 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1956). ქართული ენსა და მწერლობის ისტორიის საკითხები. [რედ. ილ. აბულაძე. ალ. ბარამიძე]. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. 225 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1945). ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა: წიგნი 1. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V-XVIII) სს. დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. . მეორე-მესამე გამოცემა. [რედ. სიმონ ყაუხჩიშვილი]. თბილისი: სტალიის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 448 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1937). ქართველი ერის ისტორიის შესავალი. ტომი 2. ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა. თბილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამოცემა
  • ჯავახიშვილი, ი. (1928). ქართული სამართლის ისტორია: წიგნი პირველი დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. . თბილისი: ტფილისის უივერსიტეტის გამოცემა. 220 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1926). ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა: ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაფია. წიგნი 3, ნაკვეთი 1.. ტფილისი: ქართული წიგნი. 240 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (2002). ენციკლოპედიური ლექსიკონი.[რედ. რ. მეტრეველი]. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 798 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1979). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I დაარქივებული 2019-04-14 საიტზე Wayback Machine. . [რედ. ვალერიან გაბაშვილი]. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 463 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1983). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II. დაარქივებული 2019-08-19 საიტზე Wayback Machine. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 496 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1982). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III. დაარქივებული 2020-02-27 საიტზე Wayback Machine. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 527 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1996). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი IV. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 512 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1982). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი VI. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 464 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1992). თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი X თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 782 გვ.
  • ჯავახიშვილი, ი. (1998). [ თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი XI. [რედ. მელიქიშვილი, გ. ალექსიძე, ზ. ჟორდანია, ი. ტორაძე, გ. თბილისი: მეცნიერება. 704 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მაყაშვილი, კ. (1926). ივანე ჯავახიშვილი. ჩვენი მეცნიერებები. №17-18. გვ. 2.
  2. ყაუხჩიშვილი, ს. (1948). ივანე ჯავახიშვილი. მნათობი, №3, გვ. 114.
  3. ყაუხჩიშვილი, ს. (1948). ივანე ჯავახიშვილი. მნათობი, №3, გვ. 115.
  4. ყაუხჩიშვილი, ს. (1948). ივანე ჯავახიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. მნათობი, №3, გვ. 117.
  5. გაზეთი „ისარი“. (1907). №139. გვ. 2-3.
  6. გაზეთი „ისარი“. (1907). 27-28 ივნისი, №138. გვ. 2-4.
  7. გაზეთი „ამირანი“. (1908). №86. გვ.3-4.
  8. ჟურნალი „საქართველოს მოამბე“. (1910). №13. გვ.9-11.
  9. „სახალხო გაზეთი“. (1914). №1084. გვ.3
  10. ჯავახიშვილი, ი. (1922-1923). „გლეხთა მოძრაობის ისტორიის ერთი ფურცელი ძველს სომხეთში“. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტომი II. გვ. 247-261