კახეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახეთი
სიღნაღი
სიღნაღი
KakhetiHistorical.svg
ადმ. ცენტრი თელავი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 8
ფართობი 11 379 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 409 551 (2004)
კახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
კახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
კახეთი, გრემი

კახეთი — ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდან — უჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდან — გრემი.

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.

ტრადიციები[რედაქტირება]

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.

კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.

დიპლიპიტო — დასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

არქიტექტურა[რედაქტირება]

ალავერდის საკათედრო ტაძარი

ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.

სიღნაღი

ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.

დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა

დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.

კახეთი

კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი ადმინისტრაციულად მოიცავს როგორც კახეთს, ასევე ისტორიულ კუთხეს – თუშეთს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული, ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4° ც, ხოლო ზაფხულში+23…+25° ც-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია, რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნო, მარადმწვანე ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს მთა - 4493 მ. თუშეთის საშუალო სიმაღლე – 1880 მ. კახეთი ცნობილია კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ტურისტებისა და ექსკურსანტების ყურადღებას. კახეთის გამორჩეულად ცნობილი კულტურული ძეგლებია: ნინოწმინდა, ბოდბე, ხორნაბუჯი, უჯარმა, სიღნაღი, გურჯაანის ყველაწმინდა, ალავერი, ახალი და ძველი შუამთა, იყალთო, გრემი, ნეკრესი... თითოეული ეკლესია - მონასტერი ძველი ტრადიციის მატარებელია, დღემდე მოქმედებს მათი სახელობითი დღესასწაულები. ეს კი საუკეთესო ფაქტორია მომლოცველთა ან უბრალოდ კულტურული ტურიზმით დაინტერესებულთათვის მხარეს დიდი პოტენციალი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. კახეთის მეღვინეობის ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III-II საუკუნეში იწყება და დღემდე მხარის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს. საქართველოს ღვინის ქარხნები უმეტესად კახეთშია კონცენტრირებული. აქაურ ქარხნებში ტურისტებს სხავადასხვა სერვისს სთავაზობენ: აცნობენ საწარმო პროცესს, ატარებენ ღვინის დეგუსტაციას, აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში. ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, სადაც ტურისტს შეუძლია ძველ ან ძველ სტილში აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დააგემოვნოს და ასევე გასინჯოს ქართული სამზარეულოს კერძები (ხშირად ხალხური სიმღერების ფონზე).კახეთში ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი. კახეთის ტერიტორიაზე ექვსი დაცული ტერიტორიაა – ბაწარას, ბაბანეულის, მარიამჯვრისა და ვაშლოვანის ნაკრძალები, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნული პარკები. თითოეული მათგანი ბუნების მოყვარულთ საოცარ ბუნების ძეგლებს სთავაზობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 447, თბ., 1980
  • საქართველოს ატლასი მოზარდთათვის გვ.30 „კახეთი“, გამომემლობა „დიოგენე“, თბილისი, 2005