ახალციხის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ახალციხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
ადმ. ცენტრი ახალციხე
კოორდინატები 41°38′20″ ჩ. გ. 42°59′10″ ა. გ. / 41.638889° ჩ. გ. 42.986111° ა. გ. / 41.638889; 42.986111
მერი ირაკლი ლაზარაშვილი
დაარსდა 1935
ფართობი 1010.3 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 38 895[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 38,51 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 68 %
სომხები 30,9 %
რუსები 0,4 %
ბერძნები 0,2 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 68 %
გრიგორიანები 17,4 %
კათოლიკეები 12,6 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი https://akhaltsikhe.ge
ახალციხის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ახალციხის მუნიციპალიტეტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახალციხე.

ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან - ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან - ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტი მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვისწყლის ხეობები. მუნიციპალიტეტის ტერიტორია — 1010 კვ.კმ-ა, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 410 კვ.კმ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან: სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები. მის ტერიტორიაზე გადის საქართველოს საერთაშორისო ავტომაგისტრალები ს 8 და ს 11; აგრეთვე ახალციხე - ბათუმის გზა, ასევე ხაშური-ვალეს რკინიგზის მონაკვეთი.

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში შედის. რელიეფი რთულია, გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც განლაგებულია 950 მ-დან (სოფელი აწყურთან) 2964 მ-მდე (მთა გუმბათი). მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე ეროზიული მთა-ხეობათა რელიეფია. მუნიციპალიტეტი მდიდარია წიაღისეულით. მოიპოვება მურა ნახშირი, დიატომიტი, აქატი, თაბაშირი, საშენი მასალა.

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე, ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში 520 მმ-ს არ აღემატება წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ-ს არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისსა (64 მმ) და ივნისში (86 მმ) მინიმუმი ზამთრის თვეებში (იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ).

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი მდინარეებია; მტკვარი, ფოცხოვისწყალი და მისი შენაკადები ქვაბლიანი და ურაველი. პატარა მდინარეებია; წინუბნისწყალი და ჭვინთაღელე. მდინარეები გაზაფხულზე წყალუხვია, შემოდგომიდან მათი დონე კლებულობს და ზამთარში მინიმუმამდე დადის. თავსხმა წვიმების დროს იცის პერიოდული ნაკადულების ღვარცოფული მოვარდნა. მდინარეებს იყენებენ სარწყავად. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველისა და გურკელის მინერალური სამკურნალო წყლები.

მცენარეული საფარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი ზონაა; გარდამავალი ტყესტეპისა, მთის ტყისა და მდელოსი. დაბალ ნაწილში განვითარებულია მდელოს ყავისფერი და ალუვიური მდელოს კარბონატული ნიადაგები, მესხეთისა და ერუშეთის ქედების ტყიან კალთებზე – ტყის ყომრალი ნიადაგი, რომელსაც უფრო მაღლა მთის მდელოს კორდიანი ნიადაგი ცვლის. ჭალის ზედა ტერასებზე ალუვიური ნიადაგია. ცენტრალურ ნაწილში გაბატონებულია კლდის ქსეროფიტული ბუჩქები და ნახევარბუჩქნარები (ღვია, გლერძა, ზღარბა, შავგაჯა) აგრეთვე ქსეროფიტული მრავალწლიანი ბალახეულობა, დიდი ფართობი უჭირავს ველის წივანიან და ვაციწვერიან დაჯგუფებებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში მთის ტაის ქვედა ზონა მუერან-რცხილნარს უჭირავს. მესხეთის ქედის ტაის ზედა ზონაში გავრცელებულია ნაძვნარ-სოჭნარი, ხოლო ერუშეთის ქედის ამავე ზონაში მთის ფიჭვნარი. ქედების თხემურ ზოლში სუბალპური და ალპური მდელოებია, რომლებიც ერუშეთის ქედზე ველის ელემენტებსაც შეიცავს.

ცხოველთა სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში აქა იქ გვხვდება ირემი, შველი, არჩვი, გარეული ღორი, წავი, ჭრელტყავა, ფოცხვერი, გარეული კატა, დათვი, გველი, მელა, მაჩვი, კვერნა, დედოფალა, კურდღელი, ტელეუტური ციყვი (აკლიმატიზებულია), წყლის მემინდვრია, ტყის თაგვი, ბევრია გარეული მტრედი, ქედანი, გვრიტი, ყვავი, კაჭკაჭი, შოშია, მწყერი. მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური როჭო, იშვიათია კაკაბი. ზოგან გვხვდება ჯოჯო, მრავალგანაა ხვლიკი, გველხოკერა, ანკარა, გომბეშო, ვასაკა, ტბის ბაყაყი, მდინარეებში არის კალმახი, წვერა, მურწა, ტობი, ხრამული და სხვა.

სასარგებლო წიაღისეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალციხის მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა საბადოებით. სოფელ მუსხის მიდამოებში არის დიატომიტის საბადო, სოფელ ბოგასა და გიორგიწმინდაში - ახალციხის აქატის საბადოები, ხოლო ვალესა და ნაოხრების მიმდებარე ტერიტორიაზე არის ახალციხის მურა ნახშირის საბადო.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია (68 %), ეთნიკური სომხები კი 30,9 %-ს შეადგენენ.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 54 747
2002 45 741
2014 38 895
2021[5] 39 500

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირია გამგებელი. ტერიტორიული ერთეულებია:

საკრებულო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია 2017[6] 2021[7] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 28 27                                                    
  ნაციონალური მოძრაობა 2 8              
  საქართველოსთვის 2    
  ევროპული საქართველო 3 1  
  დამოუკიდებელი * 1  
სულ 33 39  
* გამოეყო „ქართულ ოცნებას“[8]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის წამყვანი დარგია მრეწველობა, არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მოჰყავთ მარცვლეული კულტურები.

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში არის 9 საბავშვო ბაღი, 46 საჯარო სკოლა და ვალეს სამუსიკო სკოლა. მუნიციპალიტეტში არის 42 ბიბლიოთეკა.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. georgia-religion2014
  4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; მუხლი 151. თვითმმართველი ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები
  5. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  6. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  7. {{Cite web|title=პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021|url=https://cesko.ge/static/res/docs/2021sakrebuloswevraddameradarcheulipirebi.pdf%7Cpublisher=ცესკო%7Caccess-date=2022-12-20}[მკვდარი ბმული]
  8. "ქართულ ოცნებას" რეგიონული ჩინოვნიკებიც ტოვებენ და კელი დეგნანს აკრიტიკებენ ka (2022-07-11). ციტირების თარიღი: 2022-07-11