ჯებირის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯებირის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯებირში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 5,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. გარედან არქიტრავით გადახურული სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე შვერილი მხრებით. აფსიდის ღერძზე სარკმელია. აფსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში ნახევარწრიული, ღრმა ნიშებია. დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში, კამარის ქუსლთან, თაროა, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია, რომელიც ორივე მხრიდან ბრტყელი ქვითაა გადახურული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვევით, მცირე, სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია ბრტყელი ლავგარდანი. ამ მხარეს ეკლესიას მინაშენი ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.