შინაარსზე გადასვლა

პარიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
პარიზი
Paris
დროშა გერბი


Fluctuat nec mergitur
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
რეგიონი ილ-დე-ფრანსი
დეპარტამენტი პარიზი
შიდა დაყოფა 20 ოლქი
კოორდინატები 48°52′00″ ჩ. გ. 2°19′59″ ა. გ. / 48.86667° ჩ. გ. 2.33306° ა. გ. / 48.86667; 2.33306
მერი ბერტრან დელანოე
დაარსდა ძვ. წ. III საუკუნე[1]
ადრეული სახელები Lutetia Parisiorum
ფართობი 20 980 კმ²
ცენტრის სიმაღლე 48 მეტრი
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 2 145 906 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 2000 კაცი/კმ²
აგლომერაცია 13 024 518
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +33 1
საფოსტო ინდექსი 75001-75020 და 75116
საავტომობილო კოდი 75
ოფიციალური საიტი paris.fr
პარიზი — საფრანგეთი
პარიზი

პარიზი (ფრანგ. Paris [paˈʁi] პაღი) — საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ასევე ადმინისტრაციული ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს. პარიზი ევროპის წამყვანი კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიკული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.

მდებარეობს რა ჩრდილო-ცენტრალურ საფრანგეთში მდ. სენის ნაპირებზე, პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით. პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი.

პარიზის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2020 წლის მონაცემებით 2 145 906 ადამიანი ცხოვრობდა.[2] ბოლო საუკუნის განმავლობაში ქალაქი გაიზარდა და მნიშვნელოვანწილად გაფართოვდა. ამჟამად პარიზის ურბანულ ნაწილში დაახ. 10 858 852 (2020)[3] მილიონი მცხოვრებია, აგლომერაციაში კი - 13 024 518 მილიონი (2020).[4]

პარიზი და ილ-დე-ფრანსის რეგიონი აწარმოებს საფრანგეთის სიმდიდრის მეოთხედზე მეტს და მისი ეშპ დაახ. €450 მილიარდი ($506.7 მილ. ამ. დოლარი) იყო 2003 წელს. ახლომდებარე ლა დეფანსის ბიზნეს უბნის ჩათვლით პარიზში განლაგებულია ფრანგულ კომპანიათა თითქმის ნახევარის შტაბ-ბინები, ისევე როგორც მრავალ საერთაშორისო ფირმათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლობები.

პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum (ფრანგ. Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან „პარიზიო“, რაც „მუშა ხალხს“ ან „ხელოსნებს“ ნიშნავს.

პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა „სიყვარულის ქალაქი“, მაგრამ ყველაზე განთქმულია „La Ville-Lumière“ („სინათლის ქალაქი“). ზედმეტსახელი „სინათლე“ მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.

XIX საუკუნის შუა ხანებიდან, პარიზი ცნობილი იყო როგორც Paname ([panam]), პარიზულ სლენგში. (Ltspkr.pngMoi j'suis d'Paname, ე.ი. „მე ვარ პანამიდან“).

მცხოვრებლები ცნობილი არიან როგორც პარიზელები, ხოლო ფრანგულად Parisiens ([paʁizjɛ̃]) და Parisiennes. პარიზელებს ასევე ეძახდნენ Parigots ([paʁiɡo]) და Parigotes, ტერმინი პირველად გამოყენებული იქნა 1900 წელს, პარიზის რეგიონის გარეთ მცხოვრებთა მიერ.

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ²-ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს, მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.

ჰავის მონაცემები — პარიზი, ზღვის დონიდან 75 მ, ნორმალური მონაცემები — 1981–2010, ექსტრემუმები — 1872–დღემდე
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 16.1 21.4 25.7 30.2 34.8 37.6 42.6 39.5 36.2 28.9 21.6 17.1 42.6
საშუალო მაღალი °C 7.2 8.3 12.2 15.6 19.6 22.7 25.2 25.0 21.1 16.3 10.8 7.5 16.0
საშუალო დღიური °C 4.9 5.6 8.8 11.5 15.2 18.3 20.5 20.3 16.9 13.0 8.3 5.5 12.4
საშუალო დაბალი °C 2.7 2.8 5.3 7.3 10.9 13.8 15.8 15.7 12.7 9.6 5.8 3.4 8.8
რეკორდულად დაბალი °C −14.6 −14.7 −9.1 −3.5 −0.1 3.1 2.7 6.3 1.8 −3.8 −14.0 −23.9 −23.9
საშუალო ნალექი (მმ) 51.0 41.2 47.6 51.8 63.2 49.6 62.3 52.7 47.6 61.5 51.1 57.8 637.4
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 1,0 მმ) 9.9 9.0 10.6 9.3 9.8 8.4 8.1 7.7 7.8 9.6 10.0 10.9 111.1
თოვლიანი დღეები საშუალოდ 3.0 3.9 1.6 0.6 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.7 2.1 11.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 83 78 73 69 70 69 68 71 76 82 84 84 76
საშუალო თვიური მზიანი საათები 62.5 79.2 128.9 166.0 193.8 202.1 212.2 212.1 167.9 117.8 67.7 51.4 1 661,6
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი 22 28 35 39 42 42 43 49 43 35 26 21 35
საშუალო UV ინდექსი 1 2 3 4 6 7 7 6 4 3 1 1 4
წყარო 1: Meteo France,[5][6] Infoclimat.fr (ფარდობითი ტენიანობა, 1961–1990)[7]
წყარო 2: Weather Atlas (მზის სინათლის პროცენტი და UV ინდექსი)[8]
1889 წლის მსოფლიო გამოფენა

პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4,200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ძვ. წ. 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce) დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი, ტაძრები, თეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.

ახ. წ. 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის ხლოდვიგ I-ის სამეფოს დედაქალაქია. ხლოდვიგ I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო.

პარიზის დემოგრაფიული რუკა

ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში უამრავი ომების, ეპიდემიებისა და მასობრივი შიმშილის გამო ქალაქის მოსახლეობა საგრძნობლად მცირდებოდა. მაგალითად, 1832 წლის ქოლერამ 2000 ადამიანი იმსხვერპლა.

XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაციამ მოსახლეობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. 1921 წელს მოსახლეობამ 3 მილიონს მიაღწია, ეს ციფრი პარიზის ისტორიაში დღემდე რეკორდულია. დღეისათვის პარიზში ორ მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობს (იგულისხმება ძველი ქალაქი).

საპირისპირო სიტუაციაა გარეუბნებსა და სატელიტ დასახლებებში, სადაც 1921 წელს მხოლოდ 4,85 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, 2006 წელს კი 11,6 მლნ.

იმის ხარჯზე, რომ პარიზელთა დიდი ნაწილი, პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარეუბნებში ან საფრანგეთის სამხრეთით გადადის საცხოვრებლად, პარიზი საკმაოდ „ახალგაზრდა ქალაქს“ წარმოადგენს.

აქ ცხოვრობს დაუქორწინებელთა უდიდესი რაოდენობა - საშუალო პარიზული ოჯახი 1,75 ადამიანისგან შედგება. ფერტილობის კოეფიციენტი შეადგენს 1,64-ს რადგან პარიზული ოჯახების დიდ ნაწილს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. 2004 წლის მდგომარეობით, შობადობის კოეფიციენტი 14,8 შეადგენს, სიკვდილიანობისა კი 6,6. ამგვარად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება + 8,1-ია, ხოლო საერთო + 2,1.

ეთნიკური შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამდროისათვის პარიზში 310 000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, რაც ქალაქის მოსახლეობის 14,5 %-ს შეადგენს. ემიგრანტების დიდ ნაწილს პორტუგალიიდან, ალჟირიდან, მაროკოდან და ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულები წარმოადგენენ.

საკრე-კიორის ბაზილიკა

მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, მათ შორის 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის (უმეტესობა სუნიტია).

პარიზი საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს მეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი.

სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე - სერვისის სფერო (35 %), წარმოება (30 %), მშენებლობა (20 %) და კვება (15 %).

განვითარებულია ტურისტული ბიზნესიც: 2007 წელს ჩინელმა ტურისტებმა 79 მლნ ევრო დახარჯეს პარიზის უბეგრო მაღაზიებში, იაპონელებმა 87 მლნ ევრო, რუსებმა 72 მლნ ევრო, ამერიკელებმა 71 მლნ ევრო.

პარიზში ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახის საფინანსო დაწესებულებების დიდი ნაწილია განლაგებული. საფრანგეთის უმთავრესი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც უმთავრესად პარიზშია თავმოყრილი: Vivendi Universal, Groupe Lagardère, Groupe TF1. პარიზშია ასევე უმსხვილესი ყოველდღიური გამომცემლობა „Le Figaro“, „Le Monde“, „Libération“, და კიდევ არაერთი გამოცემა.

დღეისათვის პარიზი (50-60-იან წლებში გახსნილი ბიზნეს-გარეუბან დეფანსიანად) ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.

ფრანგული და საერთაშორისო ფირმების დიდი ნაწილის ქალაქში თავმოყრის წყალობით, პარიზი ეშპ თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონე ტოლია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის საშუალო დონისა.

პარიზის როლი, როგორც საერთაშორისო ტურისტული და სავაჭრო ცენტრისა, ბოლო ასწლეულის მანძილზე შესამჩნევად გაიზარდა. უკანასკნელი რამდენიმე დეკადის განმავლობაში პარიზი ჩქაროსნული ტრანსპორტის ცენტრი გახდა, დაწყებული სახმელეთო (სარკინიგზო, საავტომობილო) გადამზიდავებიდან, დასრულებული საჰაერო ტრანსპორტით; პარიზს ორი საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

ქალაქ პარიზისა და მისი რეგიონის საზოგადოებრივ ტრანსპორტს სინდიკატი „დე ტრანსპორტ დილ დე ფრანსი“ (Syndicat des transports d'Île-de-France) აწესრიგებს. სინდიკატის დაქვემდებარებაშია პარიზის შიდა და საგარეუბნო ავტობუსები, ასევე მეტრო.

წრიული გზა

პარიზი — ქვეყნის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძია. ისტორიულად საფრანგეთისთის მნიშვნელოვანი გზები პარიზიდან გადიოდა რადიუსებით, და დღეს-დღეობითაც ეს რადიუსები საფრანგეთის საავტომობილო რუკებზე კარგად ჩანს. ქალაქიდან ყველა შესაძლოა მიმართულებით გადის გზები: А1 ლილისკენ, А4 რეიმსისკენ, А5 დიჟონისკენ, А6 ლიონისკენ, А77 ნევერისკენ, А10 ორლეანისკენ, А13 რუანისკენ და А16 ამიენისკენ. ქალაქის ირგვლივ აშეენებულია წრიული გზა, რომელსაც 2-4 ზოლიანი სავალი ნაწილი აქვს ორივე მიმართულებით. კიდევ ორი წრიული გზა A86 და A104 რაც საშუალებას აძლევს სატრანზიტო მძღოლებს პარიზს შემოუარონ ქალაქში შეუსვლელად.

პარიზს ემსახურება სამი საერთაშორისო აეროპორტი:

  • შარლ დე გოლი 43,8 მლნ მგზავრით წლიურად (2003 წლის მონაცემები), ევროპაში მგზავრათა ნაკადის რაოდენობით მესამეა.
  • ორლი 23,1 მლნ მგზავრით წლიურად, მესამე ადგილზეა ევროპაში, და ძირითადად შიდა რეისებზეა გათვლილი.
  • ყველაზე ძველი აეროპორტი ლე ბურჟე უმეტესად კერძო თვითმფრინავეისა და მცირე ავიაკომპანიების მიერ გამოიყენება.

რკინიგზის ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სადგური სენ-ლაზარი. მის წინ მეტროს მე-14 ხაზის ჩასასვლელია

პარიზის სადგურების სარკინიგზო ხაზები დედაქალაქს საფრანგეთის ყველა რეგიონთან და მეზობელ ქვეყნებთან აკავშირებს. სადგურებს შორის კავშირი საკმაოდ ოპერატიულად მყარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის კარგად გაწერილი განრიგით.

ტვირთების გადასაზიდად გამოიყენება სადგურები ლე ბურჟე, იმავე სახელწოდების მქონე კომუნაში განლაგებული და Vaires მისგან გამავალი დიდი წრიული გზით (Grande Ceinture).

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პარიზის მეტროპოლიტენი

პარიზის ყველაზე სწრაფ და მოსახერხებელ გადამყვანად სახელდება მეტრო, რომელიც 16 ხაზისგან შედგება და საერთო სიგრძით 212,5 კმ-ია, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მეტროპოლიტენის სახელს ანიჭებს.

ასევე არსებობს რეგიონული ექსპრეს-მეტრო (RER) — ელმავლების ხაზები პარიზში მიწისქვეშ გაედინება და მეტროს ხაზებს კვეთს. RER-ის ქსელი ხუთი ხაზისგან შედგება და ასოებით A, B, C, D, E არის აღნიშნული.

1992 წელს პარიზში 60-70-იან წლებში დემონტირებული ტრამვაის ხაზების აღდგენა დაიწყო. პარიზის ტრამვაის ქსელი ოთხი ხაზისგან შედგება, ამათგან სამი ქალაქის გარეუბნებს აკავშირებს და მხოლოდ ერთი (Т3) ქალაქის ცენტრში მოძრაობს.

პარიზში ფართო საავტობუსო ქსელია, რომელიც არა მხოლოდ ჩვეულებრივ მარშრუტებს მოიცავს, არამედ სპეციალურ ხაზებსაც, რაც პარიზის ტურისტული ადგილების მოსანახულებლად გამოიყენება.

ართც თუ დიდი ხნის წინათ პარიზში გაჩნდა შესაძლებლობა ქალაქის ველოსიპედით მოვლისა. ქალაქის თითქმის ყველა წერტილში ავტომატიზებული ველოსადგომები Velib' არის განლაგებული.

განათლება და მეცნიერება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სორბონის უნივერსიტეტი
ეროვნული ბიბლიოთეკის ოვალური დარბაზი ძველ შენობაში
United Buddy Bears
პარიზი 2012

საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებლები პარიზში მდებარეობს. პარიზის ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი სორბონა 1257 წელს იქნა დაარსებული რობერ დე სორბონის მიერ ღარიბი სტუდენტებისთვის ღვთისმეტყველების სწავლების მიზნით. უნივერსიტეტმა სახელწოდება მხოლოდ XIV საუკუნეში მიიღო და ქალაქსა და სრულიად ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სასწავლებლად იქცა. სორბონის გარშემო ლათინური უბანი დაარსდა, რომლის სახელიც სხვადასხვა სტუდქალაქებმაც გადაიღეს. 1968 წელს რეფორმირების შედეგად პარიზის უნივერსიტეტი 13 დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად გაიყო.

პარიზში ასევე მდებარეობს საფრანგეთის ინსტიტუტი (Institut de France), რომელიც 5 აკადემიისგან შედგება; ამათგან ყველაზე ცნობილია საფრანგეთის აკადემია, რომელიც ინსტიტუტის ნაწილი 1803 წელს გახდა. ფრანგული აკადემია ვალენტენ კონრადის მიერ 1629 წელს დაარსებული პარიზის ლიტერატურული წრისგან ჩამოყალიბდა. უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აკადემიამ 1635 წელს მიიღო.

ასევე პრესტიჟულ სასწავლებლადაა მიჩნეული კოლეჟ დე ფრანსი. პოლიტექნიკური სკოლა. უმაღლესი ნორლმალური სკოლა. კათოლიკური ინსტიტუტი. სამთო ინსტიტუტი და მართვის ეროვნული ინსტიტუტი.

პარიზის ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა — მეფე კარლ V-ის მიერ 1368 წელს ლუვრში საკუთარი წინგთსაცავისგან დაარსებული ბიბლიოთეკაა. დაარსებისას ბიბლიოთეკაში მხოლოდ 911 მანუსკრიპტი ინახებოდა, რადგანაც, იმდროის ტრადიციების თანახმად მონარქის გარდაცვალების შემდეგ მისი ყველა საბუთი ნადგურდებოდა. ეს წესი ლუდოვიკ XI-მ დაარღვია, რომლისგანაც ფონდის გაფართოება დაიწყო. 1988 წელს პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. ამჟამად ბიბლიოთეკა 10 მლნ ბეჭდურ გამოცემას მოითვლის.

ლუვრი

პარიზში არის პარიზის უნივერსიტეტი, კოლეჟ-დე-ფრანსი, უმაღლესი პრაქტიკული სკოლა, ეროვნული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პასკალის კათოლიკური ინსტიტუტი, 40-ზე მეტი ე.წ. დამოუკიდებებლი ინსტიტუტი, ორი კონსერვატორია — დრამატული ხელოვნების და მუსიკალური, ლუვრის სკოლა, ნატიფი ხელოვნების უმაღლესი ეროვნული სკოლა და სხვა.

პარიზი სამეცნიერო ცენტრებითა და დარგობრივი აკადემიების სიმრავლით გამოირჩევა. აქვეა ქვეყნის უდიდესი ბიბლიოთეკები. ეროვნული არქივი და ეროვნული ბიბლიოთეკა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ლუვრი, კარნავალეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები, როდენის, გიმეს (აზიის მრავალი ქვეყნის კულტ. ისტ.), ბალზაკისა და ვიქტორ ჰიუგოს მემორიალური მუზეუმები და სხვა.

საფრანგეთის დედაქალაქი თეატრალური სამყაროს უდიდესი ცენტრია, აქ მუშაობს სამოცზე მეტი თეატრი, მათ შორის წამყვანია „გრანდ ოპერა“, „კომედი-ფრანსეზი“, „ტეატრ დელ ესტ პარიზიენი“. დიდი ჯგუფი თეატრებისა განლაგებულია ე.წ. დიდ ბულვარებზე: „ებერტო“, „რენესანსი“, „ჟიმნაზი“, „პორტ სენ მარტენი“, „მიშოდიერი“, „მატიურენი“, „კომედი კომარტენი“ და სხვა.

დიდი პოპულარობით სარგებლობს საგარეუბნო თეატრები: „ფრანგული თეატრი“, „ხელოვნების დემოკრატიული ფრთა“, „ტეატრ დე ლა კომჲუნი“. სამსახიობო კადრების აღზრდას ემსახურება დრამატული ხელოვნების ეროვნული კონსერვატორია.

პარიზი ღამით
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ღამით
Front de Seine-ის რაიონის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Google Books — 2005.
  2. - INSEE
  3. [1]
  4. - INSEE
  5. Climatological Information for Paris, France. Meteo France (აგვისტო, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-24. ციტირების თარიღი: 2020-09-26.
  6. Paris–Montsouris (984) French. Fiche Climatologique: Statistiques 1981–2010 et records. Meteo France. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2018.
  7. Normes et records 1961–1990: Paris-Montsouris (75) – altitude 75m French. Infoclimat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 აგვისტო, 2017. ციტირების თარიღი: 19 მაისი, 2015.
  8. Paris, France – Climate data. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2017