შინაარსზე გადასვლა

სატრიუმფო თაღი (პარიზი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სატრიუმფო თაღი
Arc de Triomphe
ალტერნატიული სახელები Arc de Triomphe de l'Étoile
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სატრიუმფო თაღი
არქიტექტურული სტილი ნეოკლასიციზმი
ქვეყანა საფრანგეთი[3] [4]
მდებარეობა შარლ დეგოლის მოედანი (ყოფილი ვარსკვლავის მოედანი)
კოორდინატები 48°52′26″ ჩ. გ. 2°17′42″ ა. გ. / 48.87389° ჩ. გ. 2.29500° ა. გ. / 48.87389; 2.29500
დაიწყო 15 აგვისტო, 1806[1]
გაიხსნა 29 ივლისი, 1836[2]
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე 50 მ
არქიტექტორ(ებ)ი ჟან შალგრენი
ლიუ-ეტიენ ერიკა დე ტური

სატრიუმფო თაღი (ფრანგ. L’Arc de triomphe de l’Étoile) — მონუმენტი პარიზში, საფრანგეთში; დგას შანზ-ელიზეს გამზირის დასავლეთ ბოლოში, შარლ დეგოლის მოედნის (ყოფილი ვარსკვლავის მოედნის) ცენტრში. ამ მოედანზე პარიზის 16 ფართო გამზირი გამოდის. თაღი მდებარეობს ერთდროულად პარიზის სამ რაიონში, მე-16-ში, მე-17-სა და მე-8-ში. სატრიუმფო თაღი ეძღვნება საფრანგეთის რევოლუციურ და ნაპოლეონის ომებში საფრანგეთისთვის დაღუპულებს. მის ქვეშ განისვენებს პირველ მსოფლიო ომში დაღუპული უცნობი ჯარისკაცი. ის აქ 1920 წლის „დაზავების დღეს“ დამარხეს. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა სადიდებლად საფლავზე მარადიული ცეცხლი ანთია. ყოველი წლის 11 ნოემბერს ხსოვნის საზეიმო ცერემონია იმართება.

სატრიუმფო თაღი ისტორიული ღერძის (ფრანგ. Axe historique —მონუმენტებისა და ქუჩების ერთობლიობაა პარიზში, რომელიც ლუვრის ეზოდან იწყება და ლა დიფინსის დიდი თაღით სრულდება) ცენტრალური ელემენტია. ის კლასიკური არქიტექტურული სტილისაა და ანტიკური რომის თაღებს ჰგავს, თუმცა ჩუქურთმებით აშკარად აღემატება წინამორბედებს. თაღი 1806 წელს ჟან შალგრენმა დააპროექტა (შალგრენი 1811 წელს გარდაიცვალა და 30 წლის განმავლობაში, სანამ თაღის მშენებლობა დასრულდებოდა, იგი რამდენიმე არქიტექტორმა შეცვალა). თაღი ცნობილია საფრანგეთის გამორჩეული მოქანდაკეების მიერ შექმნილი ფრიზებით. აქ ასახულია სცენები საფრანგეთის მიერ გამართული, მეტწილად, ნაპოლეონის ომებიდან. ოთხივე ფრიზს საკუთარი სახელი აქვს: „წინააღმდეგობა“. „მშვიდობა“, „1810 წლის ტრიუმფი“ და „1792 წლის მოხალისეთა გამგზავრება“ ანუ „მარსელიეზა“. თაღის შიდა კედლებზე საფრანგეთის პირველი იმპერიის გენერლების სახელებია ამოკვეთილი, ხოლო სვეტებზე - ნაპოლეონის მოგებული ომების სახელები. ზედა, ფრონტონის ფრიზზე ფრანგი ჯარისკაცები არიან გამოსახულნი, მათ ზემოთ კი ოცდაათი ფარია გამოკვეთილი - რევოლუციისა და ნაპოლეონის გამარჯვებების სიმბოლო.

50 მ სიმაღლის, 45 მ სიგანისა და 22 მ სისქის ეს თაღი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატრიუმფო თაღი იყო 1938 წლამდე, სანამ მეხიკოში რევოლუციის მონუმენტს არ ააშენებდნენ. ახლა ის სიდიდით მეორეა მსოფლიოში. იგი იმდენად დიდია, რომ 1919 წელს პირველი მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნავად მფრინავმა შარლ გოდფრუამ მის ქვეშ ბიპლანით გაიფრინა.

მშენებლობა და გვიანი მე-19 საუკუნე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სატრიუმფო თაღთან გამომავალი გამზირები შარლ დე გოლის მოედანზე.

სატრიუმფო თაღი მდებარეობს სენის მარჯვენა სანაპიროზე, 12 გამზირის შემაერთებელი მოედნის ცენტრში. მისი მშენებლობა აუსტერლიცის ბრძოლაში გამარჯვების ნიშნად იმპერატორმა ნაპოლეონმა 1806 წელს შეუკვეთა. საძირკვლის ჩაყრას ორი წელი დასჭირდა, ამიტომაც როდესაც 1810 წელს ნაპოლეონი ახალ მეუღლესთან, მარი-ლუიზთან ერთად პარიზში დაბრუნდა, მას მხოლოდ ხის მაკეტი დაახვედრეს.

ბურბონთა რესტავრაციის დროს მშენებლობა შეჩერდა, და მხოლოდ მეფე ლუი-ფილიპის მმართველობის დროს დასრულდა. მშენებლობის საბოლოო ღირებულებად 10 000 000 ფრანკი (დაახლოებით 65 მილიონი ევრო ან 75 მილიონი დოლარი) სახელდება.[5][6]

საფოსტო ბარათი. დაახლ. 1920

მშენებლობის დასრულების შემდეგ, სატრიუმფო თაღი გახდა საფრანგეთის ჯარების თავშეყრის ადგილი წარმატებული სამხედრო კამპანიების შემდეგ და ბასტილიის დღის სამხედრო აღლუმის დროს. თაღის გარშემო და მის ქვეშ მარშით გაიარეს გერმანელმა სამხედროებმა 1871 წელს, ფრანგებმა 1919 წლეს, კვლავ გერმანელებმა 1940 წელს და ფრანგულმა და მოკავშირეთა ჯარებმა 1944 და 1945 წლებში. თაღის ქვეშ უცნობი ჯარისკაცის დაკრძალვის შემდეგ საფლავისი და მისი სიმბოლიზმის პატივისცემის გამო სამხედრო მარშები სატრიუმფო თაღის ქვეშ გავლის ნაცვლად, მის გარშემო მოძრაობენ. ეს წესი 1940 წელს ჰიტლერმა დაარღვია, როდესაც გერმანელმა ჯარისკაცებმა თაღის ქვეშ გაიარეს. ასე მოიქცა შარლ დე გოლიც 1944 წელს.

1960 წლისთვის მონუმენტი გამონაბოლქვის გამო ძალიან გაშავდა, ამიტომ 1965-66 წლებში ის ქლორით გაწმინდეს. შანზ-ელიზეს გაფართოების შემდეგ 1982 წელს აშენებულმა ლა დიფენსის დიდმა თაღმა დააბოლოვა მონუმენტების რიგი, რომლებიც პარიზის ისტორიულ ღერძს ქმნიან. სატრიუმფო თაღისა და კარუზელის სატრიუმფო თაღის შემდეგ ლა დიფენსის დიდი თაღი ერთ მწკრივზე აშენებული მესამე თაღია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Raymond, Gino (30 October 2008). Historical dictionary of France. Scarecrow Press, გვ. 9. ISBN 978-0-8108-5095-8. 
  2. Fleischmann, Hector (1914). An unknown son of Napoleon. John Lane company, გვ. 204. 
  3. base Mériméeministère de la Culture, 1978.
  4. archINFORM — 1994.
  5. (1848) L'Abeille (fr). Petit Séminaire de Québec. 
  6. Historical Currency Converter. ციტირების თარიღი: 5 October 2021