ოულუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ოულუ
ფინ. Oulu, შვედ. Uleåborg
Montage Pokkinen Oulu.jpg
გერბი
Oulu.vaakuna.svg

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
რეგიონი ჩრდილოეთი ოსტრობოტნია
კოორდინატები fi 65°01′00″ ჩ. გ. 025°28′00″ ა. გ. / 65.01667° ჩ. გ. 25.46667° ა. გ. / 65.01667; 25.46667
მერი პაივი ლააიალა
დაარსდა 1605
ფართობი 3 880,62 კმ²
კლიმატის ტიპი სუბარქტიკული
ოფიციალური ენა ფინური
მოსახლეობა 200 526 [1] კაცი (2016)
სიმჭიდროვე 66,12 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი ouka.fi
ოულუ — ფინეთი
ოულუ

ოულუ (ფინ. Oulu) — ფინეთის სიდიდით მეხუთე ქალაქი. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ოულუს პროვინციაში, ბოტნიის ყურის აღმოსავლეთ ნაპირზე. 2016 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 200 526 ადამიანი.[1] ოულუ ცნობილია მაღალი ტექნოლოგიების კერად. ქალაქში ამჟამად მდებარეობს ორი სამეცნიერო პარკი და ტექნოლოგიის ცენტრი „იი მიკროპოლისი“.

ოულუში ასევე განლაგებულია რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის (მათ შორის ნოკიის) ოფისი. ოულუს მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია ამჟამად 10 000-მდე ადამიანს ასაქმებს.[2] ოულუს უნივერსიტეტმა დიდი გავლენა იქონია ქალაქის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, დღესდღეობით უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ახალი ტექნოლოგიების კვლევა და განვითარებაა.[2][3] ოულუ ასევე ითვლება ე.წ. „ცოცხალ ლაბორატორიად“, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მონდომებით ითვისებს უახლეს ტექნოლოგიებს (მაგ.: NFC).[4]

სახელის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავად სიტყვა ოულუს წარმოშობის ზუსტი წყარო უცნობია. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით სიტყვა ოულუ მომდინარებს ლოპური სიტყვიდან åulo, რომელიც ქართულად ნიშნავს გამდნარ თოვლს . მეორე ვერსიით ქალაქის სახელი ჩრდილოეთ სავონიის დიალექტიდან, სიტყვა uula-დან (ქართ. არხი) მოდის. ქალაქს სახელი დიდი ალბათობით ახლოს მდებარე მდინარე ოულუიოკის და ტბა ოულუიარვის სახელებიდან გამომდინარე დაერქვა, რაც იმდროინდელ ფინეთში გავრცელებული პრაქტიკა იყო. [5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუ დაფუძნდა 1605 წელს შვედეთის მეფის კარლ IX-ს ბრძანებით, მდინარე ოულუიოკის ნაპირზე. [6] ქალაქის დაფუძნებამდე, XIV-XVII საუკუნეებში, ოულუს რეგიონი მორიგეობით იმყოფებოდა ნოვგოროდის და შვედეთის სამეფოს შემადგენლობაში. ამ პერიოდში ოულუს რეგიონში შვედებმა, ნოვგოროდის და შემდეგში რუსეთის მოსაგერიებლად, ააგეს ოულუს და კასტელის ციხე-სიმაგრეები. 1595 წელს ტაიუსსინას ზავის შედეგად რუსეთმა საბოლოოდ აღიარა ოულუს რეგიონი შვედეთის სამეფოს ნაწილად.[7]

XVII საუკუნის განმავლობაში ოულუმ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები. 1610 წელს კარლ IX-მ ოულუს ქალაქის პრივილეგიები მიანიჭა. საუკუნის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობა გაორმაგდა და 800 მოსახლეს მიაღწია. ამავე პერიოდში ქალაქში აშენდა მუნიციპალიტეტის შენობა, სატუსაღო, ეკლესია და დაწყებითი სკოლა. 1682 წლისათვის ოულუს დაწყებით სკოლა, სრულ სკოლად გადაკეთდა, რამაც მის კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალება მისცა.[8]

ოულუსთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა XVIII საუკუნის დასაწყისი. 1714 წელს შვედეთის და რუსეთის სამეფოებს შორის დაწყებულმა კონფლიქტმა ქალაქი გააპარტახა. „დიდი რისხვის“ სახელით ცნობილი რუსული სამხედრო კამპანიის შედეგად გადაიწვა ოულუს ციხე-სიმაგრე, მიტოვებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 40%, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა ან რუსების მიერ იქნა დატყვევებული.[9]

1721 წლის ზავის შემდეგ, დაიწყო ქალაქის აღდგენა და XVIII საუკუნის ბოლოსთვის ქალაქის მოსახლეობამ 3400-ს მიაღწია. 1765 წელს ოულუს მიენიჭა საერთაშორისო ვაჭრობის უფლება, რის შედეგადაც ქალაქმა დაიწყო ხე-ტყის მასალის, თევზის და ქარაქის ექსპორტი. 1776 წელს კი, ქალაქი გახდა ოულუს პროვინციის დედაქალაქი. პროვინციის დედაქალაქის პირველი მმართველი ვიცე-პოლკოვნიკი კარლ მაგნუს იაგერჰორნი გახდა.[9]

1809 წელს მორიგი რუსულ-შვედური ომის შედეგად დაიდო ჰამინას ზავი. ზავის მიხედვით ფინეთი შეუერთდა რუსეთის იმპერიას ავტონომიური საჰერცოგოს სახით. ამ პერიოდში ოულუში გამოიცა ფინურენოვანი გაზეთი Oulun Wiikko-Sanomat (ქართ. ოულუს კვირეული ამბები) და პირველი ფინურენოვანი ჟურნალი Mehiläinen (ქართ. ფუტკარი).[10] XX საუკუნის დასაწყისისთვის ოულუში განვითარდა წარმოება და ქალაქის მოსახლეობა 17 850-მდე გაიზარდა.[11]

ოულუმ შედარებით სიმშვიდეში გაატარა ფინეთის დამოუკიდებლობის გამოცხადება, ზამთრის, სამოქალაქო და ორი მსოფლიო ომი.[11] [12] თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ოულუ ამ მოვლენების პერიფერიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ქალაქმა გააგრძელა სწრაფი ზრდა. XX საუკუნის 50-იანი წლებისთვის ოულუს მოსახლეობამ 50 000 ადამიანს გადააჭარბა, დაფუძნდა მრავალი საწარმო, და უნივერსიტეტი.[12]

1973 წელს ნოკიამ შეიძინა 24 ჰექტარი მიწა, სადაც აშენდა რამდენიმე ქარხანა. ნოკიას შემოსვლამ შეიტანა გადამწყვეტი როლი ოულუს ტექნოლოგიურ კერად ჩამოყალიბებაში.[13]

2013 წელს შეიქმნა ახალი ადმინისტრაციული ერთეული, ე.წ. ახალი ოულუ, რომელიც წარმოიქმნა ოულუს და მის ახლოსმდებარე დასახლებების, ჰაუკიპუდასის, კიიმინკის, ოულუნსალოს და ული-იის შეერთებით.[14]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუ განლაგებულია ბოტნიის ყურის და მდინარე ოულუიოკის ნაპირებზე. ოულუ მდებარეობს დაბლობზე. ქალაქის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 135 მეტრს აღწევს. ქალაქი მდებარეობს სუბარქტიკულ კლიმატურ ზოლში, სადაც წლიური საშუალო ტემპერატურაა 2.7 °C.

წლიური ამინდი — ოულუ, ფინეთი 1981-2010
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ
რეკორდ. მაღალი °C (°F) 7.2 (45) 7.8 (46) 10.1 (50) 20.3 (69) 28.4 (83) 31.7 (89) 33.0 (91) 30.5 (87) 24.5 (76) 16.4 (62) 11.2 (52) 9.6 (49)
საშუალო მაღალი °C (°F) -6.0 (21) -5.7 (22) -0.9 (30) 5.6 (42) 12.5 (55) 17.9 (64) 20.9 (70) 18.3 (65) 12.5 (55) 5.8 (42) -0.4 (31) -4.0 (25)
საშუალო დღიური °C (°F) -9.6 (15) -9.3 (15) -4.8 (23) 1.4 (35) 7.8 (46) 13.5 (56) 16.5 (62) 14.1 (57) 8.9 (48) 3.3 (38) -2.8 (27) -7.1 (19)
საშუალო დაბალი °C (°F) -13.6 (8) -13.3 (8) -8.8 (16) -2.6 (27) 3.3 (38) 9.0 (48) 12.2 (54) 10.1 (50) 5.4 (42) 0.8 (33) -5.5 (22) -10.8 (13)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -37.5 (-36) -41.5 (-43) -30.5 (-23) -21.4 (-7) -7.8 (18) -1.0 (30) 3.7 (39) -1.5 (29) -7.1 (19) -20.6 (-5) -28.4 (-19) -37.2 (-35)
ნალექი მმ (დუიმი) 31 (1.2) 26 (1) 26 (1) 20 (0.8) 37 (1.5) 46 (1.8) 71 (2.8) 65 (2.6) 44 (1.7) 45 (1.8) 36 (1.4) 30 (1.2)
წყარო: საშუალო ტემპერატურა ფინეთში 1981-2010 [15]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ბოლოსთვის ოულუს მოსახლეობა 200 526 ადამიანს შეადგენდა.[1] ქალაქის მოსახლეობის 49,8% მამაკაცია, ხოლო 50,2% ქალი.[16] მოსახლეობის 97,4% ფინეთის მოქალაქეა.[17] ოულუს მოსახლეობის უმრავლესობა ფინურენოვანია, შვედურად მოსაუბრე მოქალაქეების რაოდენობა უმნიშვნელოა.

ოულუს მოსახლეობა 1980–2015 წლებში
Year Population
1980
  
121 809
1985
  
128 869
1990
  
136 029
1995
  
146 395
2000
  
160 851
2005
  
173 436
2010
  
185 419
2015
  
196 956
წყარო: Tilastokeskus [1], [18].

მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუს მერი 2017 წლის აპრილიდან პაივი ლააიალაა.[19] ოულუს საკრებულო 67 დეპუტატისგან შედგება. 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, საკრებულოს შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:[20]

პოლიტიკური პარტია ხმათა % წარმომადგენელი
ცენტრისტული პარტია 24,2 17
ნაციონალური კოალიცია 19,1 13
მემარცხენე ალიანსი 16,0 11
მწვანეთა პარტია 14,7 10
სოციალ-დემოკრატიული პარტია 12,3 8
ჭეშმარიტ ფინელთა პარტია 8,3 6
ქრისტიან-დემოკრატიული პარტია 2,4 1
უპარტიო 1,5 1

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად ოულუში განვითარებული იყო ხე-ტყის მასალის წარმოება და ვაჭრობა. მის შემდეგ რაც 1970-იან წლებში ქალაქში შემოვიდა ნოკია, ოულუ თანდათანობით გარდაიქმნა მაღალი ტექნოლოგიების ქალაქად. ნოკიის პოპულარობის ზენიტში, კომპანიის კვლევის და განვითარების განყოფილებას ოულუში 5 000-მდე ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. [21] ნოკიას ფინანსურმა სირთულეებმა 2008-2014 წლებში დიდი დარტყმა მიაყენა ოულუს ეკონომიკას. შემცირებების რამდენიმე ციკლის შედეგად [22] ოულუში ნოკიას მიერ დასაქმებულთა ნახევარზე მეტი სამუშაოს გარეშე დარჩა.[21] 2014 წლის მონაცემებით ქალაქის უმუშევრობამ რეკორდულ ნიშნულს, 17,2%-ს მიაღწია.[23]

ოულუს ეკონომიკური სტრუქტურა დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:[24]

სექტორი დასაქმებულთა რაოდენობა (2013)
მომსახურეობის სფერო 54 698
წარმოება 8 960
ვაჭრობა 8 805
მშენებლობა 5 922
ტრანსპორტი 4 126
სოფლის მეურნეობა 906
სხვა 661
სულ 84 078

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუში განთავსებულია ორი უმაღლესი განათლების სასწავლებელი: ოულუს უნივერსიტეტი და ოულუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. ოულუს უნივერსიტეტი მოქმედებს 1958 წლიდან. ამჟამად ოულუს უნივერსიტეტს ჰყავს 16 000-მდე სტუდენტი, და 3 000-მდე თანამშრომელი.[25] უნივერსიტეტი მოიცავს ბიზენსის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ბიოქიმიის, მედიცინის, არქიტექტურის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტებს.[26]

ოულუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ოულუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტია. უნივერსიტეტს ამჟამად ესწრება 8 800 სტუდენტი.[27] უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ბიზნესის ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და კულტურის განხრით.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუ ცნობილია რამდენიმე კულტურული პროდუქტით, მათ შორისა: საჰაერო გიტარის მსოფლიო ჩემპტიონატი, Mieskuoro Huutajat (მყვირალა კაცთა გუნდი) და აწ უკვე დაშლილი მეტალ-ჯგუფი Sentenced. ქალაქში ყოველწლიურად იმართება კლასიკური მუსიკის, როკის და ჯაზის ფესტივალები. ოულუში მოქმედებს რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის: ჩრდილოეთ ოსტრობოტნიის მუზეუმი, ოულუს ხელოვნების მუზეუმი, ოულუს საავტომობილო მუზეუმი, ტიეტომაას სამეცნიერო ცენტრი და ტურკანსაარის ღია მუზეუმი.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუში განლაგებულია ოულუს აეროპორტი, რომელიც ფინეთში, ჰელსინკის აეროპორტის შემდეგ, მეორეა გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით. აეროპორტი მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში. ქალაქში ასევე მოქმედებს სატვირთო პორტი, და რკინისგის სადგული რომელიც ჰელსინკისთან, ტამპერესთან და როვანიემთან არის დაკავშირებული.

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საარა აალტო, მომღერალი
  • მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • პეტერ ფონ ბაჰი, რეჟისორი
  • ვლადისლავ დელეი, მუსიკოსი
  • ლარს გელენიუსი, XVII საუკუნის მხატვარი
  • კიუსტი კალიო, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ლეენა პელტონენ-პალოტიე, გენეტიკოსი
  • კეკე როსბერგი, 1982 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი
  • კარლო იუჰო სტოლბერგი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოულუს დაძმობილებული ქალაქები:[28]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Ennakkoväkiluku sukupuolen mukaan alueittain, joulukuu 2016, Tilastokeskus, 2016-12-31, http://pxnet2.stat.fi/PXWeb/pxweb/fi/StatFin/StatFin__vrm__vamuu/005_vamuu_tau_101.px/?rxid=82ce39f0-3202-4b33-bfcd-3ece427997ad. წაკითხვის თარიღი: 2017-04-23
  2. 2.0 2.1 Oulu: General information, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/oulu-information. წაკითხვის თარიღი: 2017-04-23
  3. University of Oulu Strategy 2016–2020, University of Oulu, http://www.oulu.fi/university/node/35051. წაკითხვის თარიღი: 2017-04-23
  4. Saylor, Michael (2012). The Mobile Wave: How Mobile Intelligence Will Change Everything. Perseus Books/Vanguard Press, გვ. 63. 
  5. Saarikivi, Janne (2003), Oulu-nimen etymologia, Oulunsalon kirkon seudun paikannimistö, http://scripta.kotus.fi/www/verkkojulkaisut/julk125/oulunsalo/oulun_etymologia.shtml. წაკითხვის თარიღი: 2017-04-23
  6. History of Oulu, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/history. წაკითხვის თარიღი: 2017-04-24
  7. Oulu 1301-1600, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/1301-1600. წაკითხვის თარიღი: 2017-04-24
  8. Oulu 17th Century, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/17th-century. წაკითხვის თარიღი: 2017-04-24
  9. 9.0 9.1 Oulu 18th Century, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/18th-century. წაკითხვის თარიღი: 2017-04-24
  10. Oulu 1801-1869, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/1801-1869. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25
  11. 11.0 11.1 Oulu 1901-1938, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/1901-1938. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25
  12. 12.0 12.1 Oulu 1939-1959, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/1939-1959. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25
  13. Oulu 1965-2000, City of Oulu, https://www.ouka.fi/oulu/english/1965-2000. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25
  14. Uusi Oulu, City of Oulu, 2013, https://www.ouka.fi/oulu/uusi-oulu. წაკითხვის თარიღი: 2017-04-26
  15. FMI normals 1981-2010. Finnish Meteorological Institute. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25.
  16. Tilastoja Oulusta. Oulun kaupunki (31.12.2015). წაკითხვის თარიღი: 2017-04-26.
  17. Väisänen, Kimmo (2016). Oulun Kaupungin Tilastollinen Vvuosikurja 2015. Oulun Kaupunki Konsernihallinto, გვ. 29. 
  18. Väestö kielen mukaan sekä ulkomaan kansalaisten määrä ja maa-pinta-ala alueittain 1980–2012 Finnish. Tilastokeskus (2013-04-22).
  19. Oulun uudeksi kau­pun­gin­joh­ta­jak­si on valittu Päivi Laajala – tiukka äänestys ratkesi yhden äänen erolla. Kaleva.fi (2016). წაკითხვის თარიღი: 2017-04-26.
  20. Tulokset: Oulu. Oikeusministeriö - Tulospalvelu (2017). წაკითხვის თარიღი: 2017-04-26.
  21. 21.0 21.1 Ando, Ritsuko. (2013-12-22) Finnish city Oulu sees light at end of Nokia tunnel. Reuters. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29.
  22. Nokia axes 700 jobs in Oulu. YLE News (2012-08-02). წაკითხვის თარიღი: 2017-04-29.
  23. Väisänen, Kimmo (2016). Oulun Kaupungin Tilastollinen Vvuosikurja 2015. Oulun Kaupunki Konsernihallinto, გვ. 52. 
  24. Business and Industry. City of Oulu. წაკითხვის თარიღი: 2017-04-29.
  25. University of Oulu – Creating innovation for the future. Oulu University. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25.
  26. Oulu University: Units and Faculties. Oulu University. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25.
  27. Elinvoimaa ja hyvinvointia pohjoiseen. Oulun Ammattikorkeakoulu. წაკითხვის თარიღი: 2017-04-26.
  28. Ystävyyskaupungit. City of Oulu. წაკითხვის თარიღი: 2017-04-25.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოულუ&oldid=3276116“-დან