პანკისის ქედი
პანკისის ქედი | |
---|---|
პანკისის ქედის ხედი აღმოსავლეთიდან. ცენტრში ჩანს საკანაფოს სერი | |
კოორდინატები: 42°09′35″ ჩ. გ. 45°10′30″ ა. გ. / 42.159833° ჩ. გ. 45.175083° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | უსახელო |
სიმაღლე | 2603 მ |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი, ქვიშაქვა, კირქვა, მერგელი, თიხა |
სურათები ვიკისაწყობში |
პანკისის ქედი, ტბათანის ქედი, წოვის ქედი — ქედი საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. კახეთის კავკასიონის მთავარი ქედის განშტოება, მდინარეების ილტოსა და ალაზნის წყალგამყოფი. გამოეყოფა კახეთის ქედს ლაგაისმთასთან და სამხრეთით მდინარე ილტოს ქვემო დინებამდე აღწევს. აგებულია იურული და ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, მერგელებით, თიხებით. პანკისის ქედზე აღმართულია მთები: უსახელო (2603 მ), ტბათანა (2457 მ), საკანაფოს სერი (1856 მ), მთაწმინდა (1508), ჯაბური (1474 მ), კლდისთავი (1273 მ) და სხვა.
პანკისის ქედის კალთები დანაწევრებულია მდინარეების ლამაზურის, ქვაჩადალის, ბაწარის, კურტანაძეულის, მატნისხევის, ველთხევის, საღორისხევის, ბოდალხევისა და სხვა ხეობებით, რომელთა შორის არის გვერდითი ეროზიული ქედები. პანკისის ქედზე გარდა ეროზიულისა არის რელიეფის მეწყრული და კარსტული ფორმები. კალთების ქვედა ნაწილი შემოსილია რცხილნარ-მუხნარით, ზედა — წიფლნარით, გამოერევა ცაცხვი, ნეკერჩხალი, წაბლი. ქედის თხემურ ზოლში გავრცელებულია სუბალპური და ალპური მდელოები. აღმოსავლეთ კალთაზე მდინარე ბაწარის ხეობაში არის უთხოვრის ტყის ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 663.
|