გურჯაანის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
ადმ. ცენტრი გურჯაანი
კოორდინატები 41°45′00″ ჩ. გ. 45°48′00″ ა. გ. / 41.75000° ჩ. გ. 45.80000° ა. გ. / 41.75000; 45.80000
ფართობი 846.0 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 54 337[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 64,23 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,45 %
სომხები 0,50 %
ოსები 0,49 %
რუსები 0,26 %
აზერბაიჯანელები 0,09 %[2]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 98,75 %[3]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
გურჯაანის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი — კახეთის მხარე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე შედიოდა თბილისის გუბერნიის თელავის მაზრაში, 1921 წლიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით იგი შედიოდა თელავის მაზრაში, 1930 წლიდან კახეთის ოლქშია დამოუკიდებელ რაიონად, შემდეგ ცალკე რაიონია. 2006 წლიდან მუნიციპალიტეტია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. სახელ გურჯაანს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ - ქართველთა სადგომს.[4][5]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი ჰერეთის ფარგლებში იყო და ვეჯინის საერისთავოში შედიოდა. XV საუკუნის 70-იანი წლებიდან, კახეთში საერისთავოების გაუქმების შემდეგ, აქ რამდენიმე სამოურავო იყო (ვეჯინის, ველისციხის, კალაურის, შაშიანის, ახაშნის, ჯიმითის, ჩუმლაყის და სხვა).

ადმინისტრაციული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტი არის დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი გურჯაანი. გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანო (მერია). რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერი 4 წლის ვადით ირჩევა. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2021 წელს.[6]

მუნიციპალიტეტში გაერთიანებულია 24 ადმინისტრაციული ერთეული. ეს ადმინისტრაციული ერთეულებია:

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტს საზღვრავს 5 ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტი. დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთით თელავის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით ყვარლის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით კი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი. კახეთის მხარის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტი ყველაზე პატარა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია. მისი ფართობია 846,0 კმ². სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 39 430 ჰა უკავია, ხოლო ტყით დაფარული საერთო ფართი შეადგენს 27 730 ჰა-ს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გურჯაანი.[8]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.[8]

საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,4 °C, წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0,9 °C, ხოლო ყველაზე ცხელი თვის, აგვისტოსი — 23.6 °C. ნალექების საშუალო წლიური მოცულობა ტერიტორიის დიდ ნაწილში 800 მმ-მდეა, ხოლო ზეგნისკენ 500-600 მმ-მდე მცირდება. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალაზანი, მცირეწყლიანი მოკლე შენაკადებით (ჭერმისხევი, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა და სხვა).[8]

რელიეფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანი, ახტალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის რელიეფი მის უდიდეს ნაწილში დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალმთიანი რელიეფიც. ტერიტორიის ძირითადი სიმაღლე მერყეობს 300-450 მეტრიდან 850-1000 მეტრამდე. მუნიციპალიტეტი მდინარე ალაზნის აუზში ვრცელდება. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია გომბორის საშუალდაბალმთიანი ქედი. გომბორის ქედი აქ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან იჭრება. იგი აგებულია ცარცული და ნეოგენური თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, კონგლომერატებითა და ტუფოგენური დანალექი წყებებით. ყველაზე ახალგაზრდა გეოლოგიური ფორმაციაა ე.წ. ცივის წყება, რომლის ჯამური სიმძლავრე თითქმის 2000 მ-ია. გომბორის ქედის ჰიდროგრაფიული ქსელი უმეტესწილად მცირეწყლიანია. ძირითადად დანაწევრებულია ხშირი ხევ-ხეობების ქსელით. მასზეა მთები: ცივი, მანავისცივი, გომბორი, ვერონა, კოდა, ჟატისმთა, მთავარი მოწყალე, ტბისწვერი, ხარისთავი და ა.შ. გადასასვლელებიდან აღსანიშნავია ჩალაუბნის უღელტეხილი (ზღვის დონიდან 750 მ). გურჯაანის მუნიციპალიტეტის გარეთ გომბორის ქედი თანდათანობით დაბლდება, ბორცვნალ სერად იქცევა და უერთდება ივრის ზეგანს.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში იჭრება ივრის ზეგნის მონაკვეთი. იგი აგებულია ძირითადად ნეოგენურ მეოთხეული თიხებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და კონგლომერატებით. მას ახასიათებს ვაკე-ბორცვიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ივრის ზეგანი წარმოადგენს ტალღოვან ვაკეს, რომლის სიმაღლე 400-500 მეტრია. აქ ზეგნის კალთები მშრალი ხევ-ხეობებით არის დანაწევრებული.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვრცელდება ალაზნის მთათაშორისი ვაკე. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის ვაკის სიგრძე დაახლოებით 32 კმ-ია, სიგანე კი 13-14 კმ, სიმაღლე 380 მ-იდან 450 მ-დე. იგი აგებულია მეოთხეული თიხებით, რიყნარითა და ქვიშებით. ვაკის ჩამოყალიბება დაიწყო ნეოგენიდან. დაძირვა თანამედროვე ეპოქაშიც გრძელდება. ალაზნის ვაკე მის უდიდეს ნაწილში იდეალური სიბრტყით ხასიათდება, მხოლოდ აქა-იქ არის პატარა სიმაღლის გორაკები, რომლებიც ართულებენ ბრტყელზედაპირიან შეხედულებას.

აღსანიშნავია აგრეთვე ახტალა, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე. მისი სამკურნალო ფაქტორია ფსევდოვულკანური ტალახი, რომელიც სამკურნალოდაა გამოყენებული. მის ბაზაზე აშენებულია კურორტი ახტალა.

შიგა წყლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე ფაფრისხევი სოფელ ჩუმლაყში

მუნიციპალიტეტის ჰიდროგრაფიული ქსელი არც თუ ისე მჭიდროა. ტერიტორია ძირითადად დასერილია ვიწრო და მშრალი ხევ-ხეობების ქსელით. უმეტესი ნაწილი უწყლო და მშრალია. მთავარი სამდინარო არტერიაა მდინარე ალაზანი და მისი მცირეწყლიანი მოკლე შენაკადები. მუნიციპალიტეტის ფარგლებში ალაზნის უმთავრესი შენაკადებია ჭერმისხევი, შენაკად ფაფრისხევით, შრომისხევი, ჩალაუბნისხევი, წილიანა, მღვრიე ხევი. მათგან ყველაზე დიდი ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობისაა მდინარე ჭერმისხევი, რომელიც სათავეს იღებს გომბორის ქედის საშუალომთიან ზონაში ზღვის დონიდან 1118 მ-ზე. სოფელ ჭერმამდე მდინარეს აქვს სამხრეთ-აღმოსავლური მიმართულება, მის შემდეგ კი დინება საკმაოდ ცვალებადია. ალაზნის ველზე გამოსვლისას მისი მცირე მონაკვეთი იტოტება კიდეც. ჭერმისხევის მთლიანი სიგრძეა 35 კმ, აუზის ფართობი კი 155 კმ². იგი იკვებება თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. საშუალო წლიური ხარჯია 1,8 მ³/წმ.

ჭერმისხევის მთავარი შენაკადია მდინარე ფაფრისხევი (სიგრძე 22 კმ), რომელიც თავის მხრივ იწყება გომბორის ქედის დაბალმთიან ზონაში.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანია ასევე მდინარე ლაკბე, რომელიც წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. ლაკბე სათავეს იღებს გომბორის ქედზე. სიგრძე 32 კმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა. მთავარი შენაკადებია: კარათხევი, ჯიმითისწყალი (მარჯვენა), მყრალი ოლე (მარცხენა).

ჰავა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება ზომიერ ნოტიო სუბტროპიკულ ჰავის ოლქს. აქ კარგად გამოსახული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით.

გომბორის ქედზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ხანგრძლივი ზაფხული. ივრის ზეგანზე იცის მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრითა და საკმაოდ ცხელი ზაფხულით.

ზღვის დონიდან 420 მ-ზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4 °C, იანვრის 0.9 °C, აგვისტოს 23.6 °C. ნალექები 800 მმ-მდე, საერთოდ ტერიტორიის დიდ ნაწილში წლიურად 800 მმ ნალექი იცის. მხოლოდ ზეგნისკენ კლებულობს ნალექი 500-600 მმ-მდე.

აქაური კლიმატისთვის ნიშანდობლივია ასევე საკმაოდ ძლიერი თავსხმა წვიმები.

ნიადაგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოზიდვის კონუსებსა და გომბორის ქედის კალთებზე განვითარებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზემი ნაწილებში კი გაბატონებულია საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები. გარე კახეთის ზეგანზე გვხვდება მცირე და საშუალო სისქის შავმიწები. ალაზნის ვაკეზე კი გაბატონებულია ალუვიური უკარბონატო ნიადაგები.

ლანდშაფტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. ალუვიური ნიადაგები, ჭალის ტყის მცენარეულობით,
  2. ალუვიურ-კარბონატული ნიადაგები, მდელო სტეპის მცენარეულობით,
  3. შავმიწისებურ დამლაშებული ნიადაგები, კრინოჰალოფილური მცენარეულობით,
  4. შავმიწა ნიადაგები, უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი ატეპური მცენარეულობით,
  5. ტყის ყავისფერი ნიადაგები, დაბალმთიანეთის მუხნარ-რცხილნარით.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქაურ მიწაზე საკმაო რაოდენობითაა ფაუნის წარმოდგენლები. მ.შ. გვხვდება მგელი, კურდღელი, ტურა, მაჩვი, დედოფალა; ტყეებში გვხვდება მურა დათვი, შველი, გარეული ღორი. მღრღნელებიდან არის მემინდვრია, ტყის თაგვი, ძილგუდა და სხვ. ორნითოფაუნას შეადგენენ მწყერი, ხოხობი, ყვავი, კაკაბი, შაშვი და ა.შ.

ქვეწარმავლებიდან არის ხვლიკი, გველის რამდენიმე სახეობა და კუ.

ფლორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გომბორის ქედის მთისწინეთზე გაბატონებულია ასკილი, კუნელი, ძეძვი, ჯაგრცხილა და სხვ. დაბალმთიანეთში იზრდება მუხნარ-რცხილნარი და სხვა ფართოფოთლოვანი მცენარეულობა.

მდინარე ალაზნის გასწვრივ გავრცელებულია ჭალის ტყის ფრაგმენტები. აღსანიშნავია ისიც რომ ალაზნის მარჯვენა სანაპიროს პირველადი მცენარეული საბურველი, რომელიც ძირითადად ტყით იყო წარმოდგენილი, დღეისათვის მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ალაზნისპირა ნაწილშია შემონახული.

ივრისა ზეგანზე გავრცელებულია უროიან-ვაციწვერიანი და ჯაგ-ეკლიანი სტეპური მცენარეულობა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 54 337 კაცს. სულ 31 დასახლებაა, მათ შორის ერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაა 8024 კაცი, სოფლად კი 46 313 კაცი ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 64,23 კაცი/კვ.კმ, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კვ,კმ) ოდნავ ჩამოუვარდება. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროებია: საბიუჯეტო ორგანიზაციები, სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის გადამუშავება და მცირე ბიზნესი.[8]

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 78 442
2002 72 084
2014 54 337
2021[9] 51 800

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მევენახეობა და მეცხოველეობა. ვაზის კულტურას უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 20 %. მრეწველობის მთავარი დარგია მეღვინეობა, რაიონში რამდენიმე ღვინის და სპირტის ქარხანაა, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 25 საჯარო სკოლა[10] და 37 საბავშვო ბაღი[11]. გურჯაანის მუნიციპალიტეტში არის 13 ბიბლიოთეკა, მათ შორისაა ქ. გურჯაანში განთავსებული შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს ღვინის ბიბლიოთეკა.[12]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატო ვაჩნაძის მუზეუმი

სოფელ კარდენახში ფუნქციონირებს ცნობილი ქართველი პოეტის, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი. მუზეუმი გაიხსნა 1986 წელს.[13][14]

სოფელ ვაჩნაძიანში 1981 წლიდან გახსნილია ცნობილი ქართველი კინომსახიობის, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. 2008 წლიდან შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.[15][16]

სოფელ ვაჩნაძიანში ასევე მდებარეობს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი. მუზეუმი გახსნილია 1966 წელს და განთავსებულია თავად ლევან ჯანდიერის საცხოვრებელ სახლში, რომელიც აგებულია 1889 წელს.[17]

ქალაქ გურჯაანში მდებარეობს დიდების მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი წარმოადგენს მემორიალურ კომპლექსს და ეძღვნება II მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მუზეუმის ტერიტორიაზე არის ამფითეატრი, დგას „ჯარისკაცის მამის“ სპილენძის მონუმენტი, რომელიც 80 ტონას იწონის და 20 მეტრი სიმაღლისაა. ნაშენებია შინმოუსვლელთა კედელი, სადაც ამოტვიფრულია დაღუპულ მეომართა გვარები.[18]

სოფელ ვეჯინში გახსნილია ცნობილი ქართველი აკადემიკოსის, საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებლის, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი.[19]

ქალაქ გურჯაანში 1987 წლიდან არსებობს და ფუნქციონირებს თოჯინების თეატრი. თავდაპირველად, თეატრი ფუნქციონირებდა როგორც კულტურის სახლთან არსებული თოჯინების სახალხო თეატრი, ახლა მას სახელმწიფო თეატრის სტატუსი აქვს.[20]

სოფელ ველისციხეში 1885 წლიდან ფუნქციონირებს სახალხო თეატრი. თეატრი ვასო გოძიაშვილის სახელობისაა.[21]

ფესტივალები და სახალხო დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალი იმართება, რომელთაც მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტრადიციული ღონისძიებები
დასახელება თარიღი აღწერა
გურჯაანის ღვინის ფესტივალი - ქალაქ გურჯაანში ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან იმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ გლეხების, დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინო. ასევე, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი სხვადასხვა კულინარიული ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები. ეწყობა გამოფენა-გაყიდვები. მოწყობილია პავილიონები, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ყურძნის დაწურვისა და თათარის კეთების პროცესს. ფესტივალში მონაწილეობენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.[22]
გურჯაანის ხილის ფესტივალი - ყოველწლიური ფესტივალის მიზანია კახეთის რეგიონში მეხილეობის დარგის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით დასაქმებული ფერმერებისა და მეწარმეების ხელშეწყობაა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დაეგემოვნებინათ და შეიძინონ ადგილობრივი სეზონური ხილი და მისგან დამზადებული, ნატურალური წვენები, მურაბები, ჩირები, ალკოჰოლური სასმელები და სხვა ნაწარმი.[23][24]
გურჯაანის ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი - ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით ამზადებენ კერძებს და ატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად იმართება ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.[25][26]

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირება 49 სპორტული წრე. ქალაქ გურჯაანში არის ჭადრაკის კლუბი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის ყველაწმინდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილია საკმაოდ ბევრი ისტორიულ არქიტექტურული ძეგლი. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია VIII-IX სს ქართული ძეგლი, გურჯაანის ყველაწმინდა, ნაგები რიყის ქვით. მნიშვნელოვანია ასევე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ყველაწმინდის მონასტერი, რომელიც მდებარეობს სოფელ ვაჩნაძიანიდან რამდენიმე კმ-ის მოშორებით.

სოფელ ვეჯინთან ახლოს დგას ციხესიმაგრე, რომელიც რიყის ქვითაა აგებული. ციხის შიგნით რამდენიმე ეკლესიაა, რომელთაგან აღსანიშნავია აღდგომის ამაღლებისა და წმინდა მარიამის ეკლესიები.

სოფელ კარდანახში შემონახულია XIII ს. საბაწმინდის ეკლესია, რომელიც საკმაოდ ძლიერაა დაზიანებული. ჭერემთან ახლოს დგას ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი „წვერდაბალი“, აქვეა ნაქალაქარი.

სხვა ისტორიული ძეგლებია: ვაზისუბნის სამნავიანი ბაზილიკა, მონასტერი „სანაგირე“ და ა.შ.

გამოჩენილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამოჩენილი ადამიანები
ფოტო სახელი და გვარი წლები აღწერა
კოტე აფხაზი 1867-1923 ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე
ლევან მუღალაშვილი 1875-1955 ქართველი მომღერალი, ლოტბარი[27]
ივანე ბერიტაშვილი 1885-1974 ქართველი აკადემიკოსი, ფიზიოლოგი, ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში
გრიგოლ ფერაძე 1899-1942 ქართველი თეოლოგი, ისტორიკოსი, არქიმანდრიტი, პროფესორი. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა
ნატო ვაჩნაძე 1904-1953 ქართველი კინომსახიობი
იოსებ ნონეშვილი 1918-1980 ქართველი პოეტი
კარლო კობერიძე 1931-2017 ქართველი მწერალი, პოეტი[28]
გივი ბერიკაშვილი 1933-2017 ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი
ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 1936-2011 აშშ-ის არმიის გენერალი
როსტომ საგინაშვილი 1940-2022 ქართველი მომღერალი (ტენორი)
მზია დავითაშვილი 1949 ვოკალისტი მომღერალი, პედაგოგი[29]
რევაზ მინდორაშვილი 1976 ქართველი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში
მაკა ფურცელაძე 1988 ქართველი მოჭადრაკე[30]

დაძმობილებული ადმინისტრაციული ერთეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სულხანიშვილი ნ., ზარდალიშვილი გრ., ქსე, ტ. 3, გვ. 317-318, თბ., 1978;
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება, თბ., 1968;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Ethnic composition of Georgia 2014
  3. georgia-religion2014
  4. გეოგრაფია და ბუნება.
  5. გურჯაანი.
  6. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი.
  7. ადმინისტრაციული ერთეულები.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-11. ციტირების თარიღი: 2016-09-04.
  9. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  10. საჯარო სკოლები.
  11. საბავშვო ბაღები.
  12. გურჯაანში ღვინის ბიბლიოთეკა გიხსნა.
  13. მუზეუმები გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
  14. იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმი.
  15. Facebook გვერდი.
  16. მუზეუმის შესახებ.
  17. გიორგი მაისურაძის სახელობის მუზეუმი.
  18. დიდების მემორიალური მუზეუმი.
  19. ივანე ბერიტაშვილის მუზეუმი.
  20. გურჯაანის თოჯინების თეატრი.
  21. ველისციხის სახალხო თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-21. ციტირების თარიღი: 2022-09-17.
  22. გურჯაანის ღვინის ფესტივალი.
  23. ხილის ფესტივალი გურჯაანში.
  24. გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართა.
  25. გურჯაანში ყველის ფესტივალი გაიმართა.
  26. გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა.
  27. ლევან მუღალაშვილი.
  28. კარლო კობერიძე.
  29. მზია დავითაშვილი.
  30. მაკა ფურცელაძე FIDE-ზე.
  31. დაძმობილებული ქალაქები.