იზაბელა ფრანგი (1242-1271)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იზაბელა ფრანგი
Sculpture d'Isabelle de France.jpg
ნავარის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 აპრილი, 1255
მმართ. დასასრული: 4 დეკემბერი, 1270
წინამორბედი: მარგარიტა დე ბურბონი
მემკვიდრე: ბლანშ არტუელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 2 მარტი, 1242
გარდ. თარიღი: 17 აპრილი, 1271, (29 წლის)
მეუღლე: თეობალდ II, ნავარის მეფე
დინასტია: კაპეტინგები
მამა: ლუი IX, საფრანგეთის მეფე
დედა: მარგარიტა პროვანსელი
რელიგია: კათოლიციზმი

იზაბელა ფრანგი (ფრანგ. Isabelle de France, ბას. Elisabet Frantziakoa; დ. 2 მარტი, 1242 — გ. 17 აპრილი, 1271) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და დედოფალ მარგარიტა პროვანსელის ასული. ნავარის დედოფალი და შამპანის გრაფინია 1255-70 წლებში როგორც თეობალდ II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზაბელა დაიბადა 1242 წლის 2 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა პროვანსელი შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საფრანგეთის მეფე ლუი VIII და დედოფალი ბლანკა კასტილიელი იყვნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მას ისტორიაში მეტად ცნობილი სამი დეიდა ჰყავდა: ინგლისის დედოფალი ელეონორა, გერმანიის დედოფალი სანჩია და სიცილიის დედოფალი ბეატრიჩე პროვანსელები.

მეფე ლუი სამხრეთით მემეზობლე ესპანურ სამეფოებთან მშვიდობის დამყარებას ყოველნაირად ცდილობდა, რათა ზურგი გაემაგრებინა და თავისუფლად შესძლებოდა წმინდა მიწის გამოსახსნელად ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობა. სწორედ ამ მიზნით, 1255 წლის 6 აპრილს იზაბელა ნავარის მეფე თეობალდ II-ს მიათხოვა. მათი ქორწინება საფრანგეთის ქალაქ მელუნში შედგა. წყვილს ჯვარი მეფის თხოვნით რუანის არქიეპისკოპოსმა დასწერათ. ქორწინებისას პატარძალი 14-ის, ხოლო სიძე 16-ის იყო. ასევე ალიანსის შესაქმნელად, ლუი IX-მ თავისი დანარჩენი შვილებიც უცხოელ მონარქებზე დააქორწინა, მაგალითად პრინცი ფილიპი ასევე ესპანელ ინფანტაზე, ისაბელა არაგონელზე, მეორე ქალიშვილი ბლანში კასტილიის მეფეს მიათხოვა, დანარჩენი ორი ასული კი ბურგუნდიასა და ბრაბანტში გაათხოვა.

დედოფალ იზაბელას მამა და ქმარი ძალიან მალე დაახლოვდნენ და ახალი, რიგით მერვე ჯვაროსნული ლაშქრობისათვის ერთად ემზადებოდნენ. 1270 წელს, ტუნისზე ალყისას დიზენტერიით მოიწამლა ლუი IX, რის გამოც თეობალდ II უკან, საფრანგეთში გაბრუნდა, თუმცა პარიზის გზაზე ისიც დაიღუპა. ვინაიდან მასა და იზაბელას შვილები არ დარჩენიათ, ტახტზე თეობალდის ძმა, ანრი I ავიდა. დაქვრივებულმა იზაბელამ დატოვა პარიზის სამეფო კარი და დედის მშობლიურ მხარეში, ანუ პროვანსში გადასახლდა, სადაც სულ რამდენიმე თვეში, 1271 წლის 17 აპრილს, 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Sibly & Sibly, W. A. e M.D (2003). The Chronicle of William of Puylaurens: The Albigensian Crusade and Its Aftermath. Washington: The Boydell Press. 121 páginas