მარია იოზეფა ბავარიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარია იოზეფა ავსტრიელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 23 იანვარი, 1765
მმართ. დასასრული: 28 მაისი, 1767
წინამორბედი: მარია ტერეზია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ლუისა ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 18 აგვისტო, 1765
მმართ. დასასრული: 28 მაისი, 1767
წინამორბედი: მარია ტერეზია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ლუისა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 მარტი, 1739
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 28 მაისი, 1768, (28 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: იოზეფ II, საღვთო რომის იმპერატორი
სრული სახელი: მარია იოზეფა ანტონია ვალბურგა ფელიჩიტა რეგულა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: კარლ VII, ბავარიის კურფიურსტი
დედა: მარია ამალია ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია იოზეფა ბავარიელი (გერმ. Maria Josepha von Bayern; დ. 20 მარტი, 1739, მიუნხენი, ბავარია — გ. 28 მაისი, 1768, ვენა, ავსტრია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტ, საღვთო რომის იმპერატორ და ბოჰემიის მეფე კარლ VII ალბრეხტისა და მარია ამალია ავსტრიელის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა და გერმანიის დედოფალი 1765-67 წლებში როგორც იოზეფ II-ის მეორე მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია იოზეფა დაიბადა 1739 წლის 20 მარტს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის კურფიურსტ კარლ VII-ისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ამალია ავსტრიელის ასული. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან II და ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორი იოზეფ I და ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი იყვნენ. მისი ბებია, ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა ოსმალებთან ბრძოლაში სახელგანთქმული პოლონეთისა და ლიტვის მეფე იან III-ის უფროსი ქალიშვილი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ დედამისი, მარია ამალია ავსტრიელი მისი მომავალი დედამთილის, მარია ტერეზია ავსტრიელის ღვიძლი ბიძაშვილი იყო.

იოზეფას მშობლებს სულ შვიდი შვილი ჰყავდათ, რომელთაგან ორი ჩვილობაში დაიღუპა. და-ძმებიდან მარია იოზეფა ნაბოლარა იყო და მას ოთხი უფროსი და-ძმა ჰყავდა, რომლებიც არიან საქსონიის კურფიურსტი მარია ანტონია, ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან III და ბადენ-ბადენის ლანდგრაფინია მარია ანა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1765 წლის 13 იანვარს მიუნხენში მარია იოზეფა მარიონეტულად დაქორწინდა თავის მეორე თაობის ბიძაშვილზე, გერმანიის დაქვრივებულ მეფე იოზეფ II-ზე. აღსანიშნავია, რომ მიუნხენიდან ვენაში ჩასვლამდე იოზეფს თავისი ახალი ცოლი ნანახიც არ ჰყავდა და დიდად არც ინტერესდებოდა ამით. მარია იოზეფა და იოზეფ II 1765 წლის 25 იანვარს შკოიბურნის სასახლეში, ვენაში დაქორწინდნენ.

საუბედუროდ, პირველის მსგავსად იოზეფის მეორე ქორწინებაც ძალიან უიღბლო იყო. გერმანიის ახალი დედოფალი გამუდმებით დედამთილის, იმპერატრიცა მარია ტერეზიას საშინელი ზეწოლის ქვეშ იყო, რომელსაც მემკვიდრე სურდა. თავად იოზეფს, თავისი პირველი საყვარელი ცოლის, იზაბელა პარმელის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მეორე ქორწინება აღარ სურდა, თუმცა როცა ამის აუცილებლობა დადგა მან იზაბელას უმცროს დაზე, მარია ლუიზა პარმელზე ქორწინება მოითხოვა, რომელიც შემდგომში ესპანეთის მეფე კარლ IV-ს გაჰყვა ცოლად.

მარია იოზეფა 1765 წელს

იოზეფ II-მ ახალ ცოლში ვერაფერი მიმზიდველი ვერ იპოვნა. როდესაც იგი პირველად დაინახა, თავის დას, პარმის ჰერცოგინია მარია ამალიას მისწერა: "იგი ოცდახუთი წლისაა. მას არასდროს ჰქონია ყვავილის დაავადება, რის გამოც მისი სახის მანკიერებას ვერაფრით ვხსნი. მას მოკლე და უფორმო ტანი აქვს, მისი სახე ჭორფლებითა და ლაქებითაა დაფარული, მისი კბილები კი უბრალოდ საშინელებაა...". მიუხედავად მისი გარეგნობისა, კაუნიც-რეითბერგის პრინც ვენეცელ ანტონის ძალიან უნდოდა მარია იოზეფაზე დაქორწინება, თუმცა მისმა მშობლებმა იგი ავსტრიაში გაათხოვეს.

ქორწილიდან ერთი თვის შემდეგ იოზეფმა თავისი პირველი ცოლის მამას, პარმის ჰერცოგ ფილიპე I-ს გრძელი და სასოწარკვეთილი წერილი მისწერა. მას არ ჰქონდა არანაირი საერთო მარია იოზეფასთან. როგორც იგი აღწერდა ახალ მეუღლეს მისი დაუდგრომელი ხასიათის გამო ვერ ეგუებოდა. თუმცა, მისი დადებითი თვისებების გამო აფასებდა მარია იოზეფას, მეფეს არ შეეძლო მისი შეყვარება. მიუხედავად ამისა, სახალხოდ იგი ყოველთვის შეყვარებული და მეგობრული ქმრის როლს თამაშობდა. იოზეფი ერთ-ერთ თავის წერილში მარია იოზეფასთან დაკავშირებით იწერებოდა:"პატივს ვცემ მას, თუმცა მე არ შემიძლია გავხდე მოსიყვარულე მეუღლე. მაქსიმუმ, მასთან მეგობრობა შემიძლია, რადგან ვაფასებ მის კარგ თვისებებსა და დახვეწილობას."

ცოტა ხნის შემდეგ მან მარია იოზეფა ექიმებსაც კი გაასინჯა, რადგან იგი ფიქრობდა, რომ ის ფრიგიდული იყო. მიუხედავად ასეთი გულგრილობისა და სიცივისა, მარია იოზეფას უყვარდა თავისი ქმარი და სასოწარკვეთაში აგდებდა ამგვარი სიტუაცია. იგი თავმდაბალი იყო და ყოველთვის ცუდ განწყობაზე იყო, რისი მიზეზით მისი ქმრის დამამცირებელი ქმედებები იყო, რომელიც მარია იოზეფასათვის იყო განკუთვნილი.

ავსტრიის საიმპერატორო ოჯახის ის ერთადერთი წევრი, რომელმაც ახალი რძალი დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო ეს იოზეფის მამა, საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I იყო. ქორწინებიდან სულ რვა თვეში ფრანცი გარდაიცვალა და მარია იოზეფას მთელს ავსტრიაში ერთი მეგობარიც კი აღარ დარჩა. 1765 წლის 18 აგვისტოს ფრანცის გარდაცვალების შემდეგ იოზეფ II იმპერატორი, ხოლო მარია იოზეფა საღვთო რომის იმპერატრიცა ხდება. მიუხედავად ამისა, იმპერიის ყველაზე მნიშვნელოვან და ძლევამოსილ ფიგურად მაინც მისი დედამთილი მარია ტერეზია რჩებოდა.

მარია იოზეფას სასახლე საიმპერატორო აკლდამაში

მარია იოზეფამ თავისი ხანმოკლე ქორწინებიდან ვერ მოახერხა ბავშვების გაჩენა. თუმცა, 1765 წლის შემოდგომაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, იმპერატორი კი მის ორსულობას იმედოვნებდა. 1765 წლის სექტემბერში მარია იოზეფას ძმამ მათზე განაცხადა: "რაც შეეხება ჩემს იმპერატრიცა დას, იგი ძალიან შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ავად არაა, მაინც საშინელ შეშუპებას განიცდის. ამ ყველაფერს ავსტრიელები მისი ორსულობით ხსნიან და ბედნიერად ცხოვრებას მისურვებენ, მისი ქმარი კი მთელი ეს დრო ისე ცხოვრობს, როგორც უცოლო კაცი."

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორწლიანი უბედური ქორწინების შემდეგ მარია იოზეფა ყვავილით დაავადდა, ისევე, როგორც იოზეფის პირველი ცოლი იზაბელა. ასევე იზაბელას მსგავსად, 1767 წლის 28 მაისს 28 წლის მარია იოზეფა გარდაიცვალა. ავადმყოფობისას იოზეფი მას ერთხელაც არ სწვევია, თუმცა დედამთილი გვერდიდან არ სცილდებოდა. იგი ყველანაირად ცდილობდა რძლის გამოჯანმრთელებას, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

ცნობილია, რომ იოზეფ II-ს მის გარდაცვალებაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია და მის მარია იოზეფას დას, მარია ანტონიას უთხრა, რომ იგი უამრავი მიზეზის გამო იმსახურებდა მის პატივისცემას. ასევე ცნობილია, რომ იოზეფი მარია იოზეფას საიმპერატორო აკლდამაში დაკრძალვასაც კი არ დაესწრო.

საბრალო ახალგაზრდა იმპერატრიცამ თავისი ქმრის ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შესძლო გავლენის მოხდენა, ისიც გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო 1778-79 წლებში, როდესაც როგორც მარია იოზეფას მზითვი, ბავარიამ ავსტრიას დიდი მიწები დაუთმო. ასევე ცნობილია, რომ სწორედ მარია იოზეფას მემკვიდრეობის გამო ჩაება ავსტრია ბავარიის მემკვიდრეობისთვის ატეხილ ომში.

ტიტულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 30 მარტი, 1739 - 23 იანვარი, 1765: მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარია იოზეფა ბავარიელი;
  • 23 იანვარი, 1765 - 18 აგვისტო, 1765: მისი უმაღლესობა რომაელ გერმანელთა დედოფალი;
  • 18 აგვისტო, 1765 - 28 მაისი, 1767: მისი საიმპერატორო უდიდებულესობა საღვთო რომის იმპერატრიცა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Derek Edward Dawson Beales (1987). Joseph II.: In the Shadow of Maria Theresa, 1741-1780. Vol. 1. Cambridge University Press. ISBN 9780521242400.
  • Dixon, Simon (2010). Catherine the great. London: Profile. p. 169. ISBN 9781861977779.
  • Vovk, Justin C. (2010). In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa. iUniverse. p. 18. ISBN 9781450200820.