ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
Eleonore Magdalene von Neuburg
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 დეკემბერი, 1676
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1705
წინამორბედი: კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
მემკვიდრე: ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
ტრანსილვანიის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 1691
მმართ. დასასრული: 5 მაისი, 1705
წინამორბედი: ელენა ზრინსკი
მემკვიდრე: ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 იანვარი, 1655
დაბ. ადგილი: დიუსელდორფი, კურპფალცი
გარდ. თარიღი: 19 იანვარი, 1720, (65 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: იოზეფ I, საღვთო რომის იმპერატორი
მარია ელიზაბეთი, ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი
მარია ანა, პორტუგალიის დედოფალი
მარია ტერეზია
კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი
მარია იოზეფა
მარია მაგდალენა
სრული სახელი: ელეონორ მაგდალენა ტერეზა
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფილიპ ვილჰელმი, კურპფალცის კურფიურსტი
დედა: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი (გერმ. Eleonore Magdalene von Neuburg; დ. 6 იანვარი, 1655 - გ. 19 იანვარი, 1720) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია და ტრანსილვანიის პრინცესა როგორც ლეოპოლდ I-ის მესამე მეუღლე. ორი საღვთო რომის იმპერატორის (იოზეფ I-ისა და კარლ VI-ის) დედა. ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ბებია და საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტის დიდი ბებია.

იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და სათნო ქალბატონი იყო. მან თარგმნა ბიბლია ლათინურიდან გერმანულზე. იგი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში როგორც მეუღლის, ისე ვაჟების მმართველობისას. იგი 1711 წელს რამდენიმე თვით იყო რეგენტი, რა დროსაც ხელი მოეწერა სზატმარის ხელშეკრულებას, რომელიც უნგრეთის სამეფო ტახტზე მისი შთამომავლობის უფლებებს აღიარებდა. ქორწინებამდე და დაქვრივების შემდეგ იგი ასკეტურ და სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდა, ასევე აქტიურად იყო ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორ მაგდალენა დაიბადა 1655 წლის 6 იანვარს. იგი იყო პფალცის კუფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ჰესენის ლანდგრაფ გეორგ II-ის ასულის, ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის პირველი ქალიშვილი. მის განათლებას მშობლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. იგი სწავლობდა რამდენიმე უცხო ენას, მუსიკას, ხელოვნებას და პოეზიას. დედამისი ზრუნავდა მის რელიგიურად აღზრდაზე რის გამოც იგი ყოველდღიურად დაჰყავდა წირვაზე. ამან იმოქმედა და ელეონორ მაგდალენა სიცოცხლის ბოლომდე მეტად ღვთისმოშიშ ქალად დარჩა. როგორც კი წამოიზარდა, მისმა მშობლებმა მმართველობის გამყარების მიზნით, მისი სარფიანად გათხოვება მოისურვეს. მის მრავალ ხელისმთხოვნელს შორის იყო ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II, თუმცა ნიშნობა ჩაიშალა.

ლეოპოლდისა და ელეონორ მაგდალენას ქორწინება

1676 წელს საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს გარდაეცვალა მეორე ცოლი, იმპერატრიცა კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი. იმპერატორს არც პირველ და არც მეორე ცოლთან მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყოლია, რის გამოც მისი მესამედ დაქორწინება აუცილებელი გახდა. მას შემდეგ რაც მისი პირველი ცოლი, იმპერატრიცა მარგარიტა ტერეზა ესპანელი გარდაიცვალა, ლეოპოლდს უკვე სთავაზობდნენ, რომ ელეონორ მაგდალენაზე ექორწინა, თუმცა მან ეს შეთავაზება უარყო და ტიროლიის შემოსაერთებლად კლაუდია ფელიჩიტაზე იქორწინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი უკვე თანახმა იყო პფალცის პრინცესაზე ექორწინა. ვიტელსბახების დინასტია, რომლის წარმომადგენელიც თავად ელეონორ მაგდალენა იყო დიდი ნაყოფიერებით გამოირჩეოდა, თავად მას 13 და-ძმა ჰყავდა, რომელთაგან ყველამ მიაღწია სრულწლოვანებას. იმ იმედით, რომ ისიც ასეთივე ნაყოფიერი იქნებოდა ლეოპოლდი მასზე დაქორწინებას დათანხმდა. 1676 წლის 14 დეკემბერს პასაუში ლეოპოლდი და ელეონორ მაგდალენა დაქორწინდნენ. მან მოლოდინები გაამართლა და ათი შვილი გააჩინა ორი ვაჟი და რვა გოგონა.

1689 წელს შედგა ელეონორ მაგდალენას დედოფლად კურთხევა. სულ რაღაც ორ წელიწადში მისმა მეუღლემ ოსმალთაგან ტრანსილვანია იყიდა და ელეონორა მისი პრინცესა გახდა. ერთი წლით ადრე კი მისი უფროსი ვაჟი რომაელ გერმანელთა მეფედ აკურთხეს, რაც ნიშნავდა, რომ იგი ტახტის მემკვიდრე იყო.

ავსტრიელ ჰაბსბურგებსა და პფალცელ ვიტელსბახებს შორის ურთიერთობა ძალიან დათბა და დააახლოვა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ლეოპოლდ I-მა იქორწინა ელეონორ მაგდალინა ნოიბურგელზე, ხოლო ლეოპოლდის და, ერცჰერცოგინია მარია ანა ცოლად გაჰყვა ელეონორას ძმას, პფალცის კურფიურსტ იოჰან ვილჰელმს. უფრო მეტიც, ლეოპოლდმა ხელი შეუწყო ელეონორას დების ევროპის სამეფო კარებზე გათხოვებას, მაგალითად მარია სოფია პორტუგალიის მეფეს მიათხოვეს, მარია ანა ესპანეთის მეფეს, დოროთეა სოფია პარმის ჰერცოგს, იადვიგა ელიზაბეთი კი პოლონეთის პრინცს. საბოლოოდ საღვთო რომის იმპერიამ 1685 წელს პფალცისა და ნოიბურგის კურპფალცის საკურფიურსტოდ გაერთიანებას შეუწყო ხელი.

ელეონორ მაგდალენა უერთგულესი მეუღლე აღმოჩნდა. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი საოცრად ზრუნავდა ლეოპოლდზე. მას შემდეგ კი რაც იმპერატორმა უარი თქვა ფრანგულ ენაზე და ყველაფერ დანარჩენზე, რაც საფრანგეთს უკავშირდებოდა, სწორედ ელეონორა უთარგმნიდა მას დოკუმენტებს ფრანგულიდან გერმანულად. 1705 წელს ლეოპოლდი გარდაიცვალა და იმპერატორი მათი ვაჟი იოზეფ I გახდა. 1711 წელს ესპანური მემკვიდრეობისთვის ამტყდარ ომში იოზეფი ესპანეთში გაემგზავრა, რათა ტახტიდან ჩამოეგდო ლუი XIV-ის შვილიშვილი ფილიპე V და ტახტზე თავისი ძმა დაესვა, თუმცა ტახტზე კარლი ვერ დასვა, მან დიდი გამარჯვება მოიპოვა და ესპანეთს ყვველა ევროპული კოლონია წაართვა. სწორედ ამ პერიოდში, ვიდრე იგი ფრანგების წინააღმდეგ იბრძოდა, რეგენტად ელეონორ მაგდალენა ჰყავდა დანიშნული. ელეონორ მაგდალენამ ამ დროს ტანსილვანიისა და უნგრეთის ტახტზე მოდავე ფერენც II რაკოცი ტახტიდან ჩამოაგდო, ქვეყნიდან გააძევა და დადებული სზატმარის ზავის მიხედვით უნგრეთიცა და ტრანსილვანიაც ჰაბსბურგთა მონარქიას დაუქვემდებარა. ამავე წელს იოზეფ I უძეოდ დაიღუპა, რის გამოც ტახტზე მისი ძმა კარლ VI ავიდა. ელეონორ მაგდალენამ სიცოცხლის ბოლო წლები სიმშვიდესა და ლოცვაში გაატარა.

ელეონორ მაგდალენა 1720 წლის 19 იანვარს, ვენაში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, 65 წლის ასაკში. იგი მისი სურვილის მიხედვით უბრალო ხის კუბოთი დაკრძალეს, თუმცა მისმა შვილიშვილმა მარია ტერეზიამ იგი დიდებულ ოქროს კუბოში გადაასვენებინათ წლების შემდეგ. მისი ნეშტი დღესაც ვენაში განისვენებს, ლეოპოლდის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იოზეფ I (დ. 1678 - გ. 1711), საღვთო რომის იმპერატორი, ცოლად შეირთო ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლიათ;
  2. მარია კრისტინა (დ./გ. 1679), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. მარია ელიზაბეთი (დ. 1680 - გ. 1741), ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ლეოპოლდ იოზეფი (დ. 1682 - გ. 1684), ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარია ანა (დ. 1683 - გ. 1754), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე ჟუან V-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის ორი პორტუგალიის მეფე ჟუზე I და პედრუ III, ასევე ესპანეთის დედოფალი ბარბარა ბრაგანსა;
  6. მარია ტერეზია (დ. 1684 - გ. 1696), ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  7. კარლ VI (დ. 1685 - გ. 1740), საღვთო რომის იმპერატორი, ცოლად შეირთო ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგელი, რომელთანაც ოთხი გოგონა შეეძინა, მათ შორის უფროსი გახდა ავსტრიის იმპერატრიცა და მისი მემკვიდრე მარია ტერეზია, რომელმაც სათავე დაუდო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიას;
  8. მარია იოზეფა (დ. 1687 - გ. 1703), ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  9. მარია მაგდალენა (დ. 1689 - გ. 1743), ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  10. მარია მარგარეტა (დ. 1690 - გ. 1691), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Braun, Bettina; Keller, Katrin; Schnettger, Matthias (4 April 2016). Nur die Frau des Kaisers?: Kaiserinnen in der Frühen Neuzeit (in German). Böhlau Verlag Wien.
  • Coxe, Guglielmo (1824). Geschichte des Hauses Oesterreich von Rudolph von Habsburg bis auf Leopold des II. Tod (1218 — 1792). Amsterdam: Kunst u. Industrie Compt., 629 p.
  • von Wurzbach, C. (1860). Habsburg, Eleonora Magdalena Theresia von der Pfalz. Vienna: Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei., 492 p.
  • Wheatcroft, Andrew (1995). The Habsburgs: Embodying Empire. London: Penguin Books.
  • Konrad Kramar und Petra Stuiber: „Die schrulligen Habsburger – Marotten und Allüren eines Kaiserhauses“. Ueberreuter, Wien 1999.
  • Holborn, Hajo: A History of Modern Germany: 1648–1840 Princeton University Press 1982.
  • Crankshaw, Edward: Maria Theresa, Longman publishers 1969.