სტეფანია ბელგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეფანია ბელგიელი
სრული სახელი
სტეფანია კლოტილდა ლუიზა ჰერმინა მარია შარლოტა
წოდებები
ავსტრიის, უნგრეთისა და ბოჰემიის კრონპრინცესა
ლონიაი დე ნაგი-ლონიისა და ვაზაროზნამერის პრინცესა
დაიბადა 21 მაისი, 1864
ბრიუსელი, ბელგია
გარდაიცვალა 23 აგვისტო, 1945, (81 წლის)
პანონჰალმა, უნგრეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგის და გოთას დინასტია
მეუღლე(ები) რუდოლფი, ავსტრიის კრონპრინცი
(ქ. 1881 - გარდ. 1889)
ელემერი, ლონილაი დე ნაგი-ლონიის მთავარი
(ქ. 1900)
შვილ(ებ)ი ელიზაბეთ მარია
მამა ლეოპოლდ II, ბელგიის მეფე
დედა მარია ჰენრიეტა ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

სტეფანია ბელგიელი (ფრანგ. Stéphanie de Belgique, გერმ. Stephanie von Belgien; დ. 21 მაისი, 1864, ბრიუსელი, ბელგია — გ. 23 აგვისტო, 1945, პანონჰალმა, უნგრეთი) — საქსენ-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელი. ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ჰენრიეტა ავსტრიელის ქალიშვილი. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის კრონპრინც რუდოლფის ერთადერთი მეუღლე. იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის რძალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა სტეფანია დაიბადა 1864 წლის 21 მაისს ბრიუსელში. იგი იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ჰენრიეტა ავსტრიელის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან იგი ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის შვილიშვილი, საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის შვილიშვილი და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ბიძაშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ის შვილიშვილი და ესპანეთის დედოფალ მარია კრისტინას მამიდაშვილი იყო.

პრინცესა სტეფანია 1890-იან წლებში

1880 წლიდან ლეოპოლდ II-მ სტეფანიას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წამოიწყო. მას სურდა, რომ იგი ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ერთადერთ ვაჟზე, რუდოლფზე დაექორწინებინა. იმავე წლის 5 მარტს კრონპრინცი რუდოლფი ჩავიდა ბრიუსელში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის ევროპაში კათოლიკე პრინცესების დეფიციტი იყო, რის გამოც რუდოლფს დიდი არჩევანი არც ჰქონია, თანაც მან დედას მისწერა, რომ სტეფანია „მშვენიერი, კარგი და ჭკვიანია“. ორმხრივ სიმპათიას მალევე მოჰყვა ნიშნობაც, 1881 წლის 10 მაისს კი ვენაში სტეფანია და რუდოლფი დაქორწინდნენ კიდეც. მათ ქორწინებას დაესწრნენ არა მხოლოდ ავსტრიისა და ბელგიის სამეფო ოჯახის წევრები, არამედ დიდი ბრიტანეთის მეფე ედუარდ VII და გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II-ც.

სტეფანიამ თავისი ერთადერთი შვილი 1883 წლის 2 სექტემბერს გააჩინა და მას ორივე ბებიის პატივსაცემად ელიზაბეთ მარია დაარქვეს. ამის შემდეგ მასსა და რუდოლფს შორის დაიწყო გაუცხოება. სულ მალე მათი ქორწინება წმინდა წყლის ფორმალობად იქცა და მეტიც, კრონპრინცმა რომის პაპს მიმართა განქორწინების თხოვნით, თუმცა მამის ბრძანებით თხოვნა უკან გამოიწვია.

1889 წელს რუდოლფმა თავის 17 წლის საყვარელ მარიასთან ერთად მაიერლინგის სანადირო სახლში თავი მოიკლა. თერთმეტწლიანი ქვრივობის შემდეგ, 1900 წლის 22 მარტს მირამარში მეორედ დაქორწინდა უნგრელ დიდგვაროვანზე, ლონილაი დე ნაგი-ლონიის მთავარ ელემერზე. ამის შემდეგ მან დატოვა ვენის საიმპერატორო კარი და ქმართან ერთად უნგრეთში გადასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მეუღლესთან შვილები არ ჰყოლია, მათ ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. 1937 წელს მან გამოაქვეყნა თავისი მემუარები, სახელად „მე იმპერატრიცა უნდა ვყოფილიყავი“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ავსტრიაში სარგებლობდა.

პრინცესა სტეფანიას არცერთი მსოფლიო ომის დროს არ დაუტოვებია უნგრეთი. იგი სწორედ აქ, 1945 წლის 23 აგვისტოს გარდაიცვალა, 81 წლის ასაკში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • King, Greg; Woolmans, Sue (3 September 2013). "Prologue". The Assassination of the Archduke: Sarajevo 1914 and the Romance That Changed the World. St. Martin's Press. p. 6. ISBN 9781250038678.
  • Palmer, Alan Warwick (1997). Twilight of the Habsburgs: The Life and Times of Emperor Francis Joseph. Atlantic Monthly Press. p. 249. ISBN 9780871136657.
  • "Royal Suicide: Widow's Memoir Banned". Morning Bulletin (Rockhampton, Queensland). 5 December 1935. p. 10. Retrieved 27 June 2019.
  • Stephanie, Princess of Belgium, 1864-1945. (1937). I was to be empress. I. Nicholson & Watson