მარია კრისტინა სიცილიელი
მარია კრისტინა სიცილიელი | |
---|---|
Maria Cristina di Sicilie | |
ესპანეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 დეკემბერი 1829 |
მმართ. დასასრული: | 29 სექტემბერი 1833 |
წინამორბედი: | მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი |
მემკვიდრე: | ფრანსისკო დე ასის დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 აპრილი 1806 |
დაბ. ადგილი: | პალერმო, სიცილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 22 აგვისტო 1878, (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰავრი, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკა |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, მადრიდი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფერდინანდ VII, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
ისაბელ II, ესპანეთის დედოფალი ლუისა, მონტესპიერის ჰერცოგინია |
სრული სახელი: | მარია კრისტინა ფერდინანდა დი ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფრანცისკო I, სიცილიის მეფე |
დედა: | მარია ისაბელ ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარია კრისტინა სიცილიელი (იტალ. Maria Cristina di Sicilie, ესპ. María Cristina de Sicilias; დ. 27 აპრილი 1806, პალერმო, სიცილია - გ. 22 აგვისტო 1878, ჰავრი, საფრანგეთი) — ბურბონთა სიცილიური განშტოების წარმომადგენელი. სიცილიის მეფე ფრანცისკო I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ისაბელა ესპანელის ასული. ესპანეთის დედოფალი 1829-33 წლებში როგორც ფერდინანდ VII-ის მეოთხე მეუღლე. ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ის დედა და მისი რეგენტი 1833-40 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია კრისტინა დაიბადა 1806 წლის 27 აპრილს პალერმოში, სიცილიაში. იგი იყო სიცილიის მეფე ფრანცისკო I-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ მარია ისაბელა ესპანელის ქალიშვილი.
ქორწინება და დედოფლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1829 წლის 18 მაისს გარდაიცვალა ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის მესამე ცოლი, დედოფალი მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი. მეფეს ცხადია მემკვიდრე წყალივით სჭირდებოდა, იგი უკვე ხანში შედიოდა, სამჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ არცერთ მათგანთან შვილი არ ჰყავდა. ამიტომაც ცხადია მესამე ცოლის დაკრძალვიდან ძალიან მალევე ფერდინანდმა მეოთხე საცოლის ძებნა დაიწყო. მან არჩევანი სიცილიის პრინცესა მარია კრისტინაზე შეაჩერა. მესამე ცოლის გარდაცვალებიდან 7 თვის შემდეგ, ფერდინანდი 1829 წლის 11 დეკემბერს მეორედ დაქორწინდა მარია კრისტინა სიცილიელზე. მიუხედავად იმისა, რომ სისხლისმიერადაც და ასაკითაც ფერდინანდი მარია კრისტინას ბიძად ერგებოდა, ქორწინება საკმაოდ ცოცხალი იყო და არცერთი არ გრძნობდა თავს უხერხულად. ალბათ, ეს იმის ბრალიც იყო, რომ საუკუნეების მანძილზე ევროპის მონაქრებში, ახლო ნათესავებს შორის ქორწინება ჩვეულებრივი ამბავი იყო. ფერდინანდ VII და მარია კრისტინას დედა, დედოფალი მარია ისაბელა ესპანელი ღვიძლი და-ძმანი იყვნენ და ორივე მათგანის მშობლები კარლ IV და მარია ლუიზა პარმელი იყვნენ. თუმცა ესპანეთის მეფეებს აქამდეც უქორწინიათ საკუთარ დის შვილებზე, მაგალითად ფილიპე II-მ მეოთხე ცოლად საკუთარი დის შვილი ანა ავსტრიელი შეირთო, ხოლო ფილიპე IV-მ ასევე საკუთარი დის შვილი მარიანა ავსტრიელი შეირთო ცოლად.
ესპანეთის ახალმა დედოფალმა მარია კრისტინამ ძალიან მალე გააჩინა ბავშვები. ქორწინებიდან სულ ერთ წელიწადში, 1830 წელს მან გოგონა გააჩინა, რომელიც ჯერ ტახტის მემკვიდრე, შემდეგ კი უკვე ესპანეთის დედოფალი ისაბელ II გახდა. ამას მოჰყვა 1832 წელს მეორე გოგონა, სახელად ლუისა ფერნანდა. 1833 წელს კი დედოფალმა ორი ტყუპი ვაჟი გააჩინა, თუმცა ისინი ძალიან სუსტები იყვნენ. მარია კრისტინას დედოფლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1833 წლის 29 სექტემბერს, 48 წლის ფერდინანდ VII გარდაიცვალა.
რეგენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი და მარია კრისტინას უფროსი ქალიშვილი, დედოფალი ისაბელ II ავიდა, რომელიც ამ დროს მხოლოდ 3 წლის იყო. დედოფლის ასეთი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა, რომელიც ესპანელთა არჩევნით დედა-დედოფალი მარია კრისტინა სიცილიელი გახდა. იმ ფაქტმა, რომ ისაბელი ქალი იყო, ბევრი ადამიანის უკმაყოფილებისა და ტახტზე პრეტენზიის გაჩენა გამოიწვია. მთავარი პრეტენზიორი იყო ისაბელის მამის, მეფე ფერდინანდის უმცროსი ძმა, მონილას გრაფი კარლოს დე ბურბონი, რომელიც აცხადებდა, რომ მისმა ძმამ უკანონოდ შეცვალა მემკვიდრეობის კანონი, რის მიხედვითაც ტახტზე მხოლოდ მამაკაცი უნდა ასულიყო (იხ. კარლისტები). კარლოსს უამრავი მომხრე და მოკავშირე გამოუჩნდა. ცხადია მისი თეორიის მიხედვით, თუ ქალი ტახტზე ვერ ავიდოდა, ტახტის ერთადერთი მემკვიდრე თავად კარლოსი იყო. თუმცა მარია კრისტინა და მისი მოკავშირეები ამ ფაქტს უარყოფდნენ და მაგალითად ისაბელ კასტილიელი მოჰყავდათ. მიუხედავად ამისა კარლოსმა ინტრიგებისა და ბრალდებების შეთითხვნა დაიწყო. კარლოსმა განაცხადა, რომ ფერდინანდმა ტახტი მას დაუტოვა, მარია კრისტინამ კი ფერდინანდის ხელმოწერა გააყალბა, ვითომდა ტახტი მის ქალიშვილს უნდა დარჩენოდაო.
დონ კარლოსმა როცა ინტრიგებით ვერაფერი გააწყო, ომზე გადავიდა. ამრიგად დაიწყო კარლისტური ომები. I კარლისტური ომი დაიწყო 1833 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც დონ კარლოსის ხელმძღვანელობით მოაწყო აჯანყება ქ. ტალავერაში მარია კრისტინას წინააღმდეგ. კარლისტები ძირითადად პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. 1837 წელს კარლისტების 14-ათასიანი ჯარი დონ კარლოს უფროსის მეთაურობით შეეცადა აეღო მადრიდი ამ ოპერაციის ჩაშლის შემდეგ კარლისტების მოძრაობა შენელდა. მარია კრისტინამ წარმატებით შეინარჩუნა ქალიშვილის ტახტი. დედოფალი მარია კრისტინა, ისაბელ II და მათი მომხრეები ესპანეთში ლიბერალური და პროგრესული სოციალისტური პოლიტიკის გამტარებლები იყვნენ. ხოლო დონ კარლოსი და მათი მოკავშირეები კი პირიქით, ტირანული აბსოლუტიზმის გავრცელებას ცდილობდნენ. საბოლოოდ ომის ბედის გადაწყვეტა იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვის დაუჭერდა მხარს ესპანური არმია.
დაცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1833 წლის 28 დეკემბერს ფერდინანდ VII-ის გარდაცვალების შემდეგ, მარია კრისტინა საიდუმლოდ გათხოვდა ყოფილ სერჟანტ ავგუსტინ ფერნანდო მუნოსზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთი ქორწინების დამალვას ცდილობდნენ, საბოლოოდ მაინც გამჟღავნდა. დედა-დედოფალსა და სერჟანტს რვა შვილი შეეძინათ:
- მარია (დ. 17 ნოემბერი 1834 - გ. 19 აგვისტო 1864), ცოლად გაჰყვა ვისტა ალერგეს გრაფ ვლადისლავ კზარტორსკს;
- მარია მილაგროსი (დ. 8 ნოემბერი 1835 - გ. 9 ივლისი 1903), ცოლად გაჰყვა ფილიპო დელ დრაგოს;
- ავგუსტინე (დ. 15 მარტი 1837 - გ. 15 ივლისი 1855), იყო ეკვადორის მეფობის კანდიდატი 1846 წელს;
- ფერნანდო (დ. 27 აპრილი 1838 - გ. 7 დეკემბერი 1910), ცოლად შეირთო ელადია ბერნალდო დე კუიროსი;
- მარია კრისტინა (დ. 19 აპრილი 1840 - გ. 19 დეკემბერი 1921);
- ხუან ბაპტისტა (დ. 29 აგვისტო 1841 - გ. 2 აპრილი 1863), რეკუერდოს გრაფი;
- ანტონიო (დ. 3 ნოემბერი 1842 - გ. 1847);
- ხოსე (დ. 21 დეკემბერი 1843 - გ. 17 დეკემბერი 1863), გრასიას გრაფი;
მუნოსმა დედოფალ მარია კრისტინას ყურადღება ჯერ კიდევ ფერდინანდის გარდაცვალებამდე მიიპყრო. როდესაც იგი სერჟანტობიდან მოხსნეს სასახლეში დაიწყო მუშაობა და იმ ფაქტმა, რომ მას დედოფლისთვის ყოველთვის საუცხოო ცხენები მიჰყავდა, მარია კრისტინასგან სიმპათია დაიმსახურა. წლების მანძილზე ეს სიმპათია სულ უფრო ღრმავდებოდა, ხოლო როცა მარია კრისტინა დაქვრივდა, მან სულ რამდენიმე თვეში, ფარულად იქორწინა მუნოსზე.
მარია კრისტინა და ავგუსტინ მუნოსი მათ ქორწინებას შვიდი წლის მანძილზე მალავდნენ, ხოლო როცა 1840 წელს მათ ოფიციალურად განაცხადეს ამის შესახებ, ესპანელებმა დედა-დედოფალს სასწრაფოდ ჩამოართვეს რეგენტობა. ავგუსტინე სამეფო კარზე ძალიან ცნობილი ფიგურა იყო და როცა დედოფალს ასე ხშირად ხედავდნენ ორსულად, ცხადია ყველა ხვდებოდა ამის შესახებ, თუმცა მათ მუნოსი მარია კრისტინას საყვარელი ეგონათ.
საბოლოოდ დედოფლის ამ მდაბიო წარმომავლობის, ყოფილ ჯარისკაცთან ქორწინების შესახებ ცნობილი გახდა. ამან ესპანელებში მარია კრისტინას მიმართ საოცარი ზიზღი გააღვიძა. ამ ფაქტმა მისი პოზიცია ძალიან შეარყია. ცხადია მომენტით ისარგებლა დონ კარლოსმაც და ჭორებს ავრცელებდა, რომ ისაბელ II-ც მუნოსისგან ჰყავდა. ცხადია მასამ ეს ინფორმაცია ძალიან მარტივად დაიჯერა. ესპანეთის არმიაში თანდათან იზრდებოდა ზიზღი და უკმაყოფილება მარია კრისტინასა და დედოფალ ისაბელისადმი. არმიამ უარი თქვა მათ მსახურებაზე და დონ კარლოსის მხარეს გადავიდა. შესაძლოა ითქვას, რომ ამით ისაბელის მმართველობას ხერხემალი გამოეცალა. ახალი შიდა ომები კვლავ ახლოვდებოდა. საბოლოოდ ასეთი გაუსაძლისი მდგომარეობისა და ომის თავიდან ასაცილებლად, 1840 წელს მარია კრისტინამ უარი თქვა რეგენტობაზე და ქმარ-შვილთან ერთად ესპანეთი დატოვა. დედოფალი ისაბელი კვლავ მცირეწლოვანი იყო, რის გამოც მას რეგენტად გენერალი ბალდომერო ესპერანტო დაინიშნა.
დევნილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1842 წელს მარია კრისტინამ საფრანგეთში შეიძინა შატო დე მალმეზონი, როგორც თავისი რეზიდენცია. წარსულში ეს სასახლე ნაპოლეონმა თავის პირველ ცოლს, დედოფალ ჟოზეფინ ბოარნეს აჩუქა. 1843 წელს მას შემდეგ რაც ბალდომერო ესპერანტოს მმართველობა ესპანელებმა დაამხეს, მარია კრისტინა ქმარ-შვილთან ერთად ესპანეთში დაბრუნდა. 1844 წელს დედოფალი ისაბელ II უკვე სრულწლოვანი გახდა და თავად შეუდგა ქვეყნის მართვას. ამავე წლის 23 ივნისს ისაბელამ მუნოსს რაინსარესის ჰერცოგის წოდება უბოძა. 1844 წლის 12 ოქტომბერს დედოფალმა ისაბელამ დედას ოფიციალური თანხმობა უთხრა მუნოსზე დასაქორწინებლად. მალევე ისინი საჯაროდ დაქორწინდნენ. 1846 წელს ისაბელამ მუნოსს ოქროს საწმისის რაინდობა უბოძა. ამავე წელს მას მეორე წოდება უბოდა და სულ მალე იგი ესპანური არმიის გენერლად დანიშნა, რომელზე მაღალი წოდება აღარ არსებობდა სამხედრო ცხოვრებაში, გარდა მთავარსარდილისა, რომელსაც მონარქი ატარებდა. 1854 წელს მარია კრისტინა კვლავ საფრანგეთში გაემგზავრა და იქვე დარჩა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი.
1846 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ესპანეთის ყოფილ კოლონია ეკვადორში მონარქიის აღდგენაზე, იგივე ხდებოდა პერუსა და ბოლივიაში. დედოფალმა ისაბელამ ამ ქვეყნებში გამეფების კანდიდატად თავისი ნახევარძმა ავგუსტინე გამოაცხადა. მართალია ამ ქვეყნებში მონარქია გამოცხადდა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს ტახტზე კვლავ ესპანელის დასმაზე. ამრიგად შეიქმნა პერუს, ეკვადორისა და ბოლივიის გაერთიანებული სამეფო. ამით ესპანეთმა საბოლოოდ დაკარგა ლათინურ ამერიკაში პოზიციების აღდგენის შანსი.
გარდაცვალება და დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიცოცხლის ბოლო თვეებში მარია კრისტინა მძიმედ დაავადდა. მას საშინელი სიცხე, ხველა და ტკივილები აწუხებდა. იგი გარდაიცვალა 1878 წლის 22 აგვისტოს, საფრანგეთის ქალაქ ჰავრში. იგი როგორც დედოფალ ისაბელას დედა და ამასთან ესპანეთის დედოფალი, აუცილებლად უნდა დაკრძალულიყო ესკორიალის სამეფო საძვალეთში, სადაც მალევე გადაასვენეს და დაკრძალეს ფერდინანდ VII-ის გვერდით.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ralph W. Haskins, "Juan José Flores and the Proposed Expedition against Ecuador, 1846-1847".
- The Hispanic American Historical Review 27, no. 3 (August 1947): 467-95. Camilo Destruge, La expedición Flores: Proyecto de monarquia americana, 1846-47 (Guayaquil: Impr. de el Tiempo, 1906).
- Elenco de Grandezas y Títulos Nobilarios Españoles. Madrid: Ediciones Hidalguia, 1996.
- Orrego Penagos, Juan Luis. "The general Juan José Flores and Perú". Rumbo al Bicentenario. December 2003. Retrieved April 17, 2015.
- Garibaldi de Mendoza, Rosa (June 28, 2009). "When Ecuador almost became a Kingdom". El Comercio of Perú Newspaper. Retrieved April 17, 2015.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://web.archive.org/web/20060317162248/http://www.btinternet.com/~allan_raymond/Bourbon_Two_Sicilies_Royal_Family.htm#37.54
- http://www.thepeerage.com/p10352.htm#i103513
- http://www.unofficialroyalty.com/maria-christina-of-the-two-sicilies-queen-of-spain/
- https://www.britannica.com/biography/Maria-Cristina-de-Borbon
- http://www.madamegilflurt.com/2014/04/notable-births-maria-christina-of-two.html
მარია კრისტინა სიცილიელი დაიბადა: 27 აპრილი 1806 გარდაიცვალა: 22 აგვისტო 1878
| ||
წინამორბედი: მარია ჟოზეფა ამალია საქსონიელი |
ესპანეთის დედოფალი 1829-1833 |
შემდეგი: ისაბელა ესპანელი |
წინამორბედი: პედრო ალვარესი |
ესპანეთის რეგენტი 1833-1840 |
შემდეგი: ბალდომერო ესპერანტო |
|