ურაკა კასტილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურაკა კასტილიელი
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 მარტი, 1212
მმართ. დასასრული: 3 ნოემბერი, 1220
წინამორბედი: დულკა არაგონელი
მემკვიდრე: მენსია ლოპეს დე არო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მაისი, 1187
გარდ. თარიღი: 3 ნოემბერი, 1220, (33 წლის)
მეუღლე: აფონსუ II, პორტუგალიის მეფე
შვილები: სანშუ II, პორტუგალიის მეფე
აფონსუ III, პორტუგალიის მეფე
ელეანორა, დანიის დედოფალი
დინასტია: ივრეა
მამა: ალფონსო VIII, კასტილიის მეფე
დედა: ელეონორ ინგლისელი
რელიგია: კათოლიციზმი

ურაკა კასტილიელი (ესპ. Urraca de Castilla, პორტ. Urraca de Castela; დ. 28 მაისი, 1187 — გ. 3 ნოემბერი, 1220) — კასტილიის მეფე ალფონსო VIII-ისა და დედოფალ ელეონორ ინგლისელის ასული. პორტუგალიის დედოფალი 1212-20 წლებში როგორც აფონსუ II-ის მეუღლე. პორტუგალიის ორი მეფის: სანშუ II-ისა და აფონსუ III-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურაკა დაიბადა 1187 წლის 28 მაისს. იგი იყო კასტილიის მეფე ალფონსო VIII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელეონორ ინგლისელის ასული. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია კასტილიის მეფე სანჩო III და დედოფალი ბლანკა ნავარელი, ხოლო დედის მხრიდან ინგლისის მეფე ჰენრი II და დედოფალი ელეონორა აკვიტანიელი იყვნენ. მისი და-ძმები იყვნენ კასტილიისა და ლეონის დედოფალი ბერენგარია, საფრანგეთის დედოფალი ბლანკა, არაგონის დედოფალი ელეონორა კასტილიელები და კასტილიის მეფე ენრიკე I.

1206 წელს ურაკა ცოლად შერთეს ოცდაერთი წლის პორტუგალიის მეფე აფონსუ II-ს, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ ინფანტი იყო და მეფე მხოლოდ 1212 წელს გახდა.

მას შემდეგ, რაც მისი ქმარი პორტუგალიის რიგით მესამე მეფე გახდა, ურაკა დედოფლად გვევლინება. რეკონკისტას პერიოდში, 1214 წელს ურაკა აფონსუ II-ის რეგენტი იყო, თუმცა ამ დროს რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია. იგი 1220 წლის 3 ნოემბერს, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა კოიმბრაში. იგი დაკრძალეს ალკობაკას მონასტერში. მისმა ქმარმა მისი გარდაცვალება ძალიან განიცადა და აღარც მეორედ დაქორწინებულა და მეტიც, სამ წელიწადში დარდისაგან ისიც გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სანშუ II (1209-1248), პორტუგალიის მეფე 1223-47 წლებში, ცოლად შეირთო მენსია ლოპეს დე არო, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  2. აფონსუ III (1210-1279), პორტუგალიის მეფე 1247-79 წლებში, პირველად იქორწინა მატილდა ბულონელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბეატრის კასტილიელზე. ორივე ცოლთან ხუთი შვილი შეეძინა, ასევე ჰყავდა ორი არალეგიტიმური შვილი;
  3. ელეანორა (1211-1231), ცოლად გაჰყვა დანიის მეფე ვალდემარ უმცროსს, რომელთანაც მხოლოდ ერთი ასული შეეძინა;
  4. ფერნანდუ (1217-1246), სერპას სენიორი, ცოლად შეირთო სანჩა ფერნანდეს დე ლარა, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seward, Desmond (1978). Eleanor of Aquitaine: The Mother Queen. New York: Dorset Press. p. 233. ISBN 0-88029-055-2.
  • Shadis, Miriam (2010). Berenguela of Castile (1180–1246) and Political Women in the High Middle Ages. Palgrave Macmillan. p. 4. ISBN 978-0-312-23473-7.