ფილიპა ლანკასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპა ლანკასტერი
Filipa de Lencastre, Rainha de Portugal - The Portuguese Genealogy (Genealogia dos Reis de Portugal).png
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 თებერვალი, 1387
მმართ. დასასრული: 19 ივლისი, 1415
წინამორბედი: ლეონორ ტელესი
მემკვიდრე: ელეანორ არაგონელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 მარტი, 1360
დაბ. ადგილი: ლესტერი, ინგლისი
გარდ. თარიღი: 19 ივლისი, 1415, (55 წლის)
გარდ. ადგილი: საკავენი, პორტუგალია
დაკრძ. ადგილი: ბატალიის მონასტერი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუან I, პორტუგალიის მეფე
შვილები: დუარტე I, პორტუგალიის მეფე
პედრუ, კოიმბრას ჰერცოგი
ენრიკე, ვიზეუს ჰერცოგი
ისაბელი, ბურგუნდიის ჰერცოგინია
ჟუანი, პორტუგალიის კონშტაბლი
დინასტია: ლანკასტერები
მამა: ჯონი, აკვიტანიის ჰერცოგი
დედა: ბლანკა ლანკასტერი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Assinatura Filipa de Lencastre.svg

ფილიპა ლანკასტერი (ინგლ. Philippa of Lancaster, პორტ. Filipa de Lencastre; დ. 31 მარტი, 1360, ლესტერი, ინგლისი — გ. 19 ივლისი, 1415, საკავენი, პორტუგალია) — ლანკასტერთა დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟის, აკვიტანიის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბლანკა ლანკასტერის უფროსი ქალიშვილი. პორტუგალიის დედოფალი 1387-1415 წლებში როგორც ჟუან I-ის მეუღლე. პორტუგალიის მეფე დუარტე I-ის დედა.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპა დაიბადა 1360 წლის 31 მარტს ლესტერში, ინგლისში. იგი იყო აკვიტანიის ჰერცოგ ჯონ ლანკასტერისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ბლანკა ლანკასტერის პირველი შვილი. მამის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ ინგლისის მეფე ედუარდ III და მისი ცოლი, დედოფალი ფილიპა ენოელი, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი. ჯერ კიდევ პატარა ფილიპა სასახლისაგან მოშორებით გააგზავნეს აღსაზრდელად დედასთან და თავიანთ ექიმ მაუდთან ერთად. იქ იგი იზრდებოდა თავის ექვსი წლის დასთან, პრინცესა ელიზაბეთთან და სამი წლის ძმასთან, პრინც ჰენრისთან ერთად, რომელიც შემდგომში უკვე ინგლისის მეფე ჰენრი IV გახდა. ფილიპას დედა 1369 წელს გარდაიცვალა. მისი დაღუპვიდან რამდენიმე წელიწადში, 1372 წელს მამამისი ხელმეორედ დაქორწინდა კასტილიის მეფე პედრო I მრისხანეს ქალიშვილზე, ინფანტა კონსტანსია კასტილიელზე. 1394 წელს კონსტანსიას გარდაცვალების შემდეგ კი ჯონი უკვე თავის საყვარელზე, ლედი ქეთრინ სტაფორდზე დაქორწინდა, რომელიც ასევე ფილიპას აღმზრდელი გადია იყო. ჯონის ასეთი მესამე ქორწინება საკმაოდ სკანდალური იყო, რამაც მოგვიანებით თავად ფილიპას სახელზეც ცუდად იმოქმედა.

მიუხედავად ყველაფრისა, ქეთრინი ძალიან მზრუნველი დედინაცვალი აღმოჩნდა და დიდ როლს თამაშობდა თავისი გერების ცხოვრებაში. სწორედ მან უზრუნველყო ფილიპასა და მისი დებისთვის საუკეთესო განათლების მიცემა. ფილიპამ იმ დროის ქალისათვის საუკეთესო განათლება მიიღო. მას საუკეთესო რეპეტიტორები ასწავლიდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ფილოსოფიას, თეოლოგიას, გეოგრაფიას, რელიგიას, ბერძნულს, ლათინურს, იტალიურს, ესპანურს, ფრანგულსა და პორტუგალიურს. მას ძალიან უყვარდა ბერძნულ-რომაული მითოლოგია და ასევე ჰეროდოტეს ნამუშევრებიც, აგრეთვე იგი იყო ძალიან რელიგიური და ღვთისმოშიში პრინცესა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ფილიპა პორტუგალიის დედოფალი მეფე ჟუან I-ზე ქორწინების გზით გახდა. ეს ქორწინება მიმართული იყო ასწლიან ომში ფრანკო-კასტილიური ალიანსის წინააღმდეგ, რათა შექმნილიყო ანგლო-პორტუგალიური ალიანსი. წყვილი 1387 წლის 2 თებერვალს დაინიშნა, 14 თებერვალს კი უკვე მათი ქორწინება შედგა ქალაქ პორტოს საკათედრო ტაძარში. პორტუგალიის სამეფო კარი ამ ქორწინებას თხუთმეტი დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ აღნიშნავდა.

ფილიპასა და ჟუანის ქორწინება

შუა საუკუნეებში, ტრადიციულად, კეთილშობილი გვარების ქორწინება სიყვარულის კი არა, არამედ პოლიტიკის საქმე იყო და ეს ყოველივე თვით რომის პაპს უნდა ეღიარებინა. ფილიპა და ჟუანი, ანტიკური პორტუგალიური ტრადიციის მიხედვით მარიონეტულად და ერთმანეთი პირველად ქორწილიდან თორმეტი დღის შემდეგ ნახეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილიპას ადგილი ფაქტიურად უკვე დაკავებული იყო. ჟუანს წლების მანძილზე ჰყავდა საყვარელი, ინეს პერეს-ესტევესის სახით, რომლის ერთგულიც იყო და მასთან შვილებიც კი ჰყავდა. ინესისა და ჟუანის ვაჟი აფონსუ, ფილიპასა და ჟუანის ქორწინებისას უკვე ათი წლის იყო. კეთილშობილმა ფილიპამ შეიბრალა აფონსუ და მისი დები — ბეატრიზი და ბრანკა, და მათ სასახლეში დარჩენის ნება დართოთ. თუმცა მან ასეთი გულმოწყალება არ გამოიჩინა მათი დედის მიმართ. პორტუგალიაში ჩასვლისთანავე ფილიპამ კატეგორიულად მოითხოვა ინესის სამეფო კარიდან გაძევება. მოგვიანებით ინესი ჟუანის წყალობით მონასტერში გაუშვეს, ფილიპას დამსახურებით კი იგი მონაზვნად აღკვეცეს, რაც მისთვის და ზოგადად იმ ეპოქაში ნამდვილი საშინელება იყო.

ფილიპას ქორწინებით ჯონ ლანკასტერმა ერთდროულად პოლიტიკური და პიროვნული ალიანსი შექმნა პორტუგალიასთან. ამის პარალელურად მან თავისი მეორე ქალიშვილი, რომელიც კონსტანსიასგან ჰყავდა, პრინცესა ქეთრინ ლანკასტერი კასტილიის ახალ მეფეს მიათხოვა, რითაც ეს ქვეყანაც თავის მოკავშირედ აქცია. 1386 წელს კი ჟუანმა და მეფე ედუარდ III-მ ხელი მოაწერეს ანგლო-პორტუგალიურ ალიანსს, რომელიც არასდროს გაუქმებულა, სწორედ ეს ალიანსი დაეხმარა შემდგომში პორტუგალიას ესპანელთა ბატონობისგან გადარჩენაში, ასევე ეს ეხმარებოდა მას ფრანგების შემოსევისგან თავდაცვაში, რომელსაც ნაპოლეონი სარდლობდა და ასევე ამ ალიანსის წყალობით შესძლო პორტუგალიამ მეორე მსოფლიო ომში გადარჩენა. 27 წლის ფილიპა მიხვდა, რომ მისი ქმრის უკანონო შვილები მეტი არაფერი იყო, თუ არა კონკურენტები მისი შვილებისთვის, რის გამოც გარკვეული დროის შემდეგ ისინიც თავიდან მოიშორა. თავად ფილიპასა და ჟუანს კი სულ ცხრა შვილი შეეძინათ, რომელთაგან ექვსმა მიაღწია ზრდასრულობამდე.

დედოფლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპა 1387 წელს პორტუგალიის დედოფალი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალზედ სათნო და ღვთისმოშიში ქალი იყო, ეს ხელს არ უშლიდა იმაში, რომ მეუღლის საქმეებში და მსოფლიო პოლიტიკაში ჩარეულიყო. მისი დროს შემორჩენილი წერილები აჩვენებს, რომ დედოფალი თავის მშობლიურ ინგლისში ძალიან ხშირად სწერდა წერილებს და ამცნობდათ პორტუგალიაში მიმდინარე ყველა მოვლენას. ასევე ცნობილია, რომ გარდა პორტუგალიისა, იგი ინგლისის პოლიტიკაშიც ერეოდა. ფილიპა საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა მისი ძმა ჰენრი მათ ბიძაშვილს, მეფე რიჩარდ II-ს აუჯანყდა და მის დამხობას ცდილობდა. ჰენრის ფილიპამ დიდძალი დახმარება და სამოქმედო გეგმა გააცნო, რიჩარდს კი მისი მოკავშირე ფრანგები ოდნავადაც კი არ დახმარებიან, რის გამოც ჰენრიმ იგი ტახტიდან ჩამოადგო და თავად გამეფდა ჰენრი IV-ის სახელით. ცნობილია, რომ დედოფალი ყველაფერს აკეთებდა ძმის ტახტზე ასაყვანად. მან უძლიერეს ინგლისელ დიდგვაროვანს, ლორდ არუნდელს თავისი ქმრის უკანონო ქალიშვილი, პრინცესა ბეატრიზი მიათხოვა, რითაც იგი თავიანთ მოკავშირედ აქცია.

დედოფალ ფილიპას ასევე მნიშვნელოვანი ღვაწლი ისაა, რომ იგი ძალიან ზრუნავდა საკუთარ სამეფო კარზე. სწორედ მისი წაქეზებით წამოიწყო მეზობელ კასტილიასთან ომი ჟუანმა, რომელშიც საბოლოოდ დამარცხდნენ, პორტუგალიას ვალები დაედო, უამრავი ჯარისკაცი კი ან დაიღუპა, ან სულაც უმუშევარი დარჩა. დედოფალმა მშვენივრად იცოდა, რომ თუ ქალაქ სეუტას დაიპყრობდნენ, ეს პორტუგალიას აფრიკასა და ინდოეთში გზას გაუხსნიდა, რაც ვაჭრობის განვითარებასა და ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობდა ხელს. მისივე გეგმით, სანამ სეუტას დაიპყრობდნენ, იქ ჯერ საკუთარი ჯაშუშები გააგზავნა, რის შემდეგაც გადავიდნენ შეტევაზე. 1415 წლის 14 აგვისტოს სეუტას ბრძოლაში პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს და ქალაქი ჩაიგდეს ხელში. დედოფლის მოლოდინები გამართლდა და პორტუგალია ერთ-ერთ უმდიდრეს და უძლიერეს სახელმწიფოდ გადაიქცა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედოფალი ფილიპა 1415 წლის 19 ივლისს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში, შავი ჭირის ეპიდემიისას. მან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თავისი ვაჟები დაიბარა და სიმბოლურად გადასცათ ხმლები, და უთხრათ, რომ შეესრულებინათ თავიანთი მოვალეობა და დაეცვათ სამშობლო.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბლანკა (დ. 13 ივლისი, 1388 — გ. 6 მარტი, 1389), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. აფონსუ (დ. 30 ივლისი, 1390 — გ. 22 დეკემბერი, 1400), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. დუარტე (დ. 31 ოქტომბერი, 1391 — გ. 13 სექტემბერი, 1438), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო ელეანორ არაგონელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის მომავალი მეფე აფონსუ V, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეანორა პორტუგალიელი და კასტილიის დედოფალი ჟუანა პორტუგალიელი;
  4. პედრუ (დ. 9 დეკემბერი, 1392 — გ. 20 მაისი, 1449), კოიმბრას ჰერცოგი, მეფე აფონსუ V-ის რეგენტი და მისი ცოლის, დედოფალ იზაბელ კოიმბრელის მამა, ცოლად შეირთო იზაბელა ურგელი;
  5. ენრიკე (დ. 4 მარტი, 1394 — გ. 13 ნოემბერი, 1460), ვიზეუს ჰერცოგი, დიდი აღმომჩენი და კოლონიზატორი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
  6. ისაბელა (დ. 21 თებერვალი, 1397 — გ. 11 დეკემბერი, 1471), ცოლად გაჰყვა ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე III-ს და შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი, ჰერცოგი შარლ მამაცი;
  7. ბლანკა (დ. 11 აპრილი, 1398 — გ. 27 ივლისი, 1398), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  8. ჟუანი (დ. 13 იანვარი, 1400 — გ. 18 ოქტომბერი, 1442), პორტუგალიის კონეტაბლი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ისაბელა დე ბარსელო, იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და კასტილიისა და არაგონის დედოფალ ისაბელ I კასტილიელის პაპა;
  9. ფერნანდუ (დ. 29 სექტემბერი, 1402 — გ. 5 ივნისი, 1443), გარდაიცვალა მაროკოში ბრძოლისას, უცოლ-შვილოდ.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • BouzaSerrano, p. 15.
  • "European Voyages of Exploration: Philippa of Lancaster." Home | Welcome to the University of Calgary. University of Calgary. 30 March 2009
  • Beazley, Raymond C. Prince Henry the Navigator. New York: G.P Putnam's Sons, 1923, 9.
  • Armitage-Smith, Sydney (1905). John of Gaunt: King of Castile and Leon, Duke of Aquitaine and Lancaster, Earl of Derby, Lincoln, and Leicester, Seneschal of England. Charles Scribner's Sons. p. 318. Retrieved 17 July 2018.
  • Marques, Oliveira. Daily Life in Portugal in the Late Middle Ages. Madison: University of Wisconsin P, 1971, 167.
  • Major, Richard H. The Life of Prince Henry the Navigator. London: Frank Cass & Co, 1967, 8.
  • Sanceau, Elaine. Henry the Navigator; the story of a great prince and his times. New York: Hytchinson & Co, 1945, 9.)
  • (Philippa of Lancaster 2)
  • A. Coreira de Oliveira Dom João I. e o Condes Tável: Livro de Leitura da 3a Classe Lisboa: Ministro da Educação Nacional,1955
  • Birmingham, David. A Concise History of Portugal, Second Edition., Cambridge University Press,Cambridge, UK, 8 December 2003
  • Rusell, Peter E. Prince Henry 'the Navigator': a life. New Haven: Yale University Press, 2000, 23
  • Stephens, Henry Morse (1903). The story of Portugal. G.P. Putnam's Sons. p. 139. Retrieved 11 July 2018.