მარია ტერეზა სიცილიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ტერეზა სიცილიელი
Lampi - Maria Theresa of Naples and Sicily.jpg
საღვთო რომის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი, 1792
მმართ. დასასრული: 6 აგვისტო, 1806
წინამორბედი: მარია ლუისა ესპანელი
მემკვიდრე: იმპერია დაიშალა
ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი, 1792
მმართ. დასასრული: 11 აგვისტო, 1804
წინამორბედი: მარია ლუისა ესპანელი
მემკვიდრე: იმპერიის შექმნა
ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
მმართ. დასაწყისი: 11 აგვისტო, 1804
მმართ. დასასრული: 13 აპრილი, 1807
წინამორბედი: იმპერია შეიქმნა
მემკვიდრე: მარია ლუდოვიკა დ’ჰაბსბურგ-ესტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 6 ივნისი, 1772
დაბ. ადგილი: კარტიზის სასახლე, ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო
გარდ. თარიღი: 13 აპრილი, 1807, (34 წლის)
გარდ. ადგილი: ჰოფბურგის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია
მეუღლე: ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: მარია ლუიზა, საფრანგეთის იმპერატრიცა
ფერდინანდ I, ავსტრიის იმპერატორი
მარია ლეოპოლდინა, პორტუგალიის დედოფალი
კლემენტინა, სალერნოს პრინცესა
მარია კაროლინა, საქსონიის დედოფალი
ფრანც კარლი, ავსტრიის ერცჰერცოგი
მარია ანა
სრული სახელი: მარია ტერეზა კაროლინა ჯუზეპინა
დინასტია: ბურბონები
მამა: ფერდინანდ I, ორი სიცილიის მეფე
დედა: მარია კაროლინა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

მარია ტერეზა სიცილიელი (იტალ. Maria Teresa di Sicilie, გერმ. Maria Teresia von Sizilien; დ. 6 ივნისი, 1772 — გ. 13 აპრილი, 1807) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. სიცილიისა და ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ქალიშვილი. საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატრიცა 1792-1806 წლებში და ავსტრია-უნგრეთის პირველი იმპერატრიცა 1804-1807 წლებში როგორც ფრანც II-ის მეუღლე. საფრანგეთისა და იტალიის იმპერატრიცა მარია ლუიზასა და პორტუგალიისა და ბრაზილიის დედოფალ მარია ლეოპოლდინას დედა, ნაპოლეონ ბონაპარტის სიდედრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა 1773 წელს

მარია ტერეზა დაიბადა 1772 წლის 6 ივნისს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ქალიშივლი. იგი მათი 17 შვილიდან პირველი იყო. იგი დედის საყვარელი შვილი იყო, მანამ სანამ მან ნეაპოლიტანია არ დატოვა და დასაქორწინებლად არ გაემგზავრა.

1790 წლის თებერვალში ერცჰერცოგ ფრანც ავსტრიელის მეუღლე, ერცჰერცოგინია ელიზაბეთ ვიუტემბერგელი მშობიარობას გადაჰყვა, რის შემდეგაც ერცჰერცოგმა ნეაპოლის პრინცესაზე ქორწინება მოისურვა. ცხადია ეს არ იყო სიყვარულის ბრალი და ტრადიციულად ბურბონებისა და ჰაბსბურგების დაახლოვება უნდა მოჰყოლოდა შედეგად. ფრანცს ან მარია ტერეზაზე უნდა ექორწინა, ან მის უმცროს დაზე, პრინცესა ლუიზაზე. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლუიზა ძალიან დაუახლოვდა და მალე ცოლადაც გაჰყვა ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფრანჩესკო III-ს, ამიტომაც ფრანცმა მარია ტერეზაზე დაქორწინება გადაწყვიტა.

იმპერატრიცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1790 წლის 15 სექტემბერს მარია ტერეზა ცოლად გაჰყვა თავის ორგზის ბიძაშვილს, საღვთო რომის იმპერატორ ფრანც II-ს, რომელიც ტახტზე მხოლოდ 1792 წელს ავიდა.

მარია ტერეზა 1790 წელს

მიუხედავად მათ შორის ასაკობრივი და ხასიათის განსხვავებისა, მათი ქორწინება აღწერილია როგორც ბედნიერებით აღსავსე, რაც მათ კეთილშობილურ ურთიერთობაზე იყო დაფუძნებული. ფრანცი მელანქოლიური ხასიათის, მორცხვი და სერიოზული კაცი იყო, რომელიც უპირატესობას სპარტანული ცხოვრების წესს ანიჭებდა, ანუ მისთვის ცხოვრება მხოლოდ ბრძოლა და მოვალეობა იყო. მეორეს მხრივ, მარია ტერეზა აღწერილია როგორც აღმატებული, ქერა, ცისფერთვალება და სრული წითელი ტუჩებით, მაგრამ დიდი ცხვირით, რომელიც მის სახეს მეტ სიცოცხლესა და სენსიტიურობას მატებდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხასიათითაც და გარეგნულადაც რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ, ისინი მაინც საოცრად უგებდნენ ერთმანეთს და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ.

მარია ტერეზა და-ძმებთან გაგზავნილ წერილებში იტყობინებოდა, რომ ვენაში მან თავისი ახალი სახლი იპოვნა და აქ თავს ისე გრძნობდა, როგორც მშობლიურ ნეაპოლში. ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა იმპერატრიცას ძალიან უყვარდა სასახლის მჩქეფარე ცხოვრება და თავადაც აქტიურად ერთვებოდა მასში. იგი ყველა გასართობში მონაწილეობდა, ესწრებოდა ყველა ბალ-მასკარადსა და ბანკეტს, ცეკვავდა ვალსს და ორსულობისას ბურთითაც კი თამაშობდა.

1798-99 წლებში ვენაში ვიზიტისას, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი ჰედვიგია ელიზაბეთ შარლოტა ჰოლშტაინ-გოტორპელი, მარია ტერეზაზე შემდეგ რამეს წერდა:

ვიკიციტატა
„იმპერატრიცას იმდენად გონიერად აღიქვამენ, რომ განსხვავებით სხვა ქალბატონებისგან მას უფლება აქვს ჩაერთოს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მის მთავარ მანკიერებად შეგვიძლია მხოლოდ მისი გრძელი ენა მივიჩნიოთ, რომელსაც მისი საოცარი ენთუზიაზმი გაუჩერებლად ალაპარაკებს. მიუხედავად იმისა, რომ ვენის საზოგადოება, მას ნიჭიერ, ქველმოქმედ და ლამაზ ქალად აღიქვამს, იმპერატორი ხშირად მას ყველასაგან იზოლირებულად ამწყვდევს. რეალურად მის რჩევებს იმპერატორი მხოლოდ უმნიშვნელო საკითხებზე ისმენს, იმპერატრიცა კი დროს თითქმის მხოლოდ თავის ქალბატონებთან ერთად ატარებს. იგი მათთან ერთად მთელს საღამოებს კარტის თამაშსა და თეატრებში ატარებს.“

1799 წლის თებერვალში, მარია ტერეზა მშობლებს დიდად დაეხმარა რევოლუციონერ ფრანგებთან ბრძოლაში, რაც იმაში გამოიხატა, რომ მიუხედავად ნაპოლეონის მიერ ნეაპოლიტანიის დაპყრობისა, ავსტრიულმა ჯარებმა მათ სიცილია შეუნარჩუნა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაითანხმა მარია ტერეზამ ფრანცი ასეთ დახმარებაზე დედოფალი ჰედვიგია ელიზაბეთ შარლოტა წერდა:

ვიკიციტატა
„მან დაინახა სკამზე მარტოდ მჯდომი, ჩაფიქრებული იმპერატორი. სასწრაფოდ მივიდა მასთან, გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:შეგიძლია ოდესმე მარტო დამტოვო, როდესაც სუნთქვაც კი აღარ შემეძლება?, გევედრები, ღვთის გულისთვის, არ მიგვატოვო მე და ჩემი ოჯახის წევრები ახლა, რადგან სწორედ ახლაა ეს დრო.“

იმპერატრიცა მარია ტერეზა დიდად იყო დაინტერესებული პოლიტიკით და სახელმწიფოს მართვაშიც გარკვეულ როლს ასრულებდა. ცნობილია, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა ქმარზე და საბოლოოდ იგი მის უახლოეს მრჩევლადაც იქცა. როგორც ცნობილია, სწორედ იმპერატრიცას წაქეზებით ჩაერთო ავსტრია და გერმანია ნაპოლეონის წინააღმდეგ მიმართულ ანტი-ფრანგულ კოალიციაში, რომელიც მისმა მშობლებმა ჩამოაყალიბეს. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ კოალიციაში გაერთიანების გამო შეიჭრა ნაპოლეონი მათ სამფლობელოებში, რასაც 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაშლა და მის ადგილას გერმანიის კონფედერაციის ჩამოყალიბება მოჰყვა პრუსიის პირველობით.

მარია ტერეზა ავსტრიული მუსიკის დიდი მფარველი იყო. მისი ბრძანებით დაიწერა უამრავი მელოდია. იგი მფარველობდა იოზეფ ჰაიდნს და სწორედ მისი ხელშეწყობით შესძლო მან არაერთი კომპოზიციის შექმნა. იმპერატრიცას ფავორიტი მუსიკოსები პაულ ვრანიცკი და იოზეფ ლეოპოლდ ეიბლერი იყვნენ.

მარია ტერეზა გარდაიცვალა 1807 წლის 13 აპრილს, 34 წლის ასაკში. მას უკანასკნელი, მეთორმეტე მშობიარობის შემდეგ ინფექცია შეეჭრა და ბავშვის გაჩენიდან ზუსტად ერთ კვირაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ვენის საიმპერატორო მავზოლეუმში. მის შემდეგ ფრანცმა კიდევ ორჯერ იქორწინა, თუმცა მესამე და მეოთხე ცოლებთან მას შვილები არ ჰყოლია.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ტერეზა ქმართან და შვილებთან ერთად 1805 წელს
  1. მარია ლუიზა (1791-1847), საფრანგეთის იმპერატრიცა, იტალიის დედოფალი და პარმის ჰერცოგინია, პირველად ცოლად გაჰყვა იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტს, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნეიპერგის გრაფ ადამზე, რომელთანაც ასევე შეეძინა შვილები, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საბოლოოდ და მესამედ მისთხოვდა ბომბელის გრაფ შარლს, თუმცა მასთან შვილები არ ჰყოლია;
  2. ფერდინანდ I (1793-1875), ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი, ცოლად შეირთო სარდინიის მეფის ასული მარია ანა სავოიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც ტახტზე მის შემდეგ მისი ძმის შვილი ავიდა;
  3. მარია კაროლინა (1794-1795), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. კაროლინა ლუდოვიკა (1795-1797), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარია ლეოპოლდინა (1797-1826), პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი, ბრაზილიის იმპერატრიცა, ცოლად გაჰყვა იმპერატორ პედრუ I-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  6. მარია კლემენტინა (1798-1881), ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, სალერნოს პრინც ლეოპოლდო სიცილიელს და შეეძინა შვილებიც;
  7. იოზეფ ფრანცი (1799-1807), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. მარია კაროლინა (1801-1832), ცოლად გაჰყვა საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  9. ფრანც კარლი (1802-1878), ცოლად შეირთო სოფია ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა ავსტრიის მომავალი იმპერატორი ფრანც იოზეფ I და მექსიკის მომავალი იმპერატორი მაქსიმილიან I;
  10. მარია ანა (1804-1858), იყო გონებრივად ჩამორჩენილი და გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  11. იოჰან ნეპომუკი (1805-1809), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  12. ამალია ტერეზა (1807), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ტიტულატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 6 ივნისი, 1772 - 15 სექტემბერი, 1790:მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა მარია ტერეზა ნეაპოლელი და სიცილიელი;
  • 15 სექტემბერი, 1790 - 1 მარტი, 1792: მისი სამეფო უდიდებულესობა ერცჰერცოგინია ავსტრიისა;
  • 1 მარტი, 1792 - 11 აგვისტო, 1804: მისი საიმპერატორო უმაღლესობა საღვთო რომის იმპერატრიცა, დედოფალი გერმანიისა, უნგრეთისა, ხორვატიისა და ბოჰემიისა;
  • 11 აგვისტო, 1804 - 6 აგვისტო, 1806: მისი საიმპერატორო და სამეფო სამოციქულო უმაღესობა იმპერატრიცა საღვთო რომის იმპერიისა და ავსტრიისა, დედოფალი გერმანიისა, უნგრეთისა, ხორვატიისა და ბოჰემიისა;
  • 6 აგვისტო, 1806 - 13 აპრილი, 1807: მისი საიმპერატორო და სამეფო სამოციქულო უმაღესობა იმპერატრიცა ავსტრიისა, დედოფალი უნგრეთისა, ხორვატიისა და ბოჰემიისა;

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dorothy Gies McGuigan: Familie Habsburg 1273–1918, ISBN 3-548-33173-4, Seite 426 ff.
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger – Von Rudolf I. bis Karl I., Tosa Verlag Wien (1994) ISBN 3-85001-484-3
  • Friedrich Weissensteiner: Frauen auf Habsburgs Thron – die österreichischen Kaiserinnen, Ueberreuter-Verlag Wien, 1998, ISBN 3-8000-3709-2