მარია ბეატრიჩე დ’ესტე
მარია ბეატრიჩე დ’ესტე | |
---|---|
სრული სახელი
მარია ბეატრიჩე რიკარდა | |
წოდებები
მასასა და კარარას ჰერცოგინია ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგინია | |
დაიბადა |
7 აპრილი, 1750 მოდენა, იტალია |
გარდაიცვალა |
14 ნოემბერი, 1829, (79 წლის) ვენა, ავსტრია |
საგვარეულო | დ’ესტეები |
მეუღლე(ები) |
ფერდინანდ კარლ ავსტრიელი (ქ. 1771 - გარდ. 1806) |
შვილ(ებ)ი |
მარია ტერეზა, სარდინიის დედოფალი მარია ლეოპოლდინა, ბავარიის კურფიურსტი ფრანჩესკო IV, მოდენის ჰერცოგი მარია ლუდოვიკა, ავსტრიის იმპერატრიცა |
მამა | ერკოლე III, მოდენის ჰერცოგი |
დედა | მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მარია ბეატრიჩე დ’ესტე (იტალ. Maria Beatrice d'Este; დ. 7 აპრილი, 1750, მოდენა, იტალია — გ. 14 ნოემბერი, 1829, ვენა, ავსტრია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგ ერკოლე III-ის ასული. მასასა და კარარას ჰერცოგინია 1790-1796 და 1815-1829 წლებში. ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლის მეუღლე, ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია ბეატრიჩე დაიბადა 1750 წლის 7 აპრილს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ერკოლე III-ისა და მისი ცოლის, მასასა და კარარას ჰერცოგინია მარია ტერეზა ჩიბო-მალასპინას ერთადერთი ქალიშვილი.
მისი მშობლების ქორწინება უბედური იყო და ისინი წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. მას შემდეგ, რაც 1753 წელს მარია ბეატრიჩეს ძმა გარდაიცვალა, იგი მშობლების ერთადერთ მემკვიდრედ იქცა.
როგორც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე ოთხი საჰერცოგოს (მოდენა, რეჯო, მასა და კარარა) ტახტის მემკვიდრე, მარია ბეატრიჩე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო. მისით თავიდანვე დაინტერესდა ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზია, რომელმაც მისი თავის შუათანა ვაჟზე, ერცჰერცოგ ლეოპოლდზე დაქორწინება მოისურვა, მაგრამ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა. მალევე ავსტრიელებისგან კიდევ ერთი საქორწინო წინადადება წამოვიდა, ოღონდ ამ ჯერად იგი მარია ტერეზიას მეორე ვაჟს, ფერდინანდ კარლს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, რომელიც მარია ბეატრიჩეზე ოთხი წლით უმცროსი იყო.
მათი ქორწინება მიზნად ისახავდა ავსტრიელთა პოზიციების გამყარებას ჩრდილოეთ იტალიაში გაძლიერებული სავოიელებისა და ბურბონების წინააღმდეგ. 1754 წელს წყვილი დაინიშნა, თუმცა ვინაიდან ამ დროს ორივე მეტად პატარა იყო, ქორწინება მხოლოდ 1771 წლის 15 ოქტომბერს შედგა მილანში. ფერდინანდ კარლი ამ დროს მილანის გუბერნატორი იყო და შესაბამისად, წყვილიც ქორწილის შემდეგ სწორედ აქ დასახლდა. აღსანიშნავია, რომ მათ ქორწილში საოპერო ღონისძიება თავად მოცარტმა დადგა.
ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მილანში, ერთობ ჰარმონიულად, თუმცა 1789 წელს საფრანგეთში დაწყებულმა რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა. 1790 წელს მარია ბეატრიჩე მასასა და კარარას ჰერცოგინია ხდება, მაგრამ 1796 წელს ფრანგებმა ნაპოლეონის ხელმძღვანელობით დაიპყრეს მთელი ჩრდილოეთ იტალია. მარია ბეატრიჩეს მამას ჩამოართვეს მოდენა და რეჯო და სანაცვლოდ პატარა საჰერცოგო მისცეს გერმანიაში. ამასთან, ლომბარდიის ოკუპაციის გამო მარია ბეატრიჩეს ქმარ-შვილთან ერთად ვენაში გადასახლება მოუწია, საიდანაც უკან აღარასოდეს დაბრუნებულა.
ავსტრიაში ყოფნის დროს, 1806 წელს მარია ბეატრიჩეს ქმარი გარდაიცვალა, 52 წლის ასაკში, რის შემდეგაც იგი მეორედ აღარ გათხოვილა. 1815 წელს ვენის კონგრესმა მას დაუბრუნა მასასა და კარარას ჰერცოგინიის წოდებები, ხოლო მის ვაჟს, ფრანჩესკო IV-ს გადასცეს მოდენისა და რეჯოს ჰერცოგობა. მან დარჩენილი ცხოვრება ვენის საიმპერატორო კარზე გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1829 წლის 14 ნოემბერს, 79 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ ფრანცი (1772), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია ტერეზა (1773-1832), ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ს, რომელთანაც ოთხი გოგონა შეეძინა;
- იოზეფა (1775-1777), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ლეოპოლდინა (1776-1848), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ კარლ თეოდორს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ფრანჩესკო IV (1779-1846), მოდენასა და რეჯოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი დისწული, მარია ბეატრიჩე სავოიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ფერდინანდ კარლი (1781-1850), ავსტრიული არმიის კომანდირი;
- მაქსიმილიან იოზეფი (1782-1863), ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი;
- მარია ანტონია (1784-1786), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კარლი (1785-1809), ესტერგომის არქიეპისკოპოსი;
- მარია ლუდოვიკა (1787-1816), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 87.
|
|