ბეატრის პროვანსელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბეატრის პროვანსელი
BeatrixProvensalska.jpg
სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 თებერვალი, 1266
მმართ. დასასრული: 23 სექტემბერი, 1267
წინამორბედი: ელენა ანგელინა დუკაინა
მემკვიდრე: მარგარიტა ბურგუნდიელი
პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 19 აგვისტო, 1245
მმართ. დასასრული: 23 სექტემბერი, 1267
წინამორბედი: რამონ ბერენგარ IV
მემკვიდრე: კარლო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1229
გარდ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1267 (37-38 წლის)
მეუღლე: კარლო I, სიცილიისა და ნეაპოლის მეფე
(ქ. 1246)
შვილები: ბეატრიჩე, ლათინთა იმპერატრიცა
კარლო II, ნეაპოლის მეფე
ელიზაბეტა, უნგრეთის დედოფალი
დინასტია: ბარსელონელები
მამა: რამონ ბერენგარ IV, პროვანსის გრაფი
დედა: ბეატრიჩე სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბეატრის პროვანსელი (ფრანგ. Béatrice de Provence; დ. 1229 ― გ. 23 სექტემბერი, 1267) ― ბარსელონას დინასტიის წარმომადგენელი. პროვანსის გრაფ რამონ ბერენგარ IV-ის შუათანა ასული. პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფინია 1245-1267 წლებში. სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალი 1266-1267 წლებში, როგორც მეფე კარლო I-ის პირველი მეუღლე. მეფე კარლო II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი დაიბადა 1229 წელს. იგი იყო პროვანსის გრაფ რამონ ბერენგარ IV-ისა და მისი მეუღლის, პრინცესა ბეატრიჩე სავოიელის შუათანა ქალიშვილი. მას სულ სამი და ჰყავდა: საფრანგეთის დედოფალი მარგარიტა, ინგლისის დედოფალი ელეონორა და გერმანიის დედოფალი სანჩია.

მას შემდეგ, რაც 1245 წლის 19 აგვისტოს მამამისი გარდაიცვალა, პროვანსის ახალი მმართველი ბეატრისი გახდა, რამაც იგი ევროპელი მონარქებისათვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ საცოლედ აქცია.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისი ქმართან ერთად

მისი პროვანსის ტახტზე ასვლიდან მალევე, საფრანგეთის დედა-დედოფალმა ბლანკა კასტილიელმა გადაწყვიტა, რომ ბეატრისი თავის შუათანა ძეზე, ანჟუს ჰერცოგ შარლზე დაექორწინებინა. აღსანიშნავია, რომ ბეატრისის უფროსი და, მარგარიტა, დაქორწინებული იყო შარლის უფროს ძმაზე, საფრანგეთის მეფე ლუი IX-ზე. მათ ქორწინებაზე ნებართვა მალევე გასცა თავად რომის პაპმა ინოკენტი IV-მ, რის შემდეგაც დედა-დედოფალი ბლანკა და ბეატრისის დედა, ქვრივი გრაფინია ბეატრიჩე საქორწინო სამზადისს შეუდგნენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა ბეატრისის ბიძამ, ლიონის არქიეპისკოპოსმა ფილიპე სავოიელმა იკისრა.

ამასთან, ევროპის არაერთი მონარქი ეწინააღმდეგებოდა პროვანსის გრაფინიის ფრანგ პრინცზე ქორწინებას. ტულუზის გრაფი ქორწინების შემთხვევაში საფრანგეთის მეფეს ომის გამოცხადებითაც დაემუქრა. მალევე მას მიემხრო არაგონის მეფე ხუან I-ც, თუმცა შარლმა მოახერხა მათი დამშვიდება.

უკვე 1246 წლის 31 იანვარს, ლუი IX-ის თანხმობით, შარლ ანჟუელი და ბეატრის პროვანსელი დაქორწინდნენ. ქორწილის შემდეგ წყვილი ცოტა ხანს პროვანსში გაემგზავრა, შემდეგ კი საფრანგეთის სამეფო კარზე დაბრუნდნენ და იქ დასახლდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბეატრისის დები: ინგლისის დედოფალი ელეონორა და გერმანიის დედოფალი სანჩია ქმრების წაქეზებით პრეტენზიას აცხადებდნენ პროვანსზე, როგორც თავიანთ სამკვიდროზე, თუმცა ამაოდ.

პროვანსის გრაფინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1246 წლის მაისში ბეატრისმა ქმარი პროვანსის მთავარსარდლად დანიშნა, რითაც მას ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება გადაულოცა.

აღსანიშნავია, რომ შარლმა განაგრძო სიმამრის დროს დაწყებული პოლიტიკა, რომელიც სამხრეთ იტალიაში გაბატონებას მოიაზრებდა. მან თავის მიზანს მხოლოდ 1266 წელს მიაღწია, როდესაც ნეაპოლისა და სიცილიის მეფედ გამოაცხადეს კარლო I-ის სახელით, რითაც ბეატრისი ამ ორი სამეფოს დედოფალიც გახდა, თუმცაღა ეს დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ იგი სულ ერთ წელიწადში, 1267 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა. მის შემდეგ კარლომ კიდევ ერთი ცოლი შეირთო მარგარიტა ბურგუნდიელის სახით

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეატრისს მეუღლესთან სულ ექვსი შვილი ჰყავდა:

  1. ბლანკა (1250-1270), ცოლად გაჰყვა ფლანდრიის გრაფ რობერ III-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ძე;
  2. ბეატრიჩე (1252-1275), ცოლად გაჰყვა ლათინთა კონსტანტინოპოლის იმპერატორ ფილიპე I დე კურტენეს, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი, იმპერატრიცა ეკატერინე I;
  3. კარლო II (1254-1309), ნეაპოლის მეფე. ცოლად შეირთო პრინცესა მარია უნგრელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის: ნეაპოლის მეფე რობერტო, ტარანტოს პრინცი ფილიპე, ანჟუს გრაფინია მარგარიტა, არაგონის დედოფალი ბლანკა, სიცილიის დედოფალი ელეონორა და მაიორკის დედოფალი მარია;
  4. ფილიპე (1256-1277), თესალონიკის ტიტულარული მეფე და აქაიის პრინცი, ცოლად შეირთო იზაბელა დე ვილეარდუნი, აქაიისა და მორეის პრინცესა, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  5. რობერტო (1258-1265), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ელიზაბეტა (1261-1303), ცოლად გაჰყვა უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ლასლო IV-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bruzelius, Caroline Astrid (2004). The Stones of Naples: Church Building in Angevin Italy, 1266-1343. Yale University Press.20
  • Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton: Princeton University Press. ISBN 0691052166.
  • Davin, Emmanuel (1963). "Béatrice de Savoie, Comtesse de Provence, mère de quatre reines (1198-1267)". Bulletin de l'Association Guillaume Budé (in French).
  • Hopkins, T.C.F. (2008). Empires, Wars, and Battles: The Middle East from Antiquity to the Rise of the New World. Macmillan. p. 174. ISBN 978-1466841710.
  • The Plantagenets, The Magnificent Century, Thomas B Costain 1951
  • Runciman, Steven (1958). The Sicilian Vespers: A History of the Mediterranean World in the Later Thirteenth Century. London: Cambridge University Press. OCLC 315065012.
  • Abulafia, David (1995). The New Cambridge Medieval History. Volume 5, C.1198–c.1300. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 052136289X.