მარი ორლეანელი (1813-1839)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ორლეანელი
სრული სახელი
მარი კრისტინ კაროლინ ადელაიდ ფრანსუაზ ლეოპოლდინა
წოდებები
ვიურტემბერგის ჰერცოგინია
დაიბადა 12 აპრილი, 1813
პალერმო, იტალია
გარდაიცვალა 6 იანვარი, 1839, (25 წლის)
პიზა, იტალია
საგვარეულო ორლეანები
მეუღლე(ები) ალექსანდრე, ვიურტემბერგის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფილიპე, ვიურტემბერგის ჰერცოგი
მამა ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
დედა მარია ამალია ნეაპოლელი
რელიგია კათოლიციზმი

მარი ორლეანელი (ფრანგ. Marie d'Orléans; დ. 12 აპრილი, 1813, პალერმო, ორი სიცილიის სამეფო — გ. 6 იანვარი, 1839, პიზა, ტოსკანის დიდი საჰერცოგო) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალიას ასული. გათხოვებამდე ცნობილი, როგორც მადმუაზელ დე ვალუა, ჰერცოგ ალექსანდრეზე ქორწინების შემდეგ კი მიიღო ვიურტემბერგის ჰერცოგინიის ტიტულიც.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა მარი ტიუილრის სასახლის სახატავ ოთახში

მარი ორლეანელი დაიბადა 1813 წლის 12 აპრილს პალერმოში. იგი იყო ემიგრაციაში მყოფი ორლეანის ჰერცოგის, ლუი ფილიპისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ამალია ნეაპოლელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. ვინაიდან მისი დაბადებისას ტახტზე ჯერ კიდევ ნაპოლეონი იჯდა, მისი ოჯახი დედამისის მამის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა იტალიაში. უკვე 1815 წელს ნაპოლეონი საბოლოოდ დაემხო, ტახტი ლუი XVIII-ს დაუბრუნდა და ორლეანელებიც საფრანგეთს დაუბრუნდნენ. ცნობილია, რომ პრინცესა მარი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ფერწერისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, რის გამოც მშობლებმა მას ტიუილრის სასახლეში სახატავად სპეციალური ოთახიც კი გამოუყვეს. იგი აღწერილია, როგორც ენერგიული პრინცესა, რომელსაც უყვარდა ხატვა და აქტიურად ინტერესდებოდა პოლიტიკითაც.

მარის ქმარი, ალექსანდრე ვიურტემბერგელი

1830 წელს, ივლისის რევოლუციით მამამისმა დაამხო მეფე შარლ X და თავად გახდა საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის სახელით, რითაც მარი საფრანგეთის ნამდვილი პრინცესა გახდა. სულ მალე ლუი ფილიპმა ტახტის გასამყარებლად სხვა მონარქებთან დამოყვრებაზე დაიწყო ფიქრი, რის გამოც 1832 წელს თავისი უფროსი ასული, პრინცესა ლუიზა ცოლად ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ს შერთო, შემდეგ კი პრინცესა მარის ჯერიც დადგა. 1834 წელს იგი აპირებდა, რომ ის ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ის ძმაზე, მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის ვაჟზე, სირაკუზის გრაფ ლეოპოლდოზე დაექორწინებინა, რომელიც მარის დედის ძმისწული იყო, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა.

საბოლოოდ, 1837 წლის 17 ოქტომბერს ვერსალის სასახლეში პრინცესა მარი დააქორწინეს ვიურტემბერგის ჰერცოგ ალექსანდრეზე, ჰერცოგ ალექსანდრესა და მისი ცოლის, პრინცესა ანტუანეტა საქსენ-კობურგ-ზაალფელდელზე. ჰერცოგი ალექსანდრე იყო ვიურტემბერგის მეფე ფრიდრიხ I-ის ძმისწული, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის დისწული, დედოფალ ვიქტორიას დეიდაშვილი, პრინცი ალბერტის, პორტუგალიის მეფე ფერნანდუ II-ისა და ასევე რუსეთის იმპერატორების: ალექსანდრე I-ისა და ნიკოლოზ I-ის ბიძაშვილი.

მათი ქორწინება არც ისე ბედნიერი იყო, თუმცა 1838 წლის 10 ივლისს მარიმ თავისი ერთადერთი შვილი, პრინცი ფილიპე გააჩინა, რომელმაც 1881 წელს, მამის შემდეგ დაიკავა ჰერცოგის თანამდებობაც.

1838 წლის დამლევს მარის პულმონალური ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ მას იტალიის ცხელი კლიმატი გამოაკეთებდა, რის გამოც იგი დაუყოვნებლივ გაემგზავრა პიზაში, თუმცა ამან ვერ უშველა და იგი იქ 1839 წლის 6 იანვარს, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გადაასვენეს და იმავე წლის 27 იანვარს დაკრძალეს დრეს სამეფო სამლოცველოში, საფრანგეთში.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Catalogue, Marie d'Orléans, 1813-1839, Princesse et artiste romantique, Somogy, Paris, 2008 ISBN 2-7572-0165-4.
  • Easterday, Anastasia (1997). ""Labeur, Honneur, Douleur": Sculptors Julie Charpentier, Félicie de Fauveau, and Marie d'Orléans". Woman's Art Journal. 18 (2): 11–16.