ბონა სავოიელი
ბონა სავოიელი | |
---|---|
ბონა სავოიელი 1472 წელს | |
მილანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი, 1468 |
მმართ. დასასრული: | 26 დეკემბერი, 1476 |
წინამორბედი: | დოროთეა გონძაგა |
მემკვიდრე: | იზაბელა არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 აგვისტო, 1449 |
დაბ. ადგილი: | ტურინი, სავოიის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 23 ნოემბერი, 1503, (54 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფოზანო, სავოიის საჰერცოგო |
მეუღლე: | გალეაცო მარია, მილანის ჰერცოგი |
შვილები: |
ჯან გალეაცო, მილანის ჰერცოგი ჰერმეს მარია, ტორტონას მარკიზი ბიანკა მარია, საღვთო რომის იმპერატრიცა ანა, ფერარას ჰერცოგინია |
დინასტია: | სავოიელები |
მამა: | ლუდოვიკო, სავოიის ჰერცოგი |
დედა: | ანა კვიპროსელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბონა სავოიელი (იტალ. Bona di Savoia; დ. 10 აგვისტო, 1449 — გ. 23 ნოემბერი, 1503) — სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და ანა კვიპროსელის ასული. საფრანგეთის დედოფალ შარლოტა სავოიელის და და საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის დეიდა. მილანის ჰერცოგინია 1468-76 წლებში როგორც გალეაცო მარია სფორცას მეორე ცოლი. მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო სფორცას, საღვთო რომის იმპერატრიცა ბიანკა მარია სფორცასა და ფერარას ჰერცოგინია ანა სფორცას დედა, პოლონეთის დედოფალ ბონა სფორცას ბებია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბონა დაიბადა 1449 წლის 10 აგვისტოს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკო სავოიელისა და მისი მეუღლის, ანა კვიპროსელის ასული. მას თვრამეტი და-ძმა ჰყავდა, მათ შორის: სავოიის ჰერცოგი ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი ფილიბერტო II, ჟენევას გრაფი ლუდოვიკო სავოიელი, მონფერატოს მარკიზა მარგერიტა სავოიელი და საფრანგეთის დედოფალი შარლოტა სავოიელი.
1464 წელს ბონა დაინიშნა ინგლისის მეფე ედუარდ IV-ზე, რომელმაც მალულად იქორწინა ელიზაბეთ ვუდვილზე. ამის შემდეგ, 1468 წლის 9 მაისს იგი ცოლად გაჰყვა მილანის უკვე დაქვრივებულ ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას. ეს ქორწინება მოიაზრებოდა, როგორც სფორცების ალიანსი სავოიასა და საფრანგეთთან.
ბონასა და გალეაცოს სულ ოთხი შვილი შეეძინათ, ორი ვაჟი და ორი ასული. გალეაცო მარია 1476 წლის 26 დეკემბერს, 32 წლის ასაკში მოკლეს შეთქმულებმა, რის შემდეგაც მილანის ჰერცოგი მათი ვაჟი ჯან გალეაცო ხდება. ახალი ჰერცოგი ჯერ მხოლოდ შვიდი წლის იყო, რის გამოც ქვეყანას ბონა მართავდა, როგორც რეგენტი. აღსანიშნავია, რომ იგი რეგენტი საკმაოდ დიდ ხანს, 1469-94 წლებში იყო. მას შემდეგ, რაც 1494 წელს მისი ვაჟი უძეოდ დაიღუპა, იგი თავისი მაზლის, მილანის ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცას რეგენტიც იყო.
აღსანიშნავია, რომ ბონამ დიდგვაროვან ჩიკო სიმონეტასთან თანამშრომლობითა და ლუდოვიკოს დიდი სიხარულით, თავისი ყველა მაზლი გააძევა ქალაქიდან (ცხადია ლუდოვიკოს გარდა). რამდენიმე წელიწადში, სიმონეტას ძალაუფლება დაეცა და მასთან ერთად ბონაც. სულ მალე ლუდოვიკომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო და ბონას ჩამოართვა რეგენტობა, მეტიც, იგი მილანიდან გააძევა.
ამის შემდეგ იგი თავის მშობლიურ სავოიაში დაბრუნდა და აქ დასახლდა. უკანასკნელი წლები ხელოვნების მფარველობასა და ფუფუნებაში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1503 წლის 23 ნოემბერს, 54 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯან გალეაცო (1469-1494), მილანის ჰერცოგი, იქორწინა იზაბელა არაგონელზე, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის პოლონეთის დედოფალი ბონა სფორცა;
- ჰერმეს მარია (1470-1503), ტორტონას მარკიზი;
- ბიანკა მარია (1472-1510), პირველად იქორწინა სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო I-ზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი უკვე დაქვრივებულ და ცოლ-განაცილებ საღვთო რომის იმპერატორსა და ავსტრიის ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ზე, თუმცა შვილები არცერთ ქმართან არ ჰყოლია;
- ანა (1476-1497), ცოლად გაჰყვა ფერარას, მოდენასა და რეჯოს ჰერცოგ ალფონსო I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mariana Frigeni Careddu, Ludovico il Moro. Piacenza, Sperling e Kupfer 1997. ISBN 88-200-2434-9
- Caterina Santoro, Gli Sforza: La casata nobiliare che resse il Ducato di Milano dal 1450 al 1535, Lampi di Stampa, Milano 1999
- Guido Lopez, I Signori di Milano - dai Visconti agli Sforza, Newton&Compton Editori, Milano 2013
- Daniel M. Bueno De Mesquita, BONA di Savoia, duchessa di Milano, in Dizionario biografico degli italiani, vol. 11, Roma, Istituto dell'Enciclopedia Italiana, 1969.
|
|