ბლანშ დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბლანშ დე ვალუა
Blanche de Valois
Blanka Valois.jpg
ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 აგვისტო, 1346
მმართ. დასასრული: 1 აგვისტო, 1348
წინამორბედი: ბეატრის დე ბურბონი
მემკვიდრე: ანა ბავარიელი
გერმანიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 ოქტომბერი, 1347
მმართ. დასასრული: 1 აგვისტო, 1348
წინამორბედი: მარგარიტა ენოელი
მემკვიდრე: ანა ბავარიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1317
გარდ. თარიღი: 1 აგვისტო, 1348, (32 წლის)
მეუღლე: კარლ IV, ბოჰემიის მეფე
შვილები: მარგარეტი, უნგრეთის დედოფალი
კათარინა, ავსტრიის ჰერცოგინია
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ დე ვალუა
დედა: მაუტ დე შატილონი
რელიგია: კათოლიციზმი

ბლანშ დე ვალუა (ფრანგ. Blanche de Valois, გერმ. Blanca von Valois, ჩეხ. Blanka z Valois; დ. 1317 — გ. 1 აგვისტო, 1348) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ვალუას გრაფ შარლისა და მისი მესამე ცოლის, მაუტ შატილონის ნაბოლარა შვილი. ბოჰემიის დედოფალი 1346-48 და გერმანიის დედოფალი 1347-48 წლებში როგორც კარლ IV ლუქსემბურგელის პირველი მეუღლე. უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალ მარგარეტ ბოჰემიელისა და ავსტრიის, ბავარიისა და ბრანდენბურგის კათარინა ბოჰემიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლანში დაიბადა 1317 წელს. იგი იყო ვალუას გრაფ შარლისა და მისი მესამე ცოლის, მაუტ დე შატილონის ნაბოლარა შვილი. იგი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-სა და დედოფალ ისაბელ არაგონელს შვილიშვილად ერგებოდა. ბლანში თავის ბიძაშვილთან, საფრანგეთის მეფე შარლ IV-თან იზრდებოდა სამეფო კარზე. იგი ძალიან დიდ დროს ატარებდა შარლის მეორე ცოლთან, დედოფალ მარია ლუქსემბურგელთან.

1323 წელს საფრანგეთისა და ბოჰემიის სამეფო კარებს შორის შედგა ორმაგი დინასტიური ნიშნობა, რომლის მიხედვითაც ბოჰემიის მეფე იოჰანი ცოლად ირთავდა მეფის ბიძაშვილს, ბეატრის დე ბურბონს, ხოლო იოჰანის ვაჟი, პრინცი კარლი ცოლად ირთავდა პრინცესა ბლანშ დე ვალუას. კარლი მალევე ჩავიდა და დასახლდა საფრანგეთის სამეფო კარზე, სადაც მამამისის ბრძანებით მას უკეთ უნდა გაეცნო თავისი საცოლე და მიეღო განათლება.

ბლანშისა და კარლის პოლიტიკური მნიშვნელობა ერთი — ორად გაიზარდა, როდესაც 1328 წელს მეფე შარლ IV უშვილოდ დაიღუპა, ტახტზე კი ბლანშის ძმა, ფილიპ VI ავიდა. ბოჰემიასთან კავშირის გასამყარებლად, ორმაგი დინასტიური ქორწინება გაასამმაგა და თავისი უფროსი ვაჟი, ჟან დე ვალუა დანიშნა კარლის დაზე, ბონა ბოჰემიელზე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ ლუქსემბურგელი და ბლანშ დე ვალუა

1329 წლის მაისში, ბოჰემიის დედაქალაქ პრაღაში, ბლანში და კარლი დაქორწინდნენ. ვინაიდან ახლადდაქორწინებულები მხოლოდ 13 წლისანი იყვნენ, ქორწინების პირველი წლები მათ განცალკევებით აცხოვრებდნენ. ბლანში ლუქსემბურგის სამეფო კარზე ცხოვრობდა თავის ფრეილინებთან ერთად, კარლი კი იტალიაში იმყოფებოდა და მამასთან ერთად იქ საღვთო რომის იმპერიის საზღვებს ამაგრებდა. 1334 წელს წყვილი პრაღის სამეფო კარს დაუბრუნდა, როცა ისინი უკვე 18 წლისანი იყვნენ. ამ დროს მოხდა მათი ქორწინების კონსუმირება, რის შემდეგაც ბლანშსა და კარლს მიენიჭათ მორავიის მაკგრაფისა და მაკგრაფინიის წოდება. ბლანში პრაღაში 1334 წლის 12 ივნისს დიდი ტრიუმფით, თავისი ფრანგი ქალბატონების თანხლებით შევიდა. პრაღის სამეფო კარზე ბლანში მალევე დაუახლოვდა თავისი ქმრის დედინაცვალს, დედოფალ ბეატრის დე ბურბონს, რომელიც ბლანშის ღვიძლი ბიძაშვილი და თანამემამულე იყო. შესაძლოა ითქვას, რომ ბეატრისისა და ბლანშისადმი სრულიად ჩეხური არისტოკრატია, ძალიან მტრულად იყო განწყობილი. თავდაპირველად ბლანშს არ სურდა მათი ენის სწავლა, თუმცა ბოლოს იძულებული გახდა უმაღლეს დონეზე ესწავლა ჩეხური და გერმანული ენები. ქორწინების კონსუმირებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ბლანშმა მათი პირველი გოგონა გააჩინა, რომელსაც მარგარეტი დაარქვეს.

ბლანშს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა დედოფალ ბეატრის დე ბურბონთან. ქალბატონები ხშირად საათობით ისხდნენ და ფრანგულად საუბრობდნენ, რასაც ჩეხები ვერ იგებდნენ და ერთობ ღიზიანდებოდნენ. სწორედ ამიტომ, ჩეხებს სძულდათ "ფრანგი ალქაჯები" და ყოველთვის ცუდად ეპყრობოდნენ მათ. თუმცა, ბლანშს შედარებით ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ჩეხებთან, რადგან მან ისწავლა ჩეხური ენა, ბეატრისმა კი არა, რის გამოც იგი ყოველთვის ან ბლანშთან, ან თარჯიმანთან ერთად გადაადგილდებოდა, რათა გაეგო რას ეუბნებოდნენ მისი ჩეხი ქვეშევდრომები.

მისი მამამთილი, მეფე იოჰანი დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებდა ბლანშზე, რომელმაც მხოლოდ ერთი გოგონა გააჩინა, მეფეს კი დინასტიის გასაგრძელებლად ვაჟი მემკვიდრე სჭირდებოდა. იოჰანისაგან ზეწოლა საბოლოოდ ისე გაიზარდა, რომ ბლანშმა დატოვა პრაღის სამეფო კარი და 1337 წელს ქალაქ ბრნოში გადასახლდა. მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ბლანშსა და კარლს საერთოდ არ უჩნდებოდათ შვილები. 1342 წელს ბლანშმა მეორე და უკანასკნელი შვილი გააჩინა, რომელიც ასევე გოგონა იყო, რომელსაც კათარინა დაარქვეს. 1346 წლის 11 ივლისს გერმანელებმა მეფე ლუდვიგ IV ჩამოაგდეს და თავიანთ მეფედ კარლ IV ლუქსემბურგელი დასვეს, რითაც ბლანში გერმანიის დედოფალი გახდა. ამ დროს ბლანშის მშობლიურ საფრანგეთში ასწლიანი ომი მძვინვარებდა, რომელში დასახმარებლადაც ფილიპ VI-მ მეფე იოჰანს მიმართა. იოჰანი დიდი ჩეხური არმიით ჩავიდა საფრანგეთში და ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღა. ფილიპმა კი თავის საყვარელ დაზე დიდი ზეწოლისათვის მეფე იოჰანი მოაკვლევინა, თუმცა ეს ისე გააკეთა, თითქოს იგი 1346 წელს კრესის ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ ბლანში ბოჰემიის დედოფალიც ხდება.

1347 წლის 11 ოქტომბერს ლუდვიგ IV გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბლანში და კარლი უკვე საბოლოოდ აღიარეს გერმანიის მეფე-დედოფლად. ბლანშს დიდხანს არ დასცალდა ცხოვრებით ტკბობა და იგი 1348 წლის 1 აგვისტოს გარდაიცვალა 32 წლის ასაკში. ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ დედოფალს განუკურნებელი დაავადება სჭირდა, თუმცა ზუსტად არ ასახელებენ რომელი. ვინაიდან კარლს მისგან ვაჟი არ დარჩა, იგი მალევე, 1349 წელს მეორედ დაქორწინდა ანა ბავარიელზე, რომელიც 1353 წელს 23 წლის ასაკში გადაჰყვა მშობიარობას, თუმცა ბავშვი ძალიან სუსტი იყო და დედასთან ერთად დაიღუპა. იმავე მიზეზით, კარლმა 1353 წელსვე იქორწინა ანა შლეზვიგელზე, რომელთანაც ერთი ვაჟი და ერთი გოგონა შეეძინა, თუმცა 1362 წელს, 23 წლის ასაკში ისიც მშობიარობას გადაჰყვა. კარლმა მეოთხე ცოლის შერთვა და მეორე ვაჟის გაჩენა გადაწყვიტა, იმ შემთხვევისთვის, თუ მის ვაჟს რამე დაემართებოდა, რის გამოც 1363 წელს იქორწინა ელიზაბეთ პომერანიელზე, რომელთანაც რვა შვილი შეეძინა, აქედან ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი.

ბლანში დაკრძალულია პრაღაში, წმინდა ვიტუსის ტაძარში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარგარეტი (1335-1349), ცოლად გაჰყვა უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის მეფე ლაიოშ I-ს, თუმცა მათ საერთო შვილები არ ჰყავდათ და მისი გარდაცვალების შემდეგ ლაიოშმა ცოლად ელიზაბეტა ბოსნიელი შეირთო;
  2. კათარინა (1342-1395), პირველად ცოლად გაჰყვა ავსტრიის ჰერცოგ რუდოლფ IV-ს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბავარიისა და ბრანდენბურგის ჰერცოგ ოტო V-ს, თუმცა შვილები არცერთ ქმართან არ ჰყოლია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • William M. Mahoney, The History of the Czech Republic and Slovakia, (ABC-CLIO, 2011), 49-50.
  • Francis Dvornik, The Slavs in European History and Civilization, (Rutgers University Press, 1962), 52.
  • From Famous Empresses to Unspectacular Queens, Karl-Ulrich Jaschke, Queens and Queenship in Medieval Europe, ed. Anne J. Duggan, (The Boydell Press,1997), 102.