იოლანდ დე ვალუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იოლანდ დე ვალუა
Dedication by Guillaume Fichet of his book Rhetorica to Yolande of France, Duchess of Savoy.jpg
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 29 იანვარი, 1465
მმართ. დასასრული: 30 მარტი, 1472
წინამორბედი: ანა კვიპროსელი
მემკვიდრე: ბიანკა მარია სფორცა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1434
დაბ. ადგილი: ტური, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 23 აგვისტო, 1478, (43 წლის)
გარდ. ადგილი: შამბერი, სავოია
მეუღლე: ამადეო IX, სავოიის ჰერცოგი
შვილები: ანა, სკვილესის ჰერცოგინია
ლუიზა
ფილიბერტო I, სავოიის ჰერცოგი
კარლო I, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: ვალუები
მამა: შარლ VII, საფრანგეთის მეფე
დედა: მარია ანჟუელი
რელიგია: კათოლიციზმი

იოლანდ დე ვალუა (ფრანგ. Yolande de Valois, იტალ. Iolanda di Valois; დ. 23 სექტემბერი, 1434 — გ. 23 აგვისტო, 1478) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და დედოფალ მარია ანჟუელის შუათანა ქალიშვილი. სავოიის ჰერცოგინია 1465-72 წლებში როგორც ამადეო IX-ის მეუღლე. სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო I-ის დედა და მისი რეგენტი, ასევე იყო დედა სავოიის ჰერცოგ კარლო I-ისა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოლანდი დაიბადა 1434 წლის 23 სექტემბერს, საფრანგეთის ქალაქ ტურში. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ანჟუელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, ანჟუს ჰერცოგინია იოლანდ არაგონელის პატივსაცემად დაარქვეს. იოლანდას უფროსი ძმა, დოფინი ლუი დე ვალუა (შემდგომში მეფე ლუი XI), თავდაპირველად დაქორწინებული იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ის ასულ მარგარიტა სტიუარტზე, რომელიც მალევე უშვილოდ დაიღუპა. სწორედ ამიტომ, მეფე შარლმა მეზობელ სავოიასთან მყარი ალიანსის შესაქმნელად გადაწყვიტა, რომ ლუი კვლავ დაექორწინებინა, ოღონდ ამჯერად სავოიის ჰერცოჰ ლუდოვიკოს ასულ შარლოტა სავოიელზე, ხოლო იოლანდა მიეთხოვებინა ლუდოვიკოს უფროს ვაჟზე, პიემონტის პრინც ამადეოზე. 1451 წელს შედგა ლუისა და შარლოტას ქორწინება, თუმცა ვინაიდან იოლანდი და ამადეო ამ დროს ძალიან პატარები იყვნენ, მათმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი მომდევნო წელს დაექორწინებინათ.

ქორწინება ამადეო IX-ზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1452 წლიდან დიდი საქორწინო სამზადისი დაიწყო, თუმცა როდესაც ამადეო საფრანგეთში უნდა ჩასულიყო, მოულოდნელად ეპილეფსიური შეტევა დაემართა, თუმცა იგი საბოლოოდ მაინც ჩავიდა შამბერში და იოლანდის ხელი ითხოვა, სადაც შეტევა კვლავ გაუმეორდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ შამბერში არსებული კლიმატი დამღუპველად მოქმედებდა ამადეოზე, რის გამოც სამეფო ოჯახმა დაუყოვნებლივ დატოვა ქალაქი და ბურგ-ან-ბრიზში გადავიდა. 1452 წელს, სწორედ აქ დაქორწინდნენ იოლანდ დე ვალუა და ამადეო სავოიელი. იოლანდმა თაფლობის თვე სამხრეთ საფრანგეთში, სამეფო კარის ინტიგებისაგან შორს, ცეკვასა და გართობაში გაატარა. საქორწინო ეიფორიის გადავლის შემდეგ, ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და იოლანდმაც თავის სუსტი ჯანმრთელობის მეუღლეზე ზრუნვასა და ქველმოქმედებას მიჰყო ხელი.

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1465 წელს, მისი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, სავოიის ჰერცოგი იოლანდას მეუღლე, ამადეო IX გახდა. როგორც უკვე ვიცით, ამადეოს კატასტროფულად სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ემართებოდა ეპილეფსიური კრუნჩხვები. სწორედ ამიტომ, 1469 წლიდან მოყოლებული, სავოიის სამეფო საბჭომ ამადეოს რეგენტად მისივე ცოლი, თავისი დიპლომატიურობითა და გონებამახვილობით ცნობილი იოლანდ დე ვალუა დანიშნა. ამის შემდეგ, იოლანდს განუზომელი ძალაუფლება მიენიჭა. იგი მოქმედებდა სავოიის სასიკეთოდ, თუმცა ამავდროულად პროფრანგული პოლიტიკით. მან ჟენევადან საბოლოოდ გააძევა მოთარეშე შვეიცარიელები და აქ მუდმივი ჯარი ჩააყენა. მაგრამ, ასევე აღსაღნიშნავია ისიც, რომ სავოიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრანგებისა და ვალუების გავლენა. ვინაიდან იგი სულით მაინც ფრანგი პრინცესა იყო, ხშირად სწორედ ფრანგების მითითებით მოქმედებდა, რაც სავოიელებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, ახალ-ახალი რეფორმებით, მან მაინც მოიგო სავოიელთა გულები. იგი ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებას. უნდა ითქვას ისიც, რომ იგი თითქმის ყოველ წელს ახალ ბავშვზე იყო ორსულად და სწორედ ასეთ მდგომარეობაში უხდებოდა სახელმწიფო პრობლემების თავის თავზე აღება და შემდგომში მათ მოგვარებაზე ზრუნვა.

მიუხედავად უამრავი უსიამოვნებისა, სავოიის ჰერცოგინიას ძალიან უყვარდა ხელოვნება და ზრუნავდა საჯარო დაწესებულებებზე. როდესაც სახელმწიფოს სათავეში ფრანგი, განათლებული ქალი მოვიდა, ნამდვილი ზეიმი იყო ადგილობრივი ინტელიგენციისა და ხელოვანთათვის. იოლანდა მფარველობდა და აფინანსებდა უამრავ მხატვარს, მუსიკოსს, პოეტს, მოქანდაკესა და არქიტექტორს. ცნობილია, რომ სავოიაში პირველი საავადმყოფო სწორედ იოლანდემ დააარსა. ასევე მის სახელს მიეწერება კეთროვანთათვის ცალკე სამკურნალო ბაზისა და უამრავი ეკლესია-მონასტრის აგება.

ასევე აღსაღნიშნავია იოლანდას დიპლომატიური მიღწევები. იგი დიდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა საფრანგეთის მეფე ლუი XI-თან (ანუ საკუთარ ძმასთან), რომელთანაც საბოლოოდ სავოიისათვის მეტად მომგებიანი სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა. აგრეთვე მან შექმნა რვა კაციანი სამეფო საბჭო, რომელსაც ახალი კანონების შემოღება და ძველების გაუმჯობესება ევალებოდა. ცნობილია, რომ უცხოელებთან მოლაპარაკებებს, იგი ყოველთვის ამადეო IX-ის სახელით აწარმოებდა. ასევე მან ჩაახრშო თავისი მაზლის, პრინცი ფილიპოს აჯანყება. სავოიელები იოლანდას "განათლების დედოფალს" უწოდებდნენ, რადგან სავოიაში სწორედ მან შეიტანა განათლება და ხელოვნება.

პატიმრობა რუვრეში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთთან დამყარებული მშვიდობის შემდეგ, იოლანდამ განიზრახა ჩრდილოეთიდან მემეზობლე, არც თუ ისე კეთილგანწყობილი ბურგუნდიაც თავის მოკავშირედ ექცია, რის გამოც ბურგუნდიის ჰერცოგთან მოლაპარაკებები წამოიწყო. გარკვეული მიზეზების გამო, ბურგუნდიელებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა და საქმე ომამდეც კი მივიდა. ბურგუნდიელებს მალევე დაეხმარნენ იოლანდსა და სავოიას გადამტერებული შვეიცარიელებიც (რომლებიც იმ დროს საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა). საქმე იმაშია, რომ იოლანდს მისი მოკავშირე საფრანგეთის მეფე არ დაეხმარა, რადგან ლუი XI-მ ძლივს დაამყარა მშვიდობა ბურგუნდიასთან და ახლა მისი სავოიის გამო გაფუჭება არ სურდა. იოლანდას სავოიური ჯარები სასტიკად დამარცხდა, სავოიამ სამუდამოდ დაჰკარგა ჟენევა და მისი შემოგარენი მიწები, თავად იოლანდი კი ბურგუნდიელებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუვრეს ციხესიმაგრეში გამოკეტეს.

როდესაც დის დატყვევების შესახებ ამცდნეს, ლუი XI-მ მაშინვე წამოიწყო მოლაპარაკებები ბურგუნდიის ჰერცოგ შარლ მამაცთან. მან ლუის სავოიის დიდი ნაწილი, იოლანდას რეგენტობის გაუქმება და სავოიის ტახტზე მისი მაზლის, პიემონტის პრინც ფილიპოს დასმა მოსთხოვა. ლუიმაც და იოლანდმაც ამაზე სასტიკი უარი განაცხადეს, რასაც ისიც დაერთო, რომ სავოიის დიდი ნაწილი იოლანდის ერთგული იყო და ბურგუნდიის ჰერცოგს აუჯანყდა იმის მოთხოვნით, რომ მათი სუვერენული რეგენტი გაენთავისუფლებინა. შარლ მამაცი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო და იოლანდი გაენთავისუფლებინა, თუმცა მას ფიცი დაადებინა, რომ ბურგუნდიის წინააღმდეგ აღარასოდეს გაილაშქრებდა.

სავოიაში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავოიაში დაბრუნებულ იოლანდს სრულიად შეცვლილი სიტუაცია დახვდა. მისი რეგენტობის აღდგენა უკვე ძალიან რთული იყო, რადგან ამ დროს უკვე მისი მაზლის, პრინცი ფილიპოს გავლენები საგრძნობლად გაზრდილიყო. სწორედ ამიტომ, იოლანდმა დახმარებისათვის მეზობელი მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას მიმართა დახმარებისათვის. იოლანდმა მილანთან კავშირის გასამყარებლად ალიანსის შექმნა გადაწვიტა და თავისი უფროსი ვაჟი დააქორწინა გალეაცოს ასულ ბიანკა მარია სფორცაზე. მალევე მოკავშირეებმა დიდი ჯარების შეგროვება დაიწყეს ფილიპოს წინააღმდეგ, რომელზეც იოლანდს სასტიკი შურისძიება სურდა. 1476 წელს იოლანდისა და გალეაცოს არმიამ სასტიკად დაამარცხა ფილიპო, რომელიც ტყვედ ჩავარდა. დატყვევებული ფილიპო იოლანდმა სამუდამოდ გამოკეტა ტურინის საპყრობილეში. ამის შემდეგ მან მთელს სავოიაზე აღადგინა თავისი რეგენტული ძალაუფლება და კიდევ უფრო გააღრმავა მეგობრული ურთიერთობა მილანთან.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1476 წელს გალეაცო მარია აჯანყებულმა მილანელებმა მოკლეს, ტახტზე კი მისი ვაჟი გალეაცო მარია ავიდა. იოლანდი ყველანაირად ცდილობდა მეზობელ მილანთან არსებული თბილი ურთიერთობა არ დაეკარგა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა. 1478 წლის 23 აგივსტოს, 43 წლის ასაკში იოლანდი გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუდოვიკო (1453), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ანა (1455-1480), ცოლად გაჰყვა ალტამურას პრინცსა და სკვილესის ჰერცოგ ფედერიკო ნეაპოლელს, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ქალიშვილი, ტარანტოს პრინცესა კარლოტა ნეაპოლელი;
  3. კარლო (1456-1471), პიემონტის პრინცი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუოჯახებელი;
  4. მარია (1460-1511), ცოლად გაჰყვა ჰახბერგ-საუზენბერგის ლანდგრაფსა და ბადენვეილერის ლორდ ფილიპე ბადენელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  5. ლუიზა (1462-1503), ცოლად გაჰყვა უგო დე შალონს;
  6. ფილიბერტო I (1465-1482), სავოიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მილანის ჰერცოგ გალეაცო მარია სფორცას ასული ბიანკა მარია სფორცა, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. ბერნარდინო (1467), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  8. კარლო I (1468-1490), სავოიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ბლანკა მონტფერატელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  9. ჯაკომო (1470-1485), ჯინევრას მარკიზი, გარდაიცვალა ახალგაზრდა და დაუოჯახებელი;
  10. ჯან კლაუდიო (1472), გარდაიცვალა ჩვილობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gianni Oliva, I Savoia, Milano, Mondadori, 1998, ISBN 978-88-04-46431-0.
  • Sergio Masini, Le battaglie che cambiarono il mondo, Milano, Mondadori, 1995, ISBN 978-88-04-49579-6.
  • Paul E. Martin, La Confederazione Svizzera nel Medioevo, Mondadori, 1999.
  • Charles Petit-Dutaillis, Francia: Luigi XI, 1999.
  • Laura Gaffuri, Lo “statum reginale” tra distinzione ed eccezione: il caso sabaudo (XV secolo), in: Marquer la prééminence sociale, sous la direction de J.-Ph. Genet et E.I. Mineo, Paris, Publications de la Sorbonne 2014, pp. 129-156.