ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
Élisabeth Charlotte d'Orléans
Gobert, workshop of - Élisabeth Charlotte d'Orléans - Versailles, MV3690.jpg
ლოთარინგიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 13 ოქტომბერი, 1698
მმართ. დასასრული: 27 მარტი, 1729
წინამორბედი: ელეონორა მარია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ტერეზია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 სექტემბერი, 1676
დაბ. ადგილი: შატო დე სენ-კლოდი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1744, (68 წლის)
გარდ. ადგილი: შატო დე კომერსი, ლოთარინგია
მეუღლე: ლეოპოლდი, ლოთარინგიის ჰერცოგი
შვილები: ელიზაბეტ შარლოტი
ლუი
ლეოპოლდ კლემენტი
ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
ელიზაბეტ ტერეზა, სარდინიის დედოფალი
შარლ ალექსანდრე
ანა შარლოტი
დინასტია: ორლეანები
მამა: ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი
რელიგია: კათოლიციზმი

ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი (ფრანგ. Élisabeth Charlotte d'Orléans; დ. 13 სექტემბერი, 1676, საფრანგეთი — გ. 23 დეკემბერი, 1744, ლოთარინგია) — ორლეანების დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ნაბოლარა ქალიშვილი. ატარებდა საფრანგეთის პატარა ქალიშვილის (ფრანგ. Petite-fille de France) წოდებას. 1698-1729 წლებში იყო ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია, როგორც ლეოპოლდ ლოთარინგიელის მეუღლე. აგრეთვე იყო ლოთარინგიის რეგენტი, კომერსის პრინცესა და მადმუაზელ დე შარტრი. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ შარლოტი დაიბადა 1676 წლის 13 სექტემბერს შატო დე სენ-კლოდში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ნაბოლარა შვილი. ფილიპს პირველი ცოლსაგან ორი ქალიშვილი ჰყავდა — ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა და სარდინიის დედოფალი ანა მარია. თავად ფილიპი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ერთადერთი ძმა იყო. ელიზაბეტ შარლოტს მამის ხაზით ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII და მისი ცოლი, დედოფალი ანა ავსტრიელი, ხოლო დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ პფალცის კურფიურსტი კარლ I ლუდვიგი და მისი ცოლი, შარლოტა ჰესენ-კასელელი. დაბადებისთანავე, მისი ასეთი მაღალი წარმომავლობის გამო მიენიჭა საფრანგეთის უფროსი ქალიშვილისა და შარტრის მადმუაზელის წოდება. მას შემდეგ რაც მისი ორი უფროსი ნახევარ-დები გათხოვდნენ, ელიზაბეტ შარლოტი მადამ როიალი გახდა, რაც ყველაზე მაღალი რანგის დაუქორწინებელ პრინცესას ნიშნავს.

ბავშვობაში მშობლები მისით მეტად უკმაყოფილონი იყვნენ. დედამისი მას აღწერს, როგორც: "საშინლად ველურსა" და "ბიჭივით უხეშს". მისი ამგვარი ბუნებით ძალზედ უკმაყოფილო იყო მამამისიც, რის გამოც მისი ქალიშვილები, რომლებიც პირველი ცოლისგან ჰყავდა, მის საყვარელ შვილებად დარჩნენ მისი სიცოცხლის ბოლომდე.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეტ შარლოტას დედას მთელი გულით სურდა, რომ ისიც ისევე პრესტიჟულად დაქორწინებულიყო, როგორც მისი უფროსი დები დაქორწინდნენ. როდესაც დედამისმა მისი საფრანგეთის დოფინ მარია ანა ვიქტორია ბავარიელის ძმაზე, ბავარიის კურფიურსტ იოზეფ კლემენტზე დაქორწინება განიზრახა, ელიზაბეტ შარლოტმა განაცხადა: "მადამ, მე ამისათვის ჯერ მზად არ ვარ".

იზაბეტ შარლოტისა და ლეოპოლდ ლოთარინგიელის ქორწინებალ

ელიზაბეტ შარლოტას დედა დიდად ამბიციური ქალი არ იყო, თუმცა შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო სურდა, რის გამოც მათთვის იდეალურ მეუღლეებს ეძებდა. ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი განრისხდა, როცა მისი უფროსი ვაჟი, შარტრის ჰერცოგი ფილიპე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის უკანონო ქალიშვილ ფრანსუაზ მარი დე ბურბონზე დააქორწინეს.

ელიზაბეტის დედას თავდაპირველად მისი მითხოვება ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ მერი II-ის ქვრივზე, მეფე უილიამ III-ზე სურდა, თუმცა ვინაიდან უილიამი პროტესტანტი იყო, ქორწინება არ შემდგარა.

ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ელიზაბეტისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ქორწინებასთან დაკავშირებით. ამით წესით უნდა შერიგებულიყვნენ ერთმანეთს გადამტერებული ბურბონები და ჰაბსბურგები. მისი საქმროს კანდიდატები ასევე იყვნენ მისი დაქვრივებული ბიძაშვილი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი და ასევე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის კიდევ ერთი უკანონო ვაჟი, მეინის ჰერცოგი ლუი ავგუსტი, თუმცა მათზე დაქორწინება ელიზაბეტის დედამ არ დაუშვა.

ელიზაბეტ შარლოტი საბოლოოდ 1698 წლის 13 ოქტომბერს ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდზე დაქორწინდა ფონტენბლოს სასახლეში. ლეოპოლდი ჰერცოგ შარლ V-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია ელეონორა მარია ავსტრიელის ვაჟი იყო.

ეს ქორწინება რიისვიკის ზავის შედეგი იყო, რის შემდეგაც საფრანგეთის მეფეს ოკუპირებული ლოთარინგია მისი კანონიერი ჰერცოგისათვის უნდა დაებრუნებინა. ამრიგად ელიზაბეტ შარლოტა, როგორც მისი დები, კიდევ ერთი სამშვიდობო ხელშეკრულების გასამყარებლად გამოიყენეს, რითაც დედამისი ერთობ უკმაყოფილო დარჩა. შემდგომში მან განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი "ომის მსხვერპლი" იყო.

ლოთარინგიის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ქორწინება ლოთარინგიის სამეფო კარზე ბევრის სიხარულს, ბევრის კი გაოცებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, ლოთარინგიელები ამ ქორწინებით კმაყოფილნი დარჩნენ, რადგან მათ დამოუკიდებლობაც აღიდგინეს და ამასთან მათ ახალ ჰერცოგინიას მზითვში 900, 000 ლივრიც მოჰყვა, რამაც ლოთარინგიის ხაზინა შეავსო.

ელიზაბეტ შარლოტის ქორწინების შემდეგ, მისი ტიტულები, ანუ შარტის მადმუაზელი, მადამ როიალი და საფრანგეთის პატარა ქალიშვილი მის ძმიშვილს, პრინცესა მარი ადელაიდა ორლეანელს მიენიჭა, რომელიც 1698 წლის 13 აგვისტოს დაიბადა.

ელიზაბეტისა და ლეოპოლდის ქორწინებაში თოთხმეტი ბავშვი დაიბადა, რომელთაგან მხოლოდ ხუთმა მიაღწია სრულწლოვანებამდე, სამი კი 1711 წლის მაისში, ერთ კვირაში დაიღუპა წითელას ეპიდემიის გამო. შვილების გაჩენის შემდეგ, ელიზაბეტმა საოცარი დედობრივი ინსტიქტი და დიდად მზრუნველობითი ხასიათი გამოავლინა.

ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, 1708 წელს ლეოპოლდმა საყვარლები გაიჩინა ანა მარგარიტა ლაინგილის სახით. მართალია ელიზაბეტ შარლოტს ძალიან სტკენდა გულს მეუღლის ღალატი, თუმცა დედის რჩევის საფუძველზე, რომლისთვისაც ასეთი რამ უცხო არ იყო, ჩუმად დარჩა. იგი ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას სამეფო სასახლეში მეუღლესა და მის საყვარელთან ერთად, ისე თითქოს არაფერი მომხდარა. ლეოპოლდს ეს საყვარელი ცხოვრების ბოლომდე ჰყავდა და როგორც აცხადებდა, სწორედ ის იყო მისი ცხოვრების სიყვარული. ამის მიუხედავად, ელიზაბეტმა კიდევ ხუთი შვილი გაუჩინა ლეოპოლდს, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I, რომელიც საღვთო რომის ორი იმპერატორის, ასევე სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალ მარია კაროლინასა და საფრანგეთის დედოფალ მარია ანტუანეტას მამა გახდა.

1701 წლის ივნისში ელიზაბეტის მამა, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I ვერსალის სასახლეში გარდაიცვალა, ჰერცოგი კი ელიზაბეტის ძმა ფილიპ II გახდა. ელიზაბეტის დედა კვლავ ლუი XIV-ის სამეფო კარზე, მის კმაყოფასა და კეთილგანწყობაზე რჩებოდა, თუმცა ლუიმ მას საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა. შედეგად, ელიზაბეტ შარლოტა წლების მანძილზე ვერ ნახულობდა დედამისს. მიუხედავად ამისა, ელიზაბეტი და დედამისი ერთმანეთს წერილების საშუალებით ხშირად ეკონტაქტებოდნენ. სწორედ მათი ხელშეწყობით, ლეოპოლდისა და მისი საყვარლის რეზიდენცია — შატო დე ლონგევილი ხანძარმა გაანადგურა.

1715 წელს ლუი XIV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ხუთი წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა, რომლის რეგენტადაც ელიზაბეტის ძმა, ჰერცოგი ფილიპ II დაინიშნა. 1718 წელს, ელიზაბეტის ხანმოკლე ვიზიტისას საფრანგეთში, მისმა ძმიშვილმა, ბერის ქვრივმა ჰერცოგინიამ ელიზაბეტს ლუქსემბურგის სასახლე აჩუქა.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, ლეოპოლდმა ელიზაბეტს მისი უმაღლესობის წოდება მიანიჭა, რაც ლოთარინგიაში ჩვეულებრივ სხვა ქვეყნის წარმომადგენელ დიდგვაროვნებს არ ჰქონდათ ხოლმე.

1722 წლის 25 ოქტომბერს რეიმსის კათედრალში შედგა ლუი XV-ის კორონაცია, რომელსაც ელიზაბეტიც დაესწრო თავისი შვილებითურთ. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ელიზაბეტის ნაბოლარა გოგონამ, პრინცესა ანა შარლოტმა ნახა თავისი ბებია, ამის შემდეგ ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი მალევე, 1722 წლის 8 დეკემბერს გარდაიცვალა. ელიზაბეტის ძმა კი კვლავ განაგრძობდა საფრანგეთის მმართვას, როგორც რეგენტი.

ლოთარინგიის რეგენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1729 წლის 27 მარტს ელიზაბეტის მეუღლე, ჰერცოგი ლეოპოლდი გარდაიცვალა. ტახტზე მისი ვაჟი ფრანც შტეფანი ავიდა, თუმცა იგი ამ პერიოდში ვენაში იყო გამგზავრებული განათლების მისაღებად, სადაც 1730 წლამდე დარჩა, მანამდე კი ლოთარინგიის მართვა დედამისს, ახლა უკვე რეგენტ ელიზაბეტ შარლოტს ჩააბარა.

ელიზაბეტ შარლოტი ამ ხნის მანძილზე ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისი ქალიშვილი ანა შარლოტი როგორმე ლუი XV-ზე დაექორწინებინა. ეს ქორწინება არ შემდგარა ბურბონის ჰერცოგის დამსახურებით, რომელსაც მეფის საცოლედ პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა ჰყავდა შერჩეული. ამის შემდეგ ელიზაბეტი ცდილობდა ანა თავის ძმის შვილზე, ორლეანის ტახტის მემკვიდრეზე დაექორწინებინა, თუმცა ვინაიდან ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, ქორწინებაზე რომის პაპის ნებართვა იყო საჭირო, რომელიც ვერ მიიღეს.

კომერსის პრინცესა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის მეფე ლოთარინგიის მისი სიმამრის, წარსულში პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშჩინსკისთვის გადაცემას მოითხოვდა, რაც წლების შემდეგ, 1737 წელს მოახერხა კიდეც. ფრანც შტეფანმა ცოლად ავსტრიისა და საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ტერეზია ავსტრიელი შეირთო, რის შემდეგაც პატარა ლოთარინგიაზე აღარც უფიქრია. მალევე ელიზაბეტ შარლოტი კომერსში დასახლდა, სადაც საკუთარი სუვერენული კომერსის პრინციპილატი ჩამოაყალიბა, რომელსაც მართავდა გარდაცვალებამდე, შემდეგ კი ისიც სტანისლავს გადაეცა.

1737 წელს ელიზაბეტის უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტ ტერეზა ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ს. მას იტალიელებმა ელიზაბეტა ტერეზა შეარქვეს, თუმცა მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა და 1741 წელს თავის მესამე მშობიარობას გადაჰყვა.

1744 წლის 7 იანვარს, მისი უმცროსი ვაჟი შარლ ალექსანდრე სიყვარულით დაქორწინდა მარია ანა ავსტრიელზე, რომელიც 1744 წლის 16 დეკემბერს მშობიარობას გადაჰყვა.

ელიზაბეტ შარლოტისთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა ამდენი ახლობლის დაკარგვა, რის გამოც 1744 წლის 23 დეკემბერს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მემატიანეები წერენ, რომ მასზე დიდი დარტყმა მოახდინა, როცა აცნობეს, რომ მისი რძალი და შვილიშვილი მშობიარობისას დაიღუპნენ, რის შემდეგაც გულის ინფაქტით გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ცხრა თვის შემდეგ მისი ვაჟი ფრანც I საღვთო რომის იმპერატორად აღიარეს, რის შემდეგაც დაარსდა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეოპოლდი (დ. 26 აგვისტო, 1699 — გ. 2 აპრილი, 1700), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  2. ელიზაბეტ შარლოტი (დ. 21 ოქტომბერი, 1700 — გ. 4 მაისი, 1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუიზა კრისტინა (დ. 13 ნოემბერი, 1701 — გ. 18 ნოემბერი, 1701), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. მარი გაბრიელა (დ. 30 დეკემბერი, 1702 — 11 მაისი, 1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუი (დ. 28 იანვარი, 1704 — გ. 10 მაისი, 1711), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ჟოზეფინ გაბრიელა (დ. 16 თებერვალი, 1705 — გ. 25 მარტი, 1708), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  7. გაბრიელა ლუიზა (დ. 4 მარტი, 1706 — გ. 13 ივნისი, 1710), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ლეოპოლდ კლემენტი (დ. 25 აპრილი, 1707 — 4 ივნისი, 1723), ლოთარინგიის პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  9. ფრანც I (დ. 8 დეკემბერი, 1708 — გ. 18 აგვისტო, 1765), ლოთარინგიის ჰერცოგი, საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორი, ცოლად შეირთო მარია ტერეზია ავსტრიელი და შეეძინა თექვსმეტი შვილი;
  10. ელეონორი (დ. 4 ივნისი, 1710 — გ. 28 ივლისი, 1710), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  11. ელიზაბეტ ტერეზა (დ. 15 ოქტომბერი, 1711 — გ. 3 ივლისი, 1741), ცოლად გაჰყვა სავოიისა და პიემონტ-სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  12. შარლ ალექსანდრე (დ. 12 დეკემბერი, 1712 — გ. 4 ივლისი, 1780), ლოთარინგიის პრინცი, ცოლად შეირთო მარია ანა ავსტრიელი, თუმცა მათი ყველა შვილი ბავშვობაშივე დაიღუპა;
  13. ანა შარლოტი (დ. 17 მაისი, 1714 — გ. 7 ნოემბერი, 1773), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  14. მკვდარშობილი ქალიშვილი (28 ნოემბერი, 1715).

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nancy Nicholas Barker, Brother to the Sun king:Philippe, Duke of Orléans, p. 1.
  • Antonia Fraser: Love and Louis XIV, p.189
  • je ne suis pas faite, madame, pour un cadet.
  • Joseph was suggested by Pope Innocent XII himself
  • Sarah Lebasch: Elisabeth-Charlotte d’Orléans, at siefar.org
  • Dufresne, Claude, les d'Orléans, CRITERION, Paris, 1991, p. 85, ISBN 2-903702-57-8.