მარია იოზეფა საქსონიელი (1867-1944)
მარია იოზეფა საქსონიელი | |
---|---|
სრული სახელი
მარია იოზეფა ლუიზა ფილიპინა ელიზაბეთ პია ანგელიკა მარგარეტე | |
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
დაიბადა |
31 მაისი, 1867 დრეზდენი, გერმანია |
გარდაიცვალა |
28 მაისი, 1944, (76 წლის) ერლანგენი, გერმანია |
საგვარეულო | ვეტინები |
მეუღლე(ები) |
ოტო ფრანც ავსტრიელი (ქ. 1886 - გარდ. 1906) |
შვილ(ებ)ი | კარლ I, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორი |
მამა | გეორგი, საქსონიის მეფე |
დედა | მარია ანა პორტუგალიელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მარია იოზეფა საქსონიელი (გერმ. Maria Josepha von Sachsen; დ. 31 მაისი, 1867, დრეზდენი, საქსონია, გერმანია — გ. 28 მაისი, 1944, ერლანგენი, ბავარია, გერმანია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის მეფე გეორგისა და მარია ანა პორტუგალიელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგ ოტო ფრანცის ცოლი, ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ კარლ I-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია იოზეფა დაიბადა 1867 წლის 31 მაისს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის მეფე გეორგისა და მისი მეუღლის, ინფანტა მარია ანა პორტუგალიელის ქალიშვილი. მისი გაჩენისას ტახტზე ჯერ კიდევ ბიძამისი, ალბერტი იჯდა, რომელიც ქვეყანას 1902 წლამდე მართავდა.
1884 წელს დედამისი გარდაიცვალა, თუმცა მალევე, 1886 წლის 2 ოქტომბერს, 19 წლის ასაკში, მარია იოზეფა დააქორწინეს ერცჰერცოგ ოტო ფრანც ავსტრიელზე (მეტსახელად სიმპათიური (გერმ. der Schöne)), იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ძმისწულსა და სარაევოში მოკლულ ფრანც ფერდინანდის ძმაზე.
მათი ქორწინება უბედური იყო, რადგანაც ოტო ფრანცმა მასზე იძულებით იქორწინა, რათა მემკვიდრე გაეჩინა და საქსონიასთან არსებული ალიანსი შეენარჩუნებინა. ამის გამო ერცჰერცოგი მარია იოზეფას გამუდმებით ღალატობდა და სამეფო კარზე თითქმის არასოდეს იყო. ღრმადმორწმუნე მარია იოზეფას კი ეს ახარებდა კიდეც, რადგან მისი არყოფნა შესაძლებლობას აძლევდა, რომ „ვაჟები მამის მავნე ზემოქმედებისაგან“ დაეცვა. ცნობილია ისიც, რომ საბოლოოდ მარია იოზეფამაც გააბა რომანი, მისი რჩეული კი ცნობილი ავსტრიელი მსახიობი, ოტო ტრესლერი იყო, რომელიც პირდაპირ სასახლეში სტუმრობდა ხოლმე მას.
1906 წელს ოტო ფრანცი სიფილისით გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ მარია იოზეფა დიდ ხანს და მძიმედ გლოვობდა მას, რამაც გარშემომყოფთა გაოცება გამოიწვია, მათი ცოლქმრული ურთიერთობიდან გამომდინარე. დაქვრივების შემდეგ იგი ტრესლერსაც დაშორდა.
1914 წელს მისი მაზლის მკვლელობის გამო იწყება პირველი მსოფლიო ომი. 1916 წელს გარდაიცვალა იმპერატორი ფრანც იოზეფიც, ამგვარ პირობებში კი ახალი იმპერატორი მარია იოზეფას ვაჟი, კარლ I გახდა. ომის დროს იგი ვენაში, ავგარტენის სასახლეში ცხოვრობდა.
1919 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაიშალა, მონარქია დაემხო და მისმა ვაჟმაც ცოლთან, იმპერატრიცა ზიტა დე ბურბონ-პარმელთან ერთად დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა ავსტრიაში. იგი მათ გაჰყვა და შვეიცარიაში დასახლდა. უკვე 1921 წლიდან მარია იოზეფა გერმანიაში გადადის საცხოვრებლად.
აღსანიშნავია, რომ იგი მოესწრო კარლის გარდაცვალებასაც და მეორე მსოფლიო ომის დაწყებასაც. მარია იოზეფა საქსონიელი გარდაიცვალა 1944 წლის 28 მაისს ერლანგენში, გერმანიაში, 76 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ვენაში, საიმპერატორო მავზოლეუმში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარია იოზეფას ქმართან მხოლოდ ორი ვაჟი ჰყავდა:
- კარლ I ფრანცი (1887-1922), ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორი, ცოლად შეირთო პრინცესა ზიტა დე ბურბონ-პარმელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- მაქსიმილიან ევგენი (1895-1952), ცოლად შეირთო პრინცესა ფრანცისკა ჰოენლოჰ-ვალდენბურგ-შილინგსფიურსტელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Robert Seydel: Die Seitensprünge der Habsburger. Ueberreuterverlag Wien, 2005
|