ავგუსტ დე ბოარნე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ავგუსტ დე ბოარნე
G. Dury - Portrait of Dom Augusto, Duke of Leuchtenberg - Google Art Project.jpg
ავგუსტი 1835 წელს
პორტუგალიის პრინც-კონსორტი
მმართ. დასაწყისი: 26 იანვარი, 1835
მმართ. დასასრული: 28 მარტი, 1838
წინამორბედი: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი (როგორც დედოფალ-კონსორტი)
მემკვიდრე: ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელი (როგორც მეფე-კონსორტი)
ლოიხტენბერგის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 21 თებერვალი, 1824
მმართ. დასასრული: 28 მარტი, 1835
წინამორბედი: ევგენი
მემკვიდრე: მაქსიმილიანი
სხვა წოდებები: სანტა-კრუზის ჰერცოგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 დეკემბერი, 1810
დაბ. ადგილი: მილანი, იტალია
გარდ. თარიღი: 28 მარტი, 1835, (24 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: მარია II, პორტუგალიის დედოფალი
სრული სახელი: ავგუსტ შარლ ევგენი ნაპოლეონ დე ბოარნე
დინასტია: ბოარნეები
მამა: ევგენი, ლოიხტენბერგის ჰერცოგი
დედა: ავგუსტა ბავარიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ავგუსტ დე ბოარნე (ფრანგ. Auguste de Beauharnais, პორტ. Augusto de Beauharnais; დ. 9 დეკემბერი, 1810 — გ. 28 მარტი, 1835) — ბოარნეების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის იმპერატრიცა ჟოზეფინ დე ბოარნეს შვილიშვილი. ლოიხტენბერგის ჰერცოგი 1824-1835 წლებში როგორც ევგენი ბოარნეს უფროსი ვაჟი. პორტუგალიის პრინც-კონსორტი 1835 წლის იანვრიდან მარტამდე როგორც დედოფალ მარია II-ის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტი დაიბადა 1810 წლის 9 დეკემბერს მილანში. იგი იყო იტალიის მეფის ნაცვალ ევგენი ბოარნესა და მისი ცოლის, ავგუსტა ბავარიელის უფროსი ვაჟი. მამამისი იყო საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის გერი, როგორც მისი პირველი ცოლის, იმპერატრიცა ჟოზეფინ ბოარნეს ვაჟი პირველი ქორწინებიდან. ავგუსტის დედა კი იყო ბავარიის მეფე მაქსიმილიან I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ავგუსტა ვილჰელმინა მარია ჰესენ-დარმშტადტელის ქალიშვილი. მას მრავალი და-ძმა ჰყავდა, რომელთაგანა აღსანიშნავია ბრაზილიის იმპერატრიცა ამალია და შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი ჟოზეფინა. 1815 წელს, ნაპოლეონის დამხობის შემდეგ მამამისს ჩამოერთვა იტალიის მეფის ნაცვლობა, რის შემდეგაც ევგენი ოჯახთან ერთად ბავარიაში გაიქცა. აქ მას სიმამრმა 1817 წელს ლოიხტენბერგის ჰერცოგობა უბოძა. 1824 წელს, ევგენის გარდაცვალების შემდეგ, ავგუსტს, როგორც უფროს ვაჟს დარჩა ლოიხტენბერგის ჰერცოგობა.

1834 წლის 5 ნოემბერს, მიუნხენში შედგა ავგუსტისა და პორტუგალიის დედოფალ მარია II-ის მარიონეტული ქორწინება. მარია იყო ავგუსტის დის, ამალიას გერი, რომელიც თავისი სილამაზითა და განათლებით იყო ცნობილი, ამასთან სამეფო ტახტზეც იჯდა, რაც მას ყველასთვის სასურველ პატარძლად აქცევდა. ამის შემდეგ, ავგუსტმა დატოვა ბავარია და პორტუგალიაში გადასახლდა, სადაც 1835 წლის 26 იანვარს, ლისაბონში შედგა მისი და მარიას ნამდვილი ქორწინება, რის შემდეგაც მას პორტუგალიის პრინც-კონსორტისა და სანტა-კრუზის ჰერცოგის წოდება მიენიჭა.

ქორწინებიდან სულ რაღაც ორ თვეში ავგუსტს სტენოკარდია განუვითარდა და 1835 წლის 28 მარტს, 24 წლის ასაკში გარდაიცვალა უშვილოდ. იგი ლისაბონში, ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს. მარიას, რომელსაც იგი ძალიან უყვარდა, ძალიან გაუჭირდა მასთან გამოთხოვება, მაგრამ გრძნობები დასძლია და მემკვიდრის გასაჩენად მეორედ გათხოვდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Neuer Nekrolog der Deutschen. Band 13, Teil 1, Weimar 1837, S. 343–347.