ჟანა დე ვალუა (1294-1342)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჟანა დე ვალუა
Jeanne de Valois.png
წოდებები
ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფინია
დაიბადა 1294
ენა, საფრანგეთი
გარდაიცვალა 7 მარტი, 1342
ნორი, საფრანგეთი
საგვარეულო ვალუები
მეუღლე(ები) ვილემ I, ენოს გრაფი
შვილ(ებ)ი ვილემ II, ენოს გრაფი
მარგარიტა II, ენოს გრაფინია
ფილიპა, ინგლისის დედოფალი
იოანა, იულიხის ჰერცოგინია
მამა შარლი, ვალუას გრაფი
დედა მარგარიტა ანჟუელი
რელიგია კათოლიციზმი

ჟანა დე ვალუა (ფრანგ. Jeanne de Valois, ნიდერლ. Johanna van Valois; დ. 1294, ენა, საფრანგეთი — გ. 7 მარტი, 1342, ნორი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი. საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ის და და ინგლისის მეფე ედუარდ III-ის სიდედრი, ამ კავშირის გამო იგი ასწლიანი ომის დროს მათ შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დაიბადა 1294 წელს ენას რეგიონის ქალაქ ლონგპონში, ჩრდილოეთ საფრანგეთში. იგი იყო ვალუას გრაფ შარლისა და მისი ცოლის, გრაფინია მარგარიტა ანჟუელის ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. მამის მხრიდან იგი საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ისა და დედოფალ ისაბელ არაგონელის, ხოლო დედის მხრიდან ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და დედოფალ მარია უნგრელის შვილიშვილი იყო. 1299 წელს ჟანას დედა მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომაც მამამისი კონსტანტინოპოლის ტიტულარულ იმპერატრიცა კატრინ I დე კურტენეზე დაქორწინდა, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი შეეძინა. მოგვიანებით მამამისი მესამედაც დაქორწინდა და ახალი ცოლისაგან კიდევ ოთხი შვილი გაუჩნდა, მათ შორის ბურბონის ჰერცოგინია იზაბელა და ბოჰემიისა და გერმანიის დედოფალი ბლანში.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1305 წლის 23 მაისს ჟანა დააქორწინეს ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფ ვილემ I-ზე. მოგვიანებით იგი თავის ბიძაშვილს, დედოფალ იზაბელას მხარეს გამოდიოდა, როდესაც მას თავის ქმართან, მეფე ედუარდ II-თან კონფლიქტი ჰქონდა. 1325 წლის დეკემბერში ჟანა საფრანგეთში ჩავიდა მამის დაკრძალვაზე დასასწრებად, რა დროსაც იგი დედოფალ იზაბელასა და მის ძმას, საფრანგეთის მეფე შარლ IV-ს შეხვდა. სწორედ ამ დროს ჟანამ მოახერხა და თავისი ქალიშვილი ფილიპა იზაბელას ვაჟზე, უელსის პრინც ედუარდზე დანიშნა.

1332 წელს მისი ქალიშვილი, პრინცესა ფილიპა ქმრის გამეფების შედეგად ინგლისის დედოფალი გახდა. მოგვიანებით ასევე ჟანამ შეუწყო ხელი ინგლისის პრინცესა ელეონორას დაქორწინებას გელდერნის ჰერცოგ რეჯინალდ II-ზე. ცნობილია, რომ იგი ერთხელ თავის ქალიშვილ ფილიპას ინგლისშიც ესტუმრა.

უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1337 წელს, თავისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ჟანამ დატოვა ნიდერლანდები და მშობლიურ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც ფონტენელის სააბატოში დაიდო ბინა. ამავდროულად ჟანას სიძესა და ძმას შორის ასწლიანი ომი დაიწყო, რამაც იგი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 1340 წელს ედუარდ III-მ ფრანგები სლაის ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ლაშქრობას ვეღარ აგრძელებდა. ამის გამო რომის პაპმა ბენედიქტე XII-მ მას სთხოვა, რომ ორ გადამტერებულ მონარქს შორის შუამავლობა ეთავა, როგორც ორივე მათგანის ახლობელს. იგი ჯერ თავის ძმას, მეფე ფილიპ VI-ს ეახლა და შეევედრა მშვიდობის დამყარებას, ამის შემდეგ ედუარდ III-თან ჩავიდა და მასაც ასევე შეევედრა. საბოლოოდ, მისმა ამ ტაქტიკამ და პაპის ავტორიტეტის ჩარევამ ფილიპი და ედუარდი დროებით ზავამდე მიიყვანა.

ამ ამბიდან მალევე, 1342 წლის 7 მარტს ჟანა ფონტენელის სააბატოში, ნორის მხარეში, მშობლიურ საფრანგეთში აღესრულა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანასა და ვილემს რვა შვილი ჰყავდათ:

  1. ვილემ II (1307-1345), ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფი მამის შემდეგ, ცოლად შეირთო ბრაბანტის ჰერცოგინია იოანა, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
  2. იოანე (????-1316), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. მარგარიტა II (1311-1356), ენოს, ჰოლანდიისა და ზელანდიის გრაფინია. ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორსა და გერმანიის მეფე ლუდვიგ IV-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  4. ფილიპა (1314-1369), ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ედუარდ III-ს, რომელთანაც შეეძინა ცამეტი შვილი;
  5. აგნესა (????-1327);
  6. იოანა (1315-1374), ცოლად გაჰყვა იულიხის ჰერცოგ ვილჰელმ V-ს, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
  7. იზაბელა (1323-1361), ცოლად გაჰყვა ნამიურის გრაფის ვაჟ რობერტს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  8. ლუი (1325-1328);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Katheryn Warner, Isabella of France, The Rebel Queen, (Amberley Publishing, 2017), 14.
  • Jonathan Sumption, The Hundred Years War:Trial by Battle, Vol. I, (Faber & Faber, 1990), 357-358.
  • "Finding Eleanor of Woodstock: Broederenchurch in Deventer & Castle Rosendael in Rozendaal - History of Royal Women". History of Royal Women. 2015-05-17. Retrieved 2018-06-18.
  • Mortimer, Ian (2008). The Perfect King The Life of Edward III, Father of the English Nation. Vintage. pp. 179–180.