ლუიზა დე გუსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუიზა დე გუსმანი
Luísa de Gusmão

პორტრეტი შესრულებულია ალონსო კანოს მიერ
პორტუგალიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 1 დეკემბერი 1640
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი 1656
წინამორბედი: ელიზაბეტ ფრანგი
მემკვიდრე: მარია ფრანჩესკა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ოქტომბერი 1613
დაბ. ადგილი: სანლუკარ-დე-ბარამედა, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 27 თებერვალი 1666 (52 წლის)
გარდ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
მეუღლე: ჟუან IV, პორტუგალიის მეფე
შვილები: 1. თეოდოშიუ, ბრაზილიის პრინცი
2. ჟუანა, ბეირას პრინცესა
3. კატარინა, ინგლისის დედოფალი
4. აფონსუ VI, პორტუგალიის მეფე
5. პედრუ II, პორტუგალიის მეფე
სრული სახელი: ლუიზა მარია ფრანსისკა დე გუსმან ი სანდოვალი
დინასტია: მედინა-სიდონია
მამა: ჟუან მანუელი, მედინა-სიდონიის ჰერცოგი
დედა: ხუანა დე სანდოვალი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუიზა დე გუსმანი (პორტ. Luísa de Gusmão, დაბ. ლუიზა მარია ფრანსისკა დე გუსმან ი სანდოვალი; დ. 13 ოქტომბერი 1613, სანლუკარ-დე-ბარამედა, ესპანეთი - გ. 27 თებერვალი 1666, ლისაბონი, პორტუგალია) — პორტუგალიის დედოფალი 1640-56 წლებში როგორც ჟუან IV-ის მეუღლე. პორტუგალიის ორი მეფისა (აფონსუ VI-ისა და პედრუ II-ის) და ინგლისის დედოფლის (კატარინა ბრაგანსას) დედა. პორტუგალიის რეგენტი. პორტუგალიის დე იურე მმართველი 1656-62 და დე ფაქტო მმართველი 1662-66 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დაიბადა 1613 წლის 13 ოქტომბერს, ესპანეთში, წარმოშობით პორტუგალიელი დიდგვაროვნის ჟუან მანუელ დე გუსმანის ოჯახში. ამ პერიოდისათვის მისი სამშობლო, პორტუგალია ესპანური ბატონობის ქვეშ იყო. დედის ხაზით ლუიზა იყო რომის პაპ ალექსანდრე VI ბორჯიას შთამომავალი. 1633 წელს ლუიზა მიათხოვეს ასევე დიდგვაროვან პორტუგალიელს, ბრაგანსის ჰერცოგ ჟუან დე ბრაგანსას.

ომი დამოუკიდებლობისათვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუიზა დე გუსმანის გერბი პორტუგალიის დედოფლობის პერიოდში

მიუხედავად ესპანური ფესვებისა, ამბიციური, თვითნებური და დაუნდობელი ლუიზა 1640 წელს თავის ქმარს ეხმარებოდა ანტიესპანური ბრძოლის დროს. ის მიიჩნევდა, რომ მისი მეუღლე პორტუგალიის ტახტის ღირსეული მემკვიდრე იყო და ამის მისაღებად ბრძოლა იყო საჭირო. ამასთან დაკავშირებით ლუიზამ თავისი ცნობილი ფრაზა განაცხადა:

ვიკიციტატა
„მინდა ვიყო დედოფალი თუნდაც ერთი დღით, ვიდრე ჰერცოგინია მთელი ცხოვრება !“

1640 წლის 1 დეკემბერს მან მიზანს მიაღწია. პორტუგალია ესპანეთს გამოეყო, მეფედ კი სწორედ მისი მეუღლე ჟუან IV აირჩიეს. მისი ოცნება ახდა და ლუიზა პორტუგალიის დედოფალი გახდა არაერთი დღით.

რეგენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1656 წელს მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ მეფე მისი ვაჟი, აფონსუ VI გახდა, მისი მცირეწლოვანებიდან გამომდინარე კი რეგენტი ლუიზა დე გუსმანი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი შვილი გონებრივად არასრულფასოვანი იყო, ლუიზა ცდილობდა მისთვის როგორმე ტახტი შეენარჩუნებინა. ჭკუიდან შერყეული მეფის წინააღმდეგ უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. 1662 წელს სამეფო ოჯახს სოუსას გრაფი აუჯანყდა, რის შემდეგაც ლუიზას რეგენტობა ჩამოერთვა, მაგრამ მაინც თავად მართავდა პორტუგალიას.

იგი მთელი ძალებით ცდილობდა პორტუგალის თავისუფლებისა და თავისი შვილის გვირგვინის შენარჩუნებას. ლუიზა იმედოვნებდა, რომ აფონსუ მალე დაიღუპებოდა და ტახტი მის ჯანმრთელ მეორე ვაჟს დარჩებოდა, რაც ასეც მოხდა, მაგრამ თავად ლუიზა ამას ვერ მოესწრო.

ლუიზა პროინგლისური პოლიტიკის მატარებელი იყო. იგი ყველაფერს აკეთებდა ინლისთან ალიანსის გასამყარებლად, რის გამოც თავისი შუათანა ქალიშვილი, პრინცესა კატარინა 1662 წელს მიათხოვა ინგლისის მეფე ჩარლზ II-ს. ამ ქორწინებამ ფაქტობრივად შეუნარჩუნა პორტუგალიას დამოუკიდებლობა და ასევე პორტუგალიელებმა დიდი შეღავათი მიიღეს უამრავ სფეროში.

ლუიზა დე გუსმანი გარდაიცვალა 1666 წლის 27 თებერვალს, ლისაბონში, 52 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეოდოსიო (დ. 8 თებერვალი 1634 - გ. 13 მაისი 1653), ბრაზილიის პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  2. ანა (დ. 21 თებერვალი 1635), გარდაიცვალა დაბადებისას;
  3. ხუანა (დ. 18 სექტემბერი 1635 - გ. 17 ნოემბერი 1653), ბეირას პრინცესა, გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  4. კატარინა (დ. 25 ნოემბერი 1638 - გ. 31 დეკემბერი 1705), ცოლად გაჰყვა ინლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე ჩარლზ II-ს, თუმცა იყო უნაყოფო და შვილები არ ჰყოლია;
  5. მანუელი (დ. 6 სექტემბერი 1640), გარდაცივალა დაბადებისას;
  6. აფონსუ VI (დ. 21 აგვისტო 1643 - გ. 12 სექტემბერი 1683), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო მარია ფრანჩესკა სავოიელი, რომელთანაც შვილი არ ჰყოლია, მისი გარდაცვალების შემდეგ მარია ფრანჩესკა ცოლად აფონსუს ძმას გაჰყვა;
  7. პედრუ II (დ. 26 აპრილი 1648 - გ. 9 დეკემბერი 1706), პორტუგალიის მეფე, ცოლად შეირთო თავისი ძმის ქვრივი მარია ფრანჩესკა სავოიელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ ცოლად შეირთო მარია სოფია ნოიბურგელი, რომელთანაც 7 შვილი შეეძინა, მათ შორის მომავალი მეფე ჟუან V. გარდა ამისა საყვარლებთან ჰყავდა კიდევ სამი შვილი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hipólito Raposo, Dona Luísa de Gusmão, 1947, pp. 81-85.
  • Hipólito Raposo, Dona Luísa de Gusmão, Lisboa, 1947, p. 157; Portugal Restaurado, tomo I, p. 92 e seguintes.
  • História de Portugal, volume V, Joaquim Veríssimo Serrão.
  • Ordenações Manuelinas, Livro 2º, título 26.
  • Ordenações Manuelinas, Livro 1º, título 10.
  • Carta Patente de 10 de fevereiro de 1642.