ანა კატერინა გონძაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა კატერინა გონძაგა
წოდებები
ავსტრიის ერცჰერცოგინია
დაიბადა 16 ნოემბერი, 1566
მანტუა, იტალია
გარდაიცვალა 3 აგვისტო, 1621, (54 წლის)
ინსბრუკი, ავსტრია
საგვარეულო გონძაგები
მეუღლე(ები) ფერდინანდ II, ავსტრიის ერცჰერცოგი
შვილ(ებ)ი მარია
ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა
მამა გულიელმო, მანტუას ჰერცოგი
დედა ელეონორა ავსტრიელი
რელიგია კათოლიციზმი

ანა კატერინა გონძაგა (იტალ. Anna Caterina Gonzaga; დ. 16 ნოემბერი, 1566, მანტუა, იტალია — გ. 3 აგვისტო, 1621, ინსბრუკი, ავსტრია) — იტალიელი არისტოკრატი და გონძაგას საგვარეულოს წარმომადგენელი. მანტუას ჰერცოგ გულიელმო გონძაგასა და ელეონორა ავსტრიელის უმცროსი ქალიშვილი. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1582-1595 წლებში როგორც ფერდინანდ II-ის მეორე ცოლი. საღვთო რომის იმპერატრიცა ანა ჰაბსბურგ-ტიროლელის დედა. დაქვრივების შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა, რის შემდეგაც მას ანა იულიანა გონძაგა (გერმ. Anna Juliana Gonzaga) ეწოდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა კატერინა დაიბადა 1566 წლის 16 ნოემბერს მანტუაში. იგი იყო მანტუას ჰერცოგ გულიელმო გონძაგასა და მისი მეუღლის, ერცჰერცოგინია ელეონორა ავსტრიელის უმცროსი ქალიშვილი. დედამისი საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ის მრავალი ქალიშვილიდან ერთ-ერთი იყო.

მამის გარდაცვალების შემდეგ მანტუას ტახტი ანა კატერინას უფროსმა ძმამ, ვინჩენცო გონძაგამ დაიკავა.

1580 წელს ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგისა და ტიროლის გრაფ ფერდინანდ II-ის პირველი მეუღლე, ფილიპინა ველსი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ერცჰერცოგმა მეორე ცოლის ძიება დაიწყო. მან თავისი არჩევანი თავიდანვე შეაჩერა ანა კატერინაზე, თუმცა მოლაპარაკებები ორ წელს გაიწელა. 1582 წლის 14 მაისს, ქალაქ ინსბრუკში შედგა ანა კატერინა გონძაგასა და ფერდინანდ II-ის ქორწინება. მათ ქორწინებაში მხოლოდ ოთხი გოგონა გაჩნდა, რომელთაგან ორი ჩვილობაში დაიღუპა. 1595 წელს ფერდინანდი გარდაიცვალა და რადგან ვაჟი არ დარჩა, მისი მემკვიდრეობა სადავო იყო.

ფერდინანდისა და ანა კატერინას უფროსი ქალიშვილი — მარია მონაზონი იყო და არ შეეძლო საერო მემკვიდრეობის მიღება, რის გამოც ყველაფერი მის უმცროს დას, ანას დარჩა, რომელიც ტახტისა და მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად იძულებული გახდა თავის ბიძაშვილზე, საღვთო რომის იმპერატორ მატიასზე დაქორწინებულიყო.

დაქვრივებულმა ანა კატერინამ თავი მარიასთან შეაფარა მონასტერში, სადაც როგორც ცნობილია გადამალული ჰქონდა უძვირფასესი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც მას იტალიიდან გაატანეს მზითვში. აქ იგი მალევე მოექცა კათოლიკური რწმენის დიდი გავლენის ქვეშ და ქალიშვილის მსგავსად მონაზვნად აღიკვეცა, რა დროსაც ანა იულიანა დაირქვა.

დარჩენილი წლები მან ამბრასის მონასტერში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1621 წლის 3 აგვისტოს, 54 წლის ასაკში. ამის შემდეგ მთელი მისი ქონება მისი უკვე განსვენებული ქალიშვილის, ანას ქმრის ოჯახს გადაეცა. თავად ანა იულიანა დაკრძალულია წმინდა მარიამის სახელობის ინსბრუკის დედათა მონასტერში, თავის ქალიშვილ მარიასთან ერთად.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მართა (1582), გარდაიცვალა ჩვილი;
  • ანა ელეონორა (1583-1584), გარდაიცვალა ჩვილი;
  • მარია (1584-1649), აღიკვეცა მონაზვნად;
  • ანა (1585-1618), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ მატიასს, თუმცა შვილი არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dourche, Joachim M. / Schenk, Jessie (translator) A Servant of Mary: Anne Juliana of Gonzaga, Archduchess of Austria, Third Order Servite (1566-1621). Sisters, Servants of Mary, Ladysmith, Wisconsin 1995. ISBN N/A.
  • "Bishop Bishop Johann Franz von Khuen zu Liechtenberg". Catholic Encyclopedia. Retrieved 16 January 2013.
  • "Anna Juliana". Heiligen.net (in Dutch). Retrieved 16 January 2013.