ჟანა II ნავარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჟანა II ნავარელი
ნავარის დედოფალი
კორონაცია: 5 მარტი, 1329, პამპლონა
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1328
მმართ. დასასრული: 6 ოქტომბერი, 1349
წინამორბედი: კარლ I
მემკვიდრე: კარლ II
თანამმართველი: ფილიპ III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 იანვარი, 1312
გარდ. თარიღი: 6 ოქტომბერი, 1349, (37 წლის)
მეუღლე: ფილიპ III, ნავარის მეფე
(ქ. 1318 - გარდ. 1343)
შვილები: მარია, არაგონის დედოფალი
ბლანკა, საფრანგეთის დედოფალი
კარლ II, ნავარის მეფე
ფილიპი, ლუნევილის გრაფი
ლუი, დურაცოს ჰერცოგი
დინასტია: კაპეტინგები
მამა: ლუი X, საფრანგეთის მეფე
დედა: მარგარიტა ბურგუნდიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ჟანა II ნავარელი (ფრანგ. Jeanne II de Navarre, ბასკ. Joana II.a Nafarroakoa; დ. 28 იანვარი, 1312 — გ. 6 ოქტომბერი, 1349) — კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი X-ისა და დედოფალ მარგარიტა ბურგუნდიელის ერთადერთი ასული. ნავარის დედოფალი 1328-49 წლებში თავის ქმარ ფილიპ III-თან ერთად. ნავარის მეფე კარლ II-ისა და საფრანგეთის დედოფალ ბლანკა ნავარელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დაიბადა 1312 წლის 28 იანვარს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი X-ისა და მისი პირველი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა ბურგუნდიელის ერთადერთი საერთო შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია საფრანგეთის მეფე ფილიპ IV და ნავარის დედოფალი ჟანა I იყვნენ. 1315 წელს დედამისი ტრაგიკულად დაიღუპა, რის გამოც ლუი ხელმეორედ დაქორწინდა კლიმენცია უნგრელზე. 1316 წელს ლუი X გარდაიცვალა, თუმცა დედოფალი კლიმენცია ფეხმძიმე იყო. მან რამდენიმე თვეში ვაჟი, მეფე ჟან I გააჩინა, რომელიც ხუთი დღის ასაკში დაიღუპა. საფრანგეთში მოქმედი სალიკური სამართლის გამო, ტახტზე ბიძამისი ფილიპ V ავიდა, რომელსაც ლუის მსგავსად მხოლოდ გოგონები ჰყავდა.

მართალია საფრანგეთში სალიკური სამართალი მოქმედებდა, რაც ქალის მემკვიდრეობას კრძალავდა, თუმცა ნავარასა და შამპანში ასეთი რამ არ იყო, რის გამოც უკანასკნელ შემთხვევაში ჟანას აქ გამეფება შეეძლო. ლუის გარდაცვალების შემდეგ ჟანა ბიძამისთან, ბურგუნდიის ჰერცოგ ოდო IV-თან გადასახლდა, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა დისწულის ინტერესებისა და მემკვიდრეობის დაცვას, თუმცა ამაოდ. 1317 წელს ოდო ჟანასთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა, სადაც 1318 წელს მეფე ფილიპმა განაცხადა, რომ ჟანა მისი პირველი მემკვიდრე იქნებოდა შამპანსა და ნავარაში, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ვაჟის გარეშე მოკვდებოდა. ამავე წელს, ჟანა დაქორწინდა თავისსავე ბიძაშვილზე, ევრეს გრაფ ფილიპზე.

1322 წელს ფილიპ V უვაჟოდ დაიღუპა, მაგრამ ტახტზე ჟანას ნაცვლად მისი მეორე ბიძა, მეფე შარლ IV ავიდა. ამას მოჰყვა დიდი ბრძოლა მემკვიდრეობის მისაღებად, რაც 1328 წელს, შარლის ასევე უძეოდ გარდაცვალებით დაგვირგვინდა. საფრანგეთის ტახტზე ჟანას ბიძაშვილი ფილიპ VI ავიდა ვალუას დინასტიიდან, რომელმაც ჟანას ნავარისა და შამპანის ტახტები დაუთმო, სანაცვლოდ კი მისგან ფრანგულ ტახტზე არსებული მემკვიდრეობის უარყოფა სთხოვა. ამრიგად ჟანა II ნავარის დედოფალი ხდება, თავის ქმარს, ფილიპ III-ს კი თანამმართველად ინიშნავს. 1329 წლის 5 მარტს, ნავარის დედაქალაქ პამპლონაში შედგა ჟანასა და ფილიპის მეფე-დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. გარდა ნავარისა, საფრანგეთის ტახტის კომპენსაციის სახით, ფილიპ VI-მ ჟანას დამატებით გადასცა ანგულემის, ლუნევილისა და მორტენის საგრაფოებიც. მოგვიანებით მათ ანგულემი პონტუაზში, ბემონ-სურ-უაზსა და აზნიერ-სურ-უაზში გაცვალეს. ამის სანაცვლოდ კი ფილიპმა მხოლოდ შამპანი მოითხოვა.

შამპანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები წლების მანძილზე გაიწელა და საბოლოოდ 1335 წლის 15 მარტს დასრულდა. ჟანა II-მ შამპანი ფილიპ VI-ს დაუთმო, თუმცა საკმაოდ დიდი ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ. 1343 წელს, გრანადაში ბრძოლის დროს ჟანას ქმარი ძლიერ დაავადდა და ნავარისკენ მიმავალ გზად გარდაიცვალა, რამაც სერიოზულად შეარყია ჟანას ჯანმრთელობა.

1349 წელს, ჟანამ თავისი ასული ბლანკა, საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს მიათხოვა. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, 6 ოქტომბერს დედოფალი ჟანა II აღესრულა, ტახტზე კი მისი ვაჟი კარლ II ავიდა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟანა (1326-1387), მონაზონი ლონგშამპში;
  2. მარია (1329-1347), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე პედრო IV-ს;
  3. ლუი (1330-1334), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ბლანკა (1331-1398), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს;
  5. კარლ II (1332-1387), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ჟანა დე ვალუა;
  6. ფილიპე (1333-1363), ლუნევილის გრაფი, ცოლად შეირთო იოლანდა დამპიერი;
  7. აგნესა (1334-1396), ცოლად გაჰყვა ფუას გრაფ გასტონ III-ს;
  8. ლუი (1341-1372), დურაცოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია დე ლისარასუ, მისი დაღუპვის შემდეგ კი დურაცოს ჰერცოგინია ხუანა;
  9. ჟანა (1342-1403), ცოლად გაჰყვა როანის ვიკონტ ჟან I-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Knecht, Robert (2007). The Valois: Kings of France, 1328-1589. Bloomsbury Academic. ISBN 1-85285-522-3.
  • Monter, William (2012). The Rise of Female Kings in Europe, 1300-1800. Yale University Press. ISBN 978-0-300-17327-7.
  • O'Callaghan, Joseph F. (1975). A History of Medieval Spain. Cornell University Press. ISBN 0-8014-9264-5.
  • Sumption, Jonathan (1999). The Hundred Years War: Trial by Battle. 1. University of Pennsylvania Press. ISBN 0851156460.
  • Tuchman, Barbara W. (1978). A Distant Mirror: The Calamitious 14th Century. The Random House Publishing Group. ISBN 0-345-34957-1.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-33914-0.