ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი
Françoise Madeleine d'Orléans
სავოიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 4 მარტი, 1663
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1664
წინამორბედი: კრისტინა მარია ფრანგი
მემკვიდრე: მარია ჯოვანა ბატისტა სავოიელ-ნემურელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 ოქტომბერი, 1648
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 14 იანვარი, 1664, (15 წლის)
გარდ. ადგილი: ტურინი, სავოია
მეუღლე: კარლო ემანუელე II, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: ბურბონები
მამა: გასტონი, ორლეანის ჰერცოგი
დედა: მარგარიტა ლოთარინგიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი (ფრანგ. Françoise Madeleine d'Orléans; დ. 13 ოქტომბერი, 1648 – გ. 14 იანვარი, 1664) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის ქალიშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ბიძაშვილი. იგი იყო სავოიის ისტორიაში ყველაზე ცოტა ხნიანი კონსორტი, ვინაიდან ერთი წელიც კი არ ყოფილა ტახტზე. იგი გარდაიცვალა უშვილოდ, თხუთმეტი წლის.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზ მადლენ ორლეანელი დაიბადა 1648 წელის 13 სექტემბერს პარიზში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ გასტონ დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარგარიტა ლოთარინგიელის მესამე ქალიშვილი. დაბადებიდანვე აკურთხეს ვალუას ჰერცოგინიად, რის გამოც მას მადმუაზელ დე ვალუას უწოდებდნენ. იგი თავისი უფროსი ნახევარ-დის, მადმუაზელ დე მონტესპიერის საყვარელი და იყო. მას ასევე შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ღვიძლ დებთან. სამივე და ლუი XIV-ის მომავალ საყვარელ ლუიზა დე ლა ვალიერთან ერთად იზრდებოდნენ. ისინი ბლუას სასახლეში მდიდრულად ცხოვრობდნენ. ფრანსუაზ მადლენის მამა 1660 წელს გარდაიცვალა, დედამისი კი ამის შემდეგ აღარ გათხოვილა.

ფრანგული სამეფო ეტიკეტის მიხედვით, ვინაიდან იგი საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის შვილიშვილი იყო, იგი საფრანგეთის შვილიშვილის წოდებას ატარებდა.

იგი 14 წლის ასაკში ცოლად შერთეს თავისსავე მამიდაშვილს, სავოიის ჰერცოგ კარლო ემანუელე II-ს, რომელიც გასტონის უფროსი დის, სავოიის ჰერცოგინია კრისტინა მარია ფრანგის ფავორიტი ვაჟი იყო. 1637 წლიდან მოყოლებული სავოიას კრისტინა მარია მართავდა და ამის შესანარჩუნებლად გადაწყვიტა დინასტიური ქორწინებით გაემყარებინა საფრანგეთთან კავშირი და ვინაიდან ლუი XIII-ს ქალიშვილები არ ჰყავდა და ლუი XIV-მაც უარი თქვა კრისტინას ქალიშვილის ცოლად შერთვაზე მან გასტონის ქალიშვილი ფრანსუაზ მადლენი და თავისი ვაჟი დააქორწინა.

ქორწინება 1663 წლის 4 მარტს შედგა, რის შემდეგაც წყვილი ერთმანეთს პირველად ამავე წლის 3 აპრილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ თაფლობის თვეში იტალიაში იმოგზაურეს და ყოველივე ამის შემდეგ, 1663 წლის 15 ივნისს ჩავიდნენ სავოიის დედაქალაქ ტურინში.

სავოიის ახალი ჰერცოგინია მალევე, 1664 წლის 14 იანვარს ტურინის სამეფო სასახლეში, 15 წლის ასაკში გარდაიცვალა და მასთან ერთად გაწყდა სავოიის კავშირი საფრანგეთთან. ვინაიდან ქორწინება უნაყოფო იყო მისი მეუღლე იძულებული გახდა მეორედ ექორწინა. ლუი XIV-მ მას დაქორწინება გასტონის უფროს ქალიშვილზე, მადმუაზელ დე მონტესპიერზე შესთავაზა, თუმცა ქალმა თავად თქვა უარი რის შემდეგაც კარლო ემანუელე თავისსავე ბიძაშვილ მარია ჯოანა სავოიელზე დაქორწინდა, რომელთანაც შეეძინა ვაჟი.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Fraser, Antonia (2006). Love and Louis XIV; The Women in the Life of the Sun King. London: Anchor Books.
  • Oresko, Robert (2004). "Maria Giovanna Battista of Savoy-Nemours (1644–1724): daughter, consort, and Regent of Savoy". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660–1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 16–55. ISBN 0-521-81422-7.
  • Sackville-West, Vita (1959). Daughter of France: The life of Anne Marie Louise d'Orléans, duchesse de Montpensier 1627-1693. London: Michael Joseph.
  • Williams, H. Noel (1909). A Rose of Savoy, Marie Adelaide of Savoy, duchesse de Bourgogne, Mother of Louis XV. New York: Charles Scribner's Sons.