მარია კრისტინა სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია კრისტინა სავოიელი
MariaCristinadiSavoia.JPG
ორი სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 21 ნოემბერი, 1832
მმართ. დასასრული: 31 იანვარი, 1836
წინამორბედი: მარია ისაბელ ესპანელი
მემკვიდრე: მარია ტერეზია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ნოემბერი, 1812
დაბ. ადგილი: კალიარი, სარდინიის სამეფო
გარდ. თარიღი: 31 იანვარი, 1836, (23 წლის)
გარდ. ადგილი: ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო
მეუღლე: ფერდინანდ II, ორი სიცილიის მეფე
შვილები: ფრანჩესკო II, ორი სიცილიის მეფე
სრული სახელი: მარია კრისტინა კარლოტა ჯუზეპინა გაეტანა ეფისია
დინასტია: სავოიელები
მამა: ვიტორიო ემანუელე I, სარდინიის მეფე
დედა: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

მარია კრისტინა სავოიელი (იტალ. Maria Cristina di Savoia; დ. 14 ნოემბერი, 1812, კალიარი, სარდინიის სამეფო — გ. 31 იანვარი, 1836, ნეაპოლი, ორი სიცილიის სამეფო) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და დედოფალ მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტეს ქალიშვილი. ორი სიცილიის დედოფალი 1832-1836 წლებში როგორც მეფე ფერდინანდ II-ის პირველი მეუღლე. ორი სიცილიის უკანასკნელი მეფის, ფრანჩესკო II-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია კრისტინა დაიბადა 1812 წლის 14 ნოემბერს კალიარში. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ემანუელე I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტეს ნაბოლარა ქალიშვილი. მას სულ სამი და ჰყავდა: მოდენის ჰერცოგინია მარია ბეატრიჩე, პარმის ჰერცოგინია მარია ტერეზა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ანა სავოიელი.

მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III და დედოფალი მარია ანტონია ფერდინანდა ესპანელი, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ასული იყვნენ, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილთაშვილი იყო. რაც შეეხება დედის მხარეს, იგი შვილიშვილად ერგებოდა საღვთო იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას ვაჟს, ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ავსტრიელსა და მოდენას ჰერცოგ მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დედამისის მამა იყო საფრანგეთის დედოფალ მარი ანტუანეტისა და ნეაპოლ-სიცილიის დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის, მარია კრისტინას ქმრის, მეფე ფერდინანდ II-ის ბებიის ღვიძლი ძმა. ამის გამო, მარია კრისტინა და ფერდინანდი ერთმანეთს მეორე თაობის ბიძაშვილებად ერგებოდნენ.

მისი დების სარფიანად დაქორწინების შემდეგ დადგა მარია კრისტინას ჯერიც. იგი 1832 წლის 21 ნოემბერს მარია კრისტინა სავოიელი დააქორწინეს ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ზე, მეფე ფრანჩესკო I-ისა და მისი მეორე ცოლის, ესპანეთის მეფე კარლ IV-ის ასულ მარია ისაბელ ესპანელის უფროს ვაჟზე, რითაც იგი ორი სიცილიის რიგით მეორე დედოფალი გახდა ისტორიაში.

დედოფლის ამპლუაში მარია კრისტინა აღწერილია როგორც ლამაზი და ძალიან მორცხვი. თავისი მორიდებული ხასიათის გამო იგი სიცილიის სამეფო კარზე თავს კომფორტულად ვერასოდეს გრძნობდა, რადგან საკუთარი სოციალური მდგომარეობის გამო გამუდმებით ყველას ყურადღების ცენტრში იყო. მისი და ფერდინანდის ურთიერთობა არ ყოფილა ბედნიერი, თუმცა მეფე ყოველთვის ცდილობდა მოეთმინა დედოფლის იშვიათი, თუმცა უხეში ნერვოტული გამოხტომები, რომლებიც ორსულობასთან ერთად გახშირდა.

დედოფალმა მარია კრისტინამ 1836 წლის 16 იანვარს გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი, პრინცი ფრანჩესკო. მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო, მარია კრისტინა ბავშვის გაჩენიდან ორ კვირაში, 1836 წლის 31 იანვარს, ნეაპოლში გარდაიცვალა, 23 წლის ასაკში.

მისი გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა მარია ტერეზია ავსტრიელზე, რომელთანაც კიდევ თორმეტი შვილი შეეძინა, თუმცა მათგან მეფე არცერთი გამხდარა. 1859 წელს, რისორჯიმენტოს პერიოდში ფერდინანდი გარდაიცვალა და ტახტი მარია კრისტინას ვაჟმა, ფრანჩესკო II-მ დაიკავა, თუმცა იგი 1861 წელს ჩამოაგდეს, რითაც სიცილია იტალიის შემადგენლობაში შევიდა.

1872 წლის 10 ივლისს მარია კრისტინა კათოლიკურმა ეკლესიამ „ღვთის მსახურად“ სცნო, 1937 წლის 6 მაისს კი „ღვთის წმინდა მსახურად“. 2013 წლის 3 მაისს, რომის პაპმა ფრანცისკემ გამოაცხადა, რომ მარია კრისტინას წმინდანად შერაცხვა სურდა, თუმცა მისი უშუალო ბეატიფიკაცია მხოლოდ 2014 წლის 25 იანვარს შედგა სანტა ჩიარას ბაზილიკაში, ნეაპოლში, რის შემდეგაც იგი კათოლიკური ეკლესიის წმინდანი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arrigo Petacco: La regina del sud. Mondadori, Mailand 1992, ISBN 88-04-43391-4.
  • Antonio Bresciani, La venerabile Maria Cristina di Savoia regina delle Due Sicilie, Roma, Civiltà Cattolica, 1859
  • Alberto Amante, Maria Cristina di Savoia. Regina delle Due Sicilie (1812-1836), Torino, Paravia, 1933
  • Luciano Regolo, La reginella santa - Tutto il racconto della vita di Maria Cristina di Savoia sovrana delle Due Sicilie. Milano, Simonelli Editore, 2000. ISBN 88-86792-22-0
  • Gianni Califano, Maria Cristina di Savoia. Regina delle Due Sicilie, Gorle, Velar, 2012.
  • Cristina Siccardi, 'Sono Maria Cristina'. La Beata Regina delle Due Sicilie, nata Savoia, Cinisello Balsamo (MI), San Paolo, 2015. ISBN 88-215-9652-4
  • Nadia Verdile, Regine. Spose bambine, eroine e sante dall'Europa alla corte di Napoli, Lucca, Maria Pacini Fazzi Editore, 2018